ჯეიმს ვებმა 19 სპირალურ გალაქტიკას გასაოცარი ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
თუ კოსმოსი გხიბლავთ, სპირალური გალაქტიკების ეს ფოტოები უბრალოდ დაგატყვევებთ.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 19 სპირალურ გალაქტიკას საოცრად დეტალური სურათები გადაუღო. ვარსკვლავთა სიმრავლით გამორჩეული გალაქტიკური მკლავები ინფრაწითელ სინათლეში ანათებს; ამავე სპექტრში კაშკაშებს გალაქტიკების ბირთვებიც, სადაც სუპერმასიური შავი ხვრელებია მოთავსებული.
ჯეიმს ვებმა ფოტოები ახლომდებარე გალაქტიკათა კვლევის პროგრამა PHANGS-ის ფარგლებში გადაიღო. ამ ხანგრძლივი პროგრამის მიზანი იმის დადგენაა, როგორ ურთიერთქმედებს გაზი და ვარსკვლავთა წარმოქმნა გალაქტიკის სტრუქტურასთან და ევოლუციასთან.
ვების ოთხი ძირითადი სამეცნიერო მიზნიდან ერთი არის გალაქტიკების წარმოქმნისა და ევოლუციის შესწავლა; პროგრამა PHANGS-ი სწორედ ამას ემსახურება. ჯეიმს ვების გარდა, საქმეში ჩართულები ასევე არიან ტელესკოპები — VLT, ALMA და ჰაბლი.
„ვების ახალო ფოტოები გასაოცარია. უბრალოდ წარმოუდგენელია იმ მკვლევართათვისაც კი, რომლებიც ამავე გალაქტიკებს უკვე ათწლეულებია სწავლობენ“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროექტის მეცნიერი ჯენის ლი.
ჯეიმს ვები ხედავს როგორც ახლო ინფრაწითელ (NIR), ისე შუა ინფრაწითელ (MIR) სინათლეში. შედეგად, ის სხვადასხვა, გაცილებით მეტ დეტალს გვთავაზობს, ვიდრე თუნდაც ასევე უმძლავრესი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც მუშაობს ხილულ, ულტრაიისფერ და ცოტა ინფრაწითელ სინათლეში.
ჯეიმს ვების მაღალი რეზოლუციის ფოტოებში, წითელი ფერი გაზისა და მტვრის მიერ გამოყოფილი ინფრაწითელი სინათლეა. ზოგიერთ სურათზე გალაქტიკის ცენტრში მოჩანს კაშკაშა დიფრაქციული გამონაშვერები, რაც უზარმაზარი ოდენობის სინათლით არის გამოწვეული.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი აქტიურია ან შეიძლება ამის მიზეზი ვარსკვლავთა უკიდურესად დიდი შეჯგუფება იყოს.
„ეს გახლავთ აშკარა ნიშანი იმისა, რომ იქ შეიძლება აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს. ანდაც, ცენტრისკენ ვარსკვლავთა გროვები იმდენად კაშკაშაა, რომ სურათის ამ ზონის გადანათებას ახდენენ“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერი ევა შინერერი.
როგორც წესი, გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს უფრო ბებერი ვარსკვლავებია, ვიდრე გალაქტიკის მკლავებში. ჩვეულებრივ, რაც უფრო შორსაა ვარსკვლავი გალაქტიკის ცენტრიდან, მით უფრო ახალგაზრდაა. ახალგაზრდა ვარსკვლავები ცისფრად მოჩანან და გაზსა და მტვერს აფრქვევენ.
ახალგაზრდა ვარსკვლავებზე მიუთითებს ნარინჯისფერიც. ისინი ჯერ კიდევ გაზისა და მტვრის საბურველში არიან გახვეულები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არიან და აქტიურად იერთებენ მატერიას.
„სწორედ აქ შეგვიძლია ვიპოვოთ გალაქტიკებში უახლესი, ყველაზე მასიური ვარსკვლავები“, — ამბობს კანადის ალბერტას უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ერიკ როსოლოვსკი.
ახალ ფოტოებთან ერთად ასევე გამოქვეყნდა ჰაბლის მიერ ამავე გალაქტიკებისთვის გადაღებული სურათები.
ვინაიდან ადამიანის თვალი ინფრაწითელ სინათლეს ვერ ხედავს, სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძეს მინიჭებული აქვს სხვადასხვა ხილული ფერი, რათა სურათები აზრიანი გახდეს. ქვემოთ მოცემულ გალაქტიკა NGC 628-ის ფოტოზე, გალაქტიკის ცენტრი ბებერი ვარსკვლავებით არის სავსე, რომლებიც გამოყოფენ ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ტალღის სიგრძეებს, რისი დაფიქსირებას ვებს შეუძლია. იმისათვის, რათა ისინი ხილული იყოს, ცისფერი ფერი მანიჭეს.
ჰაბლის სურათზე (მარცხნივ), იგივე რეგიონი უფრო ყვითელი და ცარიელია. რეგიონი გამოყოფს სინათლის ყველაზე გრძელ ტალღის სიგრძეებს, რისი დაფიქსირებად კი ჰაბლს შეუძლია. ამიტომ, ვების სურათებზე მას სხვა ფერი მიანიჭეს.
ეს გალაქტიკები ირმის ნახტომის მსგავსად სპირალურია. სპირალური მკლავები უფრო ტალღებს ჰგავს, რომლებიც სივრცეში გადაადგილდებიან, ვიდრე კოლექტიურად მოძრავ ინდივიდუალურ ვარსკვლავებს.
„გალაქტიკათა გარკვეულ ნაწილში, ეს სტრუქტურები ერთნაირ მახასიათებლებს მიუყვებიან. მათ ერთგვარ ტალღებად აღვიქვამთ და მათი ერთმანეთისგან დაშორება ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებს გალაქტიკა საკუთარ გაზსა და მტვერს“, — ამბობს როსოლოვსკი.
ჯერ ორი წელიც არ გასულა, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამოქმედდა და ასტრონომებს მან უკვე უზარმაზარი ოდენობის მონაცემი მისცა, რომელთა კვლევასაც მრავალი წელი დასჭირდება. ეს მშვენიერი სურათები მხოლოდ მცირე ნაწილია ბოლო მონაცემებისა, რომელშიც დაახლოებით 100 000 ვარსკვლავთგროვის კატალოგი შედის.
მომზადებულია science.nasa.gov-ის მიხედვით.