2023 წლის რეკორდული აღმოჩენები კოსმოსში — #1tvმეცნიერება
2023 წლის რეკორდული აღმოჩენები კოსმოსში — #1tvმეცნიერება

გასულ 12 თვეში მრავალი ახალი ასტრონომიული რეკორდი მოიხსნა, აფეთქებული ვარსკვლავებიდან დაწყებული, უშორესი შავი ხვრელებით დამთავრებული. შევეცადეთ, რამდენიმე მათგანი ამოგვერჩია და თქვენთვის წარმოგვედგინა.

ყველაზე მძლავრი სინათლე მზისგან

მზე

2023 წლის ასტრონომიულ რეკორდებს შორის იყო დაფიქსირებულთა შორის უმაღლესი ენერგიის მქონე გამა-გამოსხივება მზისგან. მისი სიმძლავრე გაცილებით აღემატებოდა აქამდე დაფიქსირებულებს.

„მზე იმაზე საოცარია, ვიდრე გვეგონა“, — ასე აღწერს ამ ამბავს კვლევის ავტორი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი მეჰრ უნ ნისა.

იქამდე, NASA-ს ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსურ ტელესკოპს დაფიქსირებული ჰქონდა მზისგან წამოსული გამა-სხივები, რომელთა ენერგიაც 200 გიგაელექტრონვოლტს (GeV) აღწევდა. ეს გამა-სხივები მაშინ წარმოიქმნება, როცა ღრმა კოსმოსიდან მოსული, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური სხივები მზის ატმოსფეროს ეჯახება. თუმცა, მექსიკაში მდებარე ჩერენკოვის ობსერვატორიიდან ჩატარებულმა დაკვირვებებმა ეს რეკორდი ოფიციალურად მოხსნა.

ამ ობსერვატორიას გამა-სხივების არაპირდაპირ დაფიქსირება შეუძლია. როდესაც გამა-გამოსხივების ფოტონები დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, ატმოსფერულ მოლეკულებს ეჯახება, შლის და სუბატომურ ნაწილაკთა „წვიმას“ წარმოქმნის. რა თქმა უნდა, ეს წვიმა შემდეგ ჩერენკოვის ობსერვატორიასთანაც ხვდება, რომელიც საკმაოდ უცნაური ტელესკოპია — შედგება წყლის 300 ავზისგან, რომელთაგან თითოეულში 200 ტონა წყალი ასხია. გამა-სხივებისა და მოლეკულების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი სუბატომური ნაწილაკები იმდენად სწრაფად მოძრაობენ, რომ როდესაც წყალში შედიან, იმაზე სწრაფად გადაადგილდებიან, ვიდრე სინათლის სიჩქარე წყალში (რაც ოდნავ დაბალია, ვიდრე ვაკუუმში ან აირში). სუბატომური ნაწილაკები სინათლის გაელვებას იწვევს, ბგერის ვიზუალურ ეკვივალენტს, რომელსაც ჩერენკოვის რადიაციას უწოდებენ.

ობსერვატორიის მონაცემებმა გამოავლინა მზის გამა-გამოსხივებიდან მოსული სუბატომური ნაწილაკები, რომელთა ენერგიაც დაახლოებით ტრილიონ ელექტრონვოლტს (1 ტერაელექტრონვოლტი, ანუ TeV) შეადგენდა; რამდენიმე მათგანის ენერგია თითქმის 10 ტერაელექტრონვოლტამდე იყო.

„ექვსი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზით გამოვავლინეთ ეს ჭარბი გამა-სხივები. როდესაც პირველად დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ რაღაც გვეშლებოდა, რადგან მიგვაჩნდა, რომ მზე არ შეიძლება ასე კაშკაშა ყოფილიყო ამ ენერგიებში“, — ამბობს ნისა.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი უცნობია, ამ გამა-გამოსხივების წარმოქმნის მიზეზადაც კოსმოსური სხივები მიიჩნევა, რომლებიც მზის ხილული ზედაპირიდან 1000 კილომეტრის სიღრმეში აღწევენ, სადაც დამალულ მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედებენ. ამიტომ, ამ გამა-სხივების დაფიქსირებამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას იმის შესახებ, რა ხდება მზის ზედაპირქვეშ.

იალქნის თანავარსკვლავედის პულსარის გამა-გამოსხივების რეკორდი

პულსარი

2023 წელს კიდევ უფრო რეკორდული გამა-გამოსხივება დაფიქსირდა. იალქნის თანავარსკვლავედის სუპერნოვას ნარჩენის შუაგულში მდებარე პულსარიდან წამოსული გამა-გამოსხივების ენერგია 20 ტერაელექტრონვოლტი აღმოჩნდა.

პულსარი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც წარმოადგენს მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების შემდეგ დარჩენილ ბირთვს. როგორც წესი, პულსარები რადიოტალღებში ფიქსირდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გამა-სხივებსაც გამოყოფს. მიჩნეულია, რომ მას პულსართა გარშემო ძლიერ მაგნიტურ ველში მობზრიალე ელექტრონები წარმოქმნის.

უმეტეს შემთხვევაში, პულსართა გამა-გამოსხივების ენერგია რამდენიმე ასეულ გიგაელექტრონვოლტამდეა, მაგრამ რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც. ამის მაგალითია კიბორჩხალას ნისლეულის პულსარი, რომლის გამოყოფილი გამა-სხივებიც ერთ ტერაელექტრონვოლტს აღწევს.

სამყაროს უდიდესი აფეთქება

სამყაროს უდიდესი აფეთქება

ჩვენგან დაახლოებით რვა მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში დააფიქსირეს ყველაზე ძლიერი, ხანგრძლივი აფეთქება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა სამყაროში — ჩვენთვის ცნობილ რომელიმე სუპერნოვაზე ათჯერ ძლიერი და თანაც, დღემდე რომ იფრქვევა.

აფეთქების მოვლენას AT2021lwx უწოდეს და ერთდროული მუშაობის შედეგად აღმოაჩინა რამდენიმე ობსერვატორიამ. მათ შორის იყო კალიფორნიაში მდებარე Zwicky Transient Facility და ჰავაიზე მდებარე ATLAS-ი.

„თუ იცი ობიექტამდე მანძილი და რამდენად კაშკაშა ჩანს ის ჩვენთვის, შეგიძლია გამოთვალო ობიექტის სიკაშკაშე მის წყაროსთან. ასეთი გათვლების ჩატარების შემდეგ დავადგინეთ, რომ ის უკიდურესად კაშკაშაა“, — ამბობს ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარი სებასტიან ჰონიგი.

სიკაშკაშის პიკში AT2021lwx-ის სიკაშკაშე ორ ტრილიონჯერ აღემატებოდა ჩვენი მზისას. ასტრონომები ეჭვობენ, რომ ეს ობიექტი აფეთქებული ვარსკვლავი არ არის, რადგან როგორც წესი, ასეთი აფეთქებები რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ქრება. მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შავი ხვრელის მიერ გაზის უზარმაზარი ღრუბლის შთანთქმასთან. ეს ღრუბელი ჩვენს მზეზე ათასობით უფრო მასიური უნდა იყოს. ამას ასტრონომები გრავიტაციული დაფლეთის მოვლენას უწოდებენ; ამ მასშტაბის არც ერთი ასეთი მოვლენა აქამდე დაფიქსირებული არ იყო. გაზის ღრუბელი შავი ხვრელის გრავიტაციულმა მოქცევითმა ძალებმა გაანადგურა, რა დროსაც უზარმაზარი ოდენობის ენერგია გამოიყო.

ყველაზე შორეული სწრაფი რადიოსიგნალი

სწრაფი რადიოსიგნალი

2023 წელს გვამცნეს ისტორიაში ყველაზე შორეული სწრაფი რადიოსიგნალის (FRB) შესახებ.

ოქტომბერში ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის 19 ივნისს, დედამიწამდე მოვიდა სწრაფი რადიოსიგნალი, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად რვა მილიარდი წელიწადი იარა.

სწრაფი რადიოსიგნალები იდუმალებით არის მოცული. წარმოადგენს რადიოტალღების სწრაფ ანთებას, რომელიც მილიწამების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ასეთი უმცირესი დროის მიუხედავად, იმხელა ენერგიას გამოყოფენ, რომლის გამომუშავებასაც ჩვენი მზე 30 წელიწადს მოანდომებდა. არავინ იცის, რა წარმოქმნის მათ; უმეტესად, სამყაროში შემთხვევით ადგილებზე აფიქსირებენ. ზოგჯერ ისინი მეორდება. მთავარ ეჭვმიტანილად მაგნეტარები ითვლება — უკიდურესად მაგნიტური ნეიტრონული ვარსკვლავები.

რეკორდული სიგნალი ავსტრალიურმა ობსერვატორია ASKAP-მა დააფიქსირა, რომელიც 36 რადიოტელესკოპს მოიცავს. მან ანთების ადგილი განსაზღვრა, რომელსაც მეცნიერებმა FRB 20220610A უწოდეს. ამის შემდეგ, ჩილეში მდებარე ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT) მის წყაროს ჩვენგან რვა მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, ერთმანეთთან შეჯახების პროცესში მყოფ სამ გალაქტიკაში მიაგნო.

ვინაიდან FRB 20220610A-მ ჩვენამდე მოსაღწევად კოსმოსში ამდენი იარა, გზად, გალაქტიკათშორის სივრცეში მოხეტიალე ბევრ ელექტრონს შეხვდა. ელექტრონებმა რადიოტალღებს გარკვეული ენერგია „მოჰპარეს“, რის გამოც, რადიოსიგნალი ოდნავ გაფანტული გახდა. რაც უფრო მეტად არის სწრაფი რადიოსიგნალი გაფანტული, მით მეტ ელექტრონს აქვს მასში გავლილი. შესაბამისად, გაფანტულობის (დისპერსია) გაზომვას ბევრი რამის თქმა შეუძლია ატომური მატერიის იმ საცავთა შესახებ, რომლებსაც სხვაგვარად ვერ აღმოვაჩენდით.

ვერტმფრენ Ingenuity-ს ფრენის რეკორდული დრო მარსზე

ვერტმფრენი მარსზე

ამ დრომდე, მარსზე მხოლოდ ერთი ვერტმფრენია გაგზავნილი — NASA-ს Ingenuity. ამ ექსპერიმენტულმა მისიამ უკვე არაერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდები.

16 სექტემბერს, Ingenuity-მ 59-ე ფრენა შეასრულა, რომელიც მაშინ ყველაზე ხანგრძლივი იყო ამ მისიაში — მინივერტმფრენი ერთი წერტილის თავზე 142,59 წამის განმავლობაში დაფრინავდა. 19 ოქტომბერს, მან 579 მეტრი გაიფრინა, რაც ამ მისიის მესამე ყველაზე დიდი მანძილი იყო. ყველაზე გრძელ მანძილზე ფრენის რეკორდი მან 2022 წლის 19 აპრილს დაამყარა, 704 მეტრი.

Ingenuity მარსზე 2021 წლის თებერვალში, მავალ „პერსევერანსთან“ ერთად დაჯდა. ამ დროისათვის, მას უკვე 67 ფრენა აქვს შესრულებული. მარსის ჰაერში ფრენის ხანგრძლივობა ჯამში 121,1 წუთია, დაფარული მანძილი 15,3 კილომეტრი, მაქსიმალური სიმაღლე კი 24 მეტრი.

NASA-მ აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი ზაფხული დაადასტურა

ყველაზე ცხელი ზაფხული

ყველა რეკორდი სულაც არაა სასიამოვნო.

NASA-ს გოდარდის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტმა (GISS) დაადასტურა, რომ 2023 წლის ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცხელი იყო 1880 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყეს. ამის მიზეზი კი არის ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობა ელ-ნინიოს ფენომენის ეფექტებთან ერთად.

GISS-ის მეცნიერებმა გლობალური ტემპერატურა 1950-1980 წლებს შორის ზაფხულის საშუალო ტემპერატურებს შეადარეს. ასე დადგინდა, რომ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ჯამური ტემპერატურები საშუალოდ 0,23 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო, ვიდრე 1950-1980 წლების საშუალო ტემპერატურა. მხოლოდ აგვისტო, 1,2 გრადუსით ცხელი იყო. შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ მსოფლიოს მთელი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ არ დავუშვათ, კლიმატის ცვლილების პირობებში გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1,5 გრადუსით მოიმატოს ინდუსტრიალიზაციამდელი პერიოდის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

„2023 წლის ზაფხულის რეკორდული ტემპერატურა მხოლოდ რიცხვები არ არის — ეს რეალური მსოფლიოს შედეგებია“, — აღნიშნა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა.

ამ შედეგებს შორის არის ტყის ხანძრები კანადაში, საბერძნეთში, ჰავაიში და ა. შ. მომაკვდინებელი სითბური ტალღები ევროპაში, იაპონიაში, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ში.

ანტარქტიდის ზღვის ყინული რეკორდულად დაბალ ნიშნულს აღწევს

2023 წელს კიდევ უფრო ცუდი კლიმატური ამბებიც გავიგეთ. NASA-ს და კოლორადოს უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევით დადგინდა, რომ ანტარქტიკის წყლებში ზღვის ყინულის რაოდენობამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამას გარდა, უკეთესი სიტუაცია არც არქტიკაშია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულის რაოდენობამ იქ აღრიცხულთა შორის მეექვსე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ზღვის ყინულის მოცულობა განისაზღვრება ოკეანის იმ ზონებით, სადაც ყინულის საფარის ფრაქცია სულ მცირე 15 პროცენტს შეადგენს.

ორივე ნახევარსფეროს პოლარულ რეგიონებში ზღვის ყინულის შესასწავლად, მეცნიერებმა თანამგზავრული მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ანტარქტიკული ზღვის ყინული 10 სექტემბრისთვის კონტინენტის მხოლოდ 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფარავდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აღრიცხულთა შორის. წინა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1986 წელს იყო დაფიქსირებული, როცა ზღვის ყინულის ფართობი ახალ მაჩვენებელზე 1,03 მილიონი კვადრატული კილომეტრით მეტი იყო.

არქტიკაში კიდევ უფრო ცოტა ზღვის ყინული დაფიქსირდა (მაგრამ არა რეკორდულად); 19 სექტემბრის მონაცემებით, ყინულის ფართობი 4,23 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. ეს მაჩვენებელი 1,99 მილიონი კვადრატული კილომეტრი კილომეტრით ნაკლებია 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

ყინულის დნობის მიზეზი ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურის მატებაა. ყინული ეფექტიანად აირეკლავს მზის ენერგიას უკან, კოსმოსში. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები იქნება ყინული, მით უფრო ნაკლები ენერგია აირეკლება. თავის მხრივ, ეს პლანეტას უფრო გაათბობს. ამას გარდა, ნაკლები ყინული ნიშნავს ოკეანის უფრო მეტ მუქ ნაწილებს, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად შთანთქავს მზის უფრო მეტ ენერგიას. საბოლოო ჯამში, ასე იწევა ოკეანის ტემპერატურა უფრო მაღლა, რაც კიდევ უფრო ადნობს ზღვის ყინულს და ციკლი ასე, დაუსრულებლად გრძელდება.

NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსში გატარებული დროის რეკორდი მოხსნა

ასტრონავტი

ნასას ასტრონავტმა ფრენკ რუბიომ 2023 წელს ისტორია უნებლიეთ დაწერა, როდესაც პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც მთელი წელი კოსმოსში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაატარა. რუბიო სადგურზე კოსმონავტ სერგეი პროკოპიევთან და დმიტრი პეტელინთან ერთად ავიდა. ისინი დედამიწაზე დაბრუნებას ექვსი თვის შემდეგ აპირებდნენ, მაგრამ კაფსულა „სოიუზიდან“ გამაგრილებლის გაჟონვის გამო, მათ იქ წელიწადზე მეტხანს მოუხდათ დარჩენა. ტრიო დედამიწაზე 371 დღის შემდეგ, 2023 წლის 27 სექტემბერს დაბრუნდა.

რუბიომ NASA-ს ასტრონავტ მარკ ვენდისა მიერ 2021-2022 წლებში დამყარებული რეკორდი, 355 დღე მოხსნა. მიუხედავად ამისა, რუბიო მაინც ჩამორჩება კოსმონავტ ვალერი პოლიაკოვს, რომელმაც რუსეთის კოსმოსურ სადგურ „მირზე“ 1994-1995 წლებში 437 დღე გაატარა.

უკიდურესად სწრაფი თეთრი ჯუჯა

თეთრი ჯუჯა

ივლისში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემებში დააფიქსირეს ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე სწრაფი გაქცეული ვარსკვლავები.

ჯამში ხუთი ჰიპერსწრაფი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელთაგან ორი — J0927-6335 და J1235-3752, ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე სწრაფია. პირველი მათგანი კოსმოსში წამში 2285 კილომეტრის სიჩქარით მიქრის, მეორე კი 1694 კმ/წმ სიჩქარით. უკეთესად აღსაქმელად — J0927-6335 დედამიწას საათში 694-ჯერ შემოუვლიდა გარშემო.

ეს ვარსკვლავები თეთრი ჯუჯებია, რომლებიც მზის მსგავს ვარსკვლავთა სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ბირთვებია. ასტრონომთა აზრით, ისინი ერთ დროს ორმაგი (ბინარული) სისტემის წევრები იყვნენ, რომლებშიც თეთრ ჯუჯათა კომპანიონი ვარსკვლავი სუპერნოვად აფეთქდა და თეთრი ჯუჯა წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით გატყორცნა.

„ეს ვარსკვლავები ნამდვილად გამორჩეულია, რადგან გაცილებით სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ირმის ნახტომის ჩვეულებრივი ვარსკვლავები. ვინაიდან მათი სიჩქარე გალაქტიკურ მეორე კოსმოსურ სიჩქარეს აღემატება, ადრე თუ გვიან, ისინი ირმის ნახტომს დატოვებენ და გალაქტიკათშორის სივრცეში გაიჭრებიან“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევარი კარიმ ელ-ბადრი.

აღმოჩენილთა შორის უძველესი სუპერმასიური შავი ხვრელი

შავი ხვრელი

ლოგიკურია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტელესკოპი, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რეგულარულად ამყარებს ახალ ასტრონომიულ რეკორდებს. მათ შორის ერთ-ერთია სამყაროში ჩვენთვის ცნობილთა შორის ყველაზე შორეული სუპერმასიური შავი ხვრელი.

ჯეიმს ვებმა ეს შავი ხვრელი გალაქტიკა CEERS 1019-ში შენიშნა, რომელსაც ახლა ისეთს ვხედავთ, როგორიც ის 13,3 მილიარდი წლის წინ იყო (დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 570 მილიონი წლის შემდეგ). ამ შავი ხვრელის მასა ჩვენი მზისას დაახლოებით ცხრა მილიონჯერ აჭარბებს. სხვა შედარებისათვის — ორჯერ უფრო მეტი მასა აქვს, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელს.

მკვლევართა ჯგუფი ჯეიმს ვებით სპეციალურ პროგრამას აწარმოებს, რომლის მიზანიც სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკების და მათი შავი ხვრელების გამოვლენაა. ამჟამად კვლევის პროცესშია რამდენიმე კიდევ უფრო შორეული გალაქტიკების კანდიდატი შავი ხვრელები, თუმცა, ისინი ჯერ დადასტურებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარმოიქმნებიან და იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები ასე ჩქარა. შავი ხვრელები ხილული მაშინ ხდება, როცა მატერიას შთანთქავენ, რომელიც ამ პროცესში მის გარშემო ცხელი გაზის კაშკაშა დისკოს წარმოქმნის.

CEERS 1019-ი არარეგულარული ფორმის გალაქტიკა ჩანს, სამი კაშკაშა გროვით. სავარაუდოდ, ასეთი ფორმის მიზეზი ორი ან სამი გალაქტიკის შეჯახებაა, რამაც შავი ხვრელისკენ დიდი ოდენობით მატერია გადაისროლა.

„გალაქტიკათა შერწყმა ნაწილობრივ შეიძლება იყოს ამ გალაქტიკის შავი ხვრელის კვების მიზეზი; ამან ასევე შეიძლება გაზარდა ვარსკვლავთა წარმოქმნის მაჩვენებელი“, — ამბობს როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ჯეიჰან კარტალტეპე.

თუმცა, თუ ამ შავმა ხვრელმა არსებობა მართლაც პატარა, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელის სახით დაიწყო, ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა საკმარისი დრო ცხრა მილიონ მზის მასამდე გაზრდისათვის. მეცნიერები ეჭვობენ, რომ მას არსებობა უფრო დიდი ზომით უნდა დაეწყო, ათობით ათასი მზის მასით. ის შეიძლება გაზის უზარმაზარი ღრუბლის პირდაპირი კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა. ამ დროისათვის, ეს მხოლოდ თეორიაა, რომელსაც რამდენიმე არაპირდაპირი მტკიცებულება უჭერს მხარს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯეიმს ვების დაკვირვებები გარკვეულ პასუხებს ნამდვილად მოგვცემს.

პლანეტა თუ ციცქნა ვარსკვლავი? ჯეიმს ვებმა ყველაზე პატარა ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინა

ყავისფერი ჯუჯა

ჯეიმს ვებმა ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე პატარა ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინა, რომლის მასაც იუპიტერისას სულ რაღაც 3-4-ჯერ აჭარბებს; ფაქტობრივად, მას ზოგიერთი პლანეტის მასა აქვს.

ეს ყავისფერი ჯუჯა, კიდევ ერთ, რვა იუპიტერის მასის მქონე ყავისფერ ჯუჯასთან ერთად, ვარსკვლავთგროვა IC 348-ში აღმოაჩინეს. ეს ვარსკვლავთგროვა ჩვენგან დაახლოებით ათასი სინათლის წლის მანძილზე, პერსევსის მოლეკულურ ღრუბელში მდებარეობს.

„ერთ-ერთი საბაზისო კითხვა, რომელსაც ასტრონომიის ყველა სახელმძღვანელოში ნახავთ, არის ის, თუ რომელია ყველაზე პატარა ვარსკვლავები. ჩვენ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გადავწყვიტეთ“, — ამბობს ყავისფერი ჯუჯის აღმოჩენის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევის ავტორი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი კევინ ლუმანი.

ყავისფერ ჯუჯებს ზოგჯერ არშემდგარ ვარსკვლავებს უწოდებენ, რადგან ისინი ვარსკვლავთა მსგავსად წარმოიქმნებიან, გაზოვანი ნისლეულის პირდაპირი შეჯგუფების შედეგად, მაგრამ პატარა ზომის გამო, საკმარისი მასა არ გააჩნიათ, რათა ბირთვში წყალბადის ბირთვული სინთეზისთვის საკმარისი ტემპერატურა გამოიმუშაონ. ეს უკანასკნელი კი ვარსკვლავის მთავარი საქმეა.

ეს კონკრეტული ყავისფერი ჯუჯა მოხეტიალე პლანეტა ვერ იქნება, რომელიც ერთ დროს ვარსკვლავის გარშემო დისკოში უნდა წარმოქმნილიყო და შემდეგ სისტემიდან გატყორცნილიყო, რადგან სულ რაღაც ხუთი მილიონი წლის არის. ეს დრო ვარსკვლავის გარშემო ტრადიციული გზით გაზის გიგანტი პლანეტის წარმოსაქმნელად საკმარისი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ კოსმოსში მის გატყორცნაზე.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.