ჯეიმს ვებმა პლანეტა ურანი და მისი რგოლები გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა პლანეტა ურანი და მისი რგოლები გადაიღო — #1tvმეცნიერება

2022 წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა პლანეტა ნეპტუნს გადაუღო სურათი. ამჯერად მზის სისტემის კიდევ ერთი ყინულის გიგანტის, ურანის ჯერი დადგა. სურათზე მკაფიოდ ჩანს დრამატული რგოლები და პლანეტის ატმოსფეროს კაშკაშა მახასიათებლები. ვების მონაცემები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ობსერვატორიის უპრეცედენტო მგრძნობელობას მტვრის უმკრთალესი რგოლების მიმართ, რომლებიც აქამდე მხოლოდ ორ სხვა აპარატს აქვს გადაღებული: ხომალდ ვოიაჯერ 2-ს 1986 წელს, როდესაც მან ურანს გადაუფრინა და კეკის ობსერვატორიას თავისი მოწინავე ადაპტური ოპტიკით.

მზის სისტემის რიგით მეშვიდე პლანეტა, ურანი, უნიკალურია: ბრუნავს გვერდზე დაწოლილი, ორბიტულ სიბრტყესთან 90-გრადუსიანი კუთხით. ეს კი ექსტრემალურ სეზონებს იწვევს, რადგან პლანეტის პოლუსებზე მრავალი წლის განმავლობაში მუდმივად მზე ანათებს, რასაც შემდეგ მრავალწლიანი წყვდიადი მოსდევს. მზის გარშემო ერთ შემოვლას ურანი 84 წელიწადს ანდომებს. ამჟამად, მის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელიც ფოტოზეცაა ასახული გვიანი გაზაფხულია. ზაფხული იქ 2028 წელს დადგება. როდესაც ურანს ვოიაჯერ 2 ესტუმრა, ზაფხული მაშინ სამხრეთ ნახევარსფეროში იდგა. სამხრეთ პოლუსი ამჟამად ჩვენი გადმოსახედიდან არ ჩანს და კოსმოსურ წყვდიადშია ჩაძირული.

როცა ვოიაჯერ 2-მა ურანს შეხედა, მისმა კამერებმა თითქმის უსახური, მოცისფრო-მომწვანო ბურთი დააფიქსირა ხილულ ტალღის სიგრძეში. ინფრაწითელი ტალღის სიგრძეებითა და ვების სხვა დამატებითი მგრძნობელობით, ახლა პლანეტას გაცილებით დეტალურად ვხედავთ; ჩანს, რამდენად დინამიკურია მისი ატმოსფერო რეალურად.

პლანეტის მარჯვენა მხარეს, მზისკენ მოქცეულ პოლუსზე არის კაშკაშა ზონა, რომელსაც პოლარულ ქუდს უწოდებენ. ეს პოლარული ქუდი ურანისთვის უნიკალურია და ზაფხულში ჩნდება, როდესაც პოლუსი მზის პირდაპირ სხივებს იღებს, შემოდგომაზე კი ქრება; ვების მონაცემები მეცნიერებს ამჟამად იდუმალი ამ მექანიზმის გარკვევაში დაეხმარება. ვებმა გამოააშკარავა პოლარული ქუდის ერთი მოულოდნელი ასპექტი: ოდნავი გადანათება მის ცენტრში.

მისი წიაღის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, ურანს ყინულის გიგანტს უწოდებენ. მიჩნეულია, რომ მისი მასის უმეტესი ნაწილი „ყინულოვანი“ მასალების ცხელი, მკვრივი სითხეა — წყლის, მეთანისა და ამიაკის; ეს ყველაფერი პატარა, კლდოვან ბირთვზეა გადაკრული.

ურანს ჩვენთვის ცნობილი 13 რგოლი აქვს და ვებმა 11 მათგანი დააფიქსირა. ზოგიერთი რგოლი ვებისთვის იმდენად კაშკაშაა, რომ ერთმანეთთან ახლოს მყოფები ერთ დიდ რგოლად მოჩანან. ცხრა მათგანი პლანეტის ძირითად რგოლად მიიჩნევა, ორი კი მკრთალ, მტვრის რგოლად; ისინი 1986 წელს გადაფრენისას აღმოაჩინა ვოიაჯერ 2-მა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვების საშუალებით უკეთესად შეისწავლიან 2007 წელს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით აღმოჩენილ კიდევ ორ სხვა მკრთალ რგოლს.

ჯეიმს ვებმა ასევე დააფიქსირა ურანის მრავალი ბუნებრივი თანამგზავრი მის სულ 27 ბუნებრივ თანამგზავრს შორის. ექვსი ყველაზე კაშკაშა მოჩანს ფართო ხედვის ფოტოზე. სურათი გადაღებულია 12-წუთიანი ექსპოზიციით, მხოლოდ ორი ფილტრით. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია იმასთან შედარებით, რისი შესწავლაც ვებს ამ იდუმალ პლანეტაზე დაკვირვებისას შეუძლია.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.