ჯეიმს ვებმა გადაიღო, როგორ იბადებოდნენ სამყაროს პირველი გალაქტიკები — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა გადაიღო, როგორ იბადებოდნენ სამყაროს პირველი გალაქტიკები — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა გამოავლინეს, როგორ იბადებოდნენ სამყაროს ერთ-ერთი პირველი გალაქტიკები კოსმოსური განთიადის ქაოსურ ეპოქაში.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაკვირვებებს ადრეულ სამყაროზე აწარმოებდა, 13,3 – 13,4 წინანდელ ეპოქაზე (დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგი პერიოდი). დაკვირვებებმა გამოავლინა ნიშნები იმისა, რომ გაზის რეზერვუარები აქტიურად ჩაედინებოდა სამ ახლად წარმოქმნილ და მზარდ გალაქტიკაში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ გალაქტიკების წარმოქმნის პირველი პირდაპირი სურათები მათ შორის, რაც აქამდე გვინახავს. აქამდე ჯეიმს ვებმა განვითარების გვიანდელ ეტაპზე მყოფი ადრეული გალაქტიკები გვაჩვენა, ამჯერად კი ჩვენ წინაშეა მათი დაბადება და შესაბამისად, სამყაროში პირველ ვარსკვლავურ სისტემათა მშენებლობა“, — ამბობს კვლევის ავტორი, დანიის ნილს ბორის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ელმ ჰაინტცი.

დიდი აფეთქების შემდეგ პირველ მილიარდ წელს კოსმოსურ განთიადს უწოდებენ და მაშინ ორი რამ ბატონობდა: იდუმალება და ნეიტრალური წყალბადის ნისლი, რომლითაც სამყარო იყო გაჟღენთილი და ის ხელს უშლიდა სინათლეს თავისუფალ გავრცელებაში. ამ დროს, სინათლე ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა სამყაროს შესასწავლად.

ჯეიმს ვების შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ ნისლში შეღწევა იყო, რადგან ინფრაწითელი ტალღის სიგრძეები, რომლებშიც ის ხედავს კოსმოსს, უფრო მტკიცედ და შორს აღწევს, ვიდრე სხვა ტალღის სიგრძეები. მეცნიერებს სურთ გაიგონ, როგორ წარმოიქმნა ეს ყველაფერი — როგორ გაჩნდა პლაზმის პირველყოფილი „სოუსისგან“ პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები, როგორ მოსუფთავდა ნისლი ადრეულ ობიექტთა სინათლით და როგორ დგამდა სამყარო პირველ ნაბიჯებს.

ამიტომ, ჰაინტცმა და მისმა ჯგუფმა კოსმოსურ განთიადში შესახედად ჯეიმს ვების მძლავრი ინფრაწითელი თვალი გამოიყენა; ასე დააფიქსირეს იქ მათ სამი გალაქტიკიდან მომდინარე სინათლე. კერძოდ, სიგნალი მოდიოდა მათ გარშემო არსებული ნეიტრალური წყალბადიდან, რომლებსაც გალაქტიკები შთანთქავდნენ და სინათლეს გამოყოფდნენ.

მკვლევართა დასკვნით, ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 400-600 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა; დიდი აფეთქება კი 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა. შედეგად, ეს სამი გალაქტიკა ერთ-ერთი ყველაზე ძველია ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.

„ეს გალაქტიკები მოციმციმე კუნძულებია ნეიტრალურ, გაუმჭვირვალე გაზის ზღვაში“, — ამბობს ჰაინტცი.

ამას გარდა, მკვლევრებმა შეძლეს, გალაქტიკების გარშემო გაზის რეზერვუარები განესხვავებინათ გალაქტიკათშორისი ნეიტრალური გაზისგან. დადგინდა, რომ ეს რეზერვუარები ძალიან დიდი იყო, ფარავდა თითოეული გალაქტიკის საკმაოდ დიდ ნაწილს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი აქტიურად ყალიბდებოდნენ გალაქტიკურ მასალად. და ის ფაქტი, რომ იქ ამდენი გაზია, მიუთითებდა, რომ დაკვირვების პერიოდში, გალაქტიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წარმოქმნილი თავიანთ ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი.

„დიდი აფეთქებიდან პირველი რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, პირველი ვარსკვლავები ჩამოყალიბდა, იქამდე, ვიდრე ეს ვარსკვლავები და გაზი ერთად თავმოყრასა და გალაქტიკების შექმნას დაიწყებდნენ. ეს ზუსტად ის პროცესია, რასაც ჩვენს დაკვირვებათა დასაწყისში ვხედავთ“, — ამბობს ნილს ბორის ინსტიტუტის კოსმოლოგი და ასტროფიზიკოსი დარაჩ უოტსონი.

კოსმოსური გარიჟრაჟის შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ ზედაპირზე ვიქექებით და ნეიტრალური წყალბადი მრავალ საიდუმლოს მალავს, რომელთა შესახებ ჯერ არც კი ვიცით. ამ სამი გალაქტიკის აღმოჩენა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა, როცა უკვე ვიცით, რომ იქ გალაქტიკებია, შეგვიძლია, უფრო ახლოდან შევისწავლოთ, რათა გალაქტიკათა წარმოქმნის პროცესი უკეთესად გავიგოთ.

„ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კითხვა, რომელიც ადამიანებს მუდმივად გვაწვალებს, შემდეგია: „საიდან მოვდივართ?“ ამ კვლევაში ამ კითხვაზე პასუხისკენ მივიწევთ, რადგან ცოტა მეტი სინათლე მოვფინეთ იმ მომენტს, როცა სამყაროს ერთ-ერთი პირველი სტრუქტურები შეიქმნა. ეს ის პროცესია, რომელსაც გაცილებით მეტი კვლევა სჭირდება, — ამბობს ნილს ბორის ინსტიტუტის ასტრონომი გაბრიელ ბრამერი.

კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ku.dk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.