ურანი #კოსმოსი

ურანი პირველი პლანეტაა, რომელიც ტელესკოპის გამოგონების შემდეგ აღმოაჩინეს. მზისგან დაშორების მიხედვით მეშვიდეა. მზის გარშემო საშუალოდ 2,9 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.

ურანი მზის სისტემის მესამე უდიდესი პლანეტაა, იუპიტერისა და სატურნის შემდეგ. მისი დიამეტრი დაახლოებით 51 000 კილომეტრია. ეს მაჩვენებელი დედამიწის დიამეტრზე ოთხჯერ დიდია. ზომით ურანი ყველაზე მეტად მის გარე მეზობელს, ნეპტუნს ჰგავს.

ურანი მიეკუთვნება პლანეტის ტიპს, რომელსაც გაზის გიგანტს უწოდებენ, ანუ შედგება გაზებისგან, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან. მცირე ოდენობით აირი, სახელად მეთანი, პლანეტას მოლურჯო-მომწვანო შეფერილობას აძლევს. ურანს მყარი ზედაპირი არ აქვს. გაზის უზარმაზარი ფენების ქვეშ იმალება ცხელი, სქელი სითხის პატარა ზონა.

ურანს გარს აკრავს ვიწრო რგოლები. ისინი ისეთი კაშკაშა და დიდებული არ არის, როგორც სატურნის ყინულის რგოლები. ურანის რგოლები ძირითადად შედგება უჩვეულო, მუქი მასალებისგან.

მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის ურანს დედამიწის 84 წელი სჭირდება, ანუ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი წელიწადი.

ურანი საკუთარი ცენტრის გარშემო ძლიერ უცნაურად ბრუნავს. ის იმდენად დახრილია, რომ ღერძი მისი გვერდის სიახლოვესაა. გარდა ამისა, ურანი მზის სისტემის იმ უიშვიათეს პლანეტებს შორის არის, რომლებიც საათის ისრის მიმართულებით ბრუნავენ. პლანეტების უმეტესობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს. ერთი სრული შემობრუნებისთვის ურანს 17 საათი სჭირდება, ანუ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი დღე.

ურანის გარშემო მისი 27 ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს. მათ შორის გამოყოფენ ხუთ ძირითად მთვარეს — ობერონს, ტიტანიას, არიელს, უმბრიელს და მირანდას. ისინი ძირითადად ყინულისა და ქვისგან შედგება. ზოგიერთ მათგანზე არის ძალიან ღრმა ხეობები და კრატერები.

ურანი დედამიწიდან ტელესკოპის გარეშე არ ჩანს. ეს პლანეტა 1871 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა საკუთარი ტელესკოპით. 1977 წელს აღმოაჩინეს მისი რგოლები.

ურანს ამ დრომდე მხოლოდ ერთი ხომალდი ესტუმრა. 1986 წელს მას გადაუფრინა ნასას უპილოტო ხომალდმა ვოიაჯერ-2-მა.