ვენერა #კოსმოსი

ვენერა მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა, ანუ სხვა პლანეტების მსგავსად, ისიც მზის გარშემო მოძრაობს. ვენერა დედამიწის ცაში ყველაზე კაშკაშა პლანეტაა. წარმოადგენს დედამიწის უახლოეს მეზობელ პლანეტას, რომელიც დედამიწასთან სხვა ნებისმიერ პლანეტაზე ახლოს მოდის. ვენერა მზისგან დაშორებით მეორე პლანეტაა; საშუალო მანძილი მისგან მზემდე 108 მილიონი კილომეტრია. ამავე დროს, ვენერა მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა.

ვენერას თითქმის დედამიწის ზომა და მასა აქვს. მისი დიამეტრი დაახლოებით 12 100 კილომეტრია. მერკურის, დედამიწისა და მარსის მსგავსად, კლდოვანი პლანეტაა, ანუ აქვს მყარი ზედაპირი. მეცნიერთა აზრით, ვენერას დედამიწის მსგავსად აქვს შრეებიც. ეს შრეები მოიცავს ლითონის ბირთვს, სქელ, კლდოვან შუა ნაწილს და ქერქს.

ვენერას ზედაპირს ფორმა მისცა წარსულში ამოფრქვეულ ვულკანთა ლავამ. ლანდშაფტის დიდი ნაწილი ვაკეებს უჭირავს, მაგრამ არის მაღალი მთებიც.

ვენერას გარს აკრავს აირების სქელი, მძიმე ფენა, ანუ ატმოსფერო. პლანეტა მუდმივად დაფარულია სქელი ღრუბლებით. ეს აირები და ღრუბლები სითბოს მაღლა არ უშვებს, პლანეტის ზედაპირის სიახლოვეს აკავებს და ამის გამო, ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა 464 გრადუსი ცელსიუსია. ეს ტემპერატურა საკმარისია ტყვიის გასადნობად. თუმცა, მეცნიერთა აზრით, შორეულ წარსულში ვენერაზე წყალი და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყო.

ვენერა მზის გარშემო თითქმის უბადლოდ წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. ერთ გარშემოვლას 225 დღეს ანდომებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენერას ერთი წელიწადი დედამიწის 225 დღისგან შედგება.

ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად ნელა ბრუნავს — ერთი სრული შემობრუნებისთვის მას 243 დღე სჭირდება. ამ პლანეტაზე ერთი დღე დედამიწის 117 დღეს გრძელდება. გარდა ამისა, ვენერა მზის გარშემო დედამიწისგან განსხვავებული, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს; შესაბამისად, მზე იქ დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.

მერკურის მსგავსად, ვენერას არც ერთი ბუნებრივი თანამგზავრი არ აქვს.

ადამიანები ვენერას უძველესი დროიდან აკვირდებიან. ამ დროისათვის, ეს პლანეტა რამდენიმე უპილოტო კოსმოსურ ხომალდს აქვს მონახულებული. 1970 წელს, ვენერას ზედაპირზე დაჯდა საბჭოთა ხომალდი ვენერა 7. ის პირველი ხომალდი იყო, რომელიც სხვა პლანეტაზე წარმატებით დაეშვა. მაღალი ტემპერატურის გამო, ზონდმა იქ მხოლოდ რამდენიმე საათს გასძლო, მაგრამ მოასწრო ფოტოების გადაღება და გამოგზავნა.