პლუტონი #კოსმოსი

2006 წლამდე პლუტონი მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტად მიიჩნეოდა. თუმცა, სწორედ ამ წელს, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლუტონი ნამდვილი პლანეტა არ იყო. ამის შემდეგ, პლუტონი ჯუჯა პლანეტათა კატეგორიაში გადაიყვანეს. პლუტონზე დაკვირვება დედამიწიდან ურთულესია, მათ შორის ყველაზე მძლავრი ტელესკოპებითაც კი.

პლუტონი მზის გარშემო საშუალოდ 5,9 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს. მისი შიდა მეზობელია პლანეტა ნეპტუნი. მზის გარშემო პლუტონის გზა ოვალური ფორმისაა და არა წრიული. მზიდან მისი დაშორება ორბიტაზე მოძრაობისას ძლიერ ცვალებადია. ყოველ 228 წელიწადში ერთხელ, პლუტონი მზესთან უფრო ახლოს ექცევა, ვიდრე ნეპტუნი. ბოლოს ასეთი რამ 1979 წლიდან 1999 წლამდე ხდებოდა.

სწორედ ოვალური ორბიტა, პატარა ზომა და სხვა უჩვეულო მახასიათებლები განასხვავებს პლუტონს დანარჩენი რვა პლანეტისაგან. 1990-იან წლებში, მეცნიერებმა ნეპტუნს გადაღმა მილიონობით პატარა, ყინულოვანი ობიექტი შენიშნეს. მათ დღეს ჯუჯა პლანეტებს უწოდებენ და სწორედ მათ კატეგორიას მიეკუთვნება პლუტონი.

პლუტონის დიამეტრი დაახლოებით 2300 კილომეტრია. ეს მაჩვენებელი პლანეტა მერკურის დიამეტრის ნახევარზე მცირეა. მეცნიერთა აზრით, პლუტონი კლდოვანი მასალებისა და გაყინული გაზებისგან შედგება. მისი ზედაპირის ზოგიერთი მონაკვეთი ძალიან კაშკაშაა, ზოგი კი მუქი. კაშკაშა რეგიონები დიდი ალბათობით გაყინული აირი, სახელად აზოტია.

პლუტონი მზისგან იმდენად შორსაა, რომ ძალიან მცირე ოდენობით სინათლეს იღებს. მეცნიერთა აზრით, მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მინუს 233 გრადუსი ცელსიუსია.

პლუტონს მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის 248 წელიწადი სჭირდება, ანუ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი წელი. ამავე დროს, პლუტონი ძალიან ნელა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. ერთ სრული შემობრუნებას ის დაახლოებით 6,5 დღეს ანდომებს. პლუტონი საკუთარი ღერძის მიმართ ძლიერ არის გადახრილი და თითქმის გვერდულად ბრუნავს.

პლუტონის გარეშე ხუთი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს. ესენია: ქარონი, ნიქსი, ჰიდრა, ცერბერი და სტიქსი. მათ შორის ყველაზე დიდია ქარონი.

პლუტონი 1930 წელს ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ აღმოაჩინა. 2006 წელს, პლუტონის შესასწავლად ნასამ გაუშვა ხომალდი, სახელად ნიუ ჰორაიზონსი. ხომალდმა პლუტონს ცხრა წლიანი მოგზაურობის შემდეგ, 2015 წელს, ზედაპირიდან 12 500 კილომეტრის სიმაღლიდან გადაუფრინა. ნიუ ჰორაიზონსი პირველი ხომალდია, რომელიც პლუტონს ესტუმრა და დედამიწაზე მრავალი ფოტო და ინფორმაცია გამოგზავნა.

დატოვე კომენტარი