კანის მოვლის პოპულარულმა ინგრედიენტმა 12-კვირიან კლინიკურ ცდაში ანთების მარკერები მნიშვნელოვნად შეამცირა — #1tvმეცნიერება
ამბობენ, რომ სილამაზე მხოლოდ ზედაპირულია, მაგრამ კანის მოვლის ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ინგრედიენტს, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო შორს მიმავალი გავლენა აქვს.
ჰიალურონის მჟავა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნაერთია, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების სტრუქტურასა და დატენიანებას.
მართალია, ადამიანთა უმეტესობისთვის ჰიალურონის მჟავა ცნობილია როგორც პერორალური საკვები დანამატი ან კანის მოვლის გარეგანი საშუალება, თუმცა დადგენილია, რომ მას უფრო ფართო თერაპიული მოქმედებაც გააჩნია და სასარგებლოა სახსრების ტკივილისა თუ ნაწლავების ანთების დროს.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის თაობაზე, როგორ განაპირობებს ჰიალურონის მჟავა ასეთ სარგებელს, მაგრამ ახალი კვლევა გარკვეულ მინიშნებებს გვთავაზობს, ასევე გვაწვდის უფრო მეტ მტკიცებულებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აძლიერებდეს ეს ნაერთი ჯანმრთელობას.
ჟურნალ Scientific Reports-ში აღწერილი ახალი კლინიკური კვლევის თანახმად, ჰიალურონის მჟავის ორალური გზით მიღებას შეუძლია ორგანიზმში ანთების ნიშნების შემცირება, ჯანმრთელ ადამიანებშიც კი.
კვლევაში ჩეხმა მეცნიერებმა შეკრიბეს 150 ჯანმრთელი ადამიანი და შემთხვევითობის პრინციპით 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დასალევად აძლევდნენ ხსნარს, რომელიც შეიცავდა 60 მგ ან 12 მგ ჰიალურონის მჟავას; საკონტროლო ჯგუფს კი პლაცებო ეძლეოდა.
კანზე გავლენის თვალსაზრისით, ჰიალურონის მჟავამ მონაწილეთა კანის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე რამდენიმე სასარგებლო ეფექტი იქონია, განსაკუთრებით მათში, ვინც 120 მგ დოზას იღებდა.
თუმცა, ცვლილებები მონაწილეთა მხოლოდ კანს არ შეხებია.
კანის შეფასების გარდა, მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს მონაწილეებიდან ჰიალურონის მჟავის მიღებამდე და მიღების შემდეგ აღებული სისხლის ნიმუშები.
შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც 120 მგ ჰიალურონის მჟავას იღებდნენ, ანთების ორი მარკერის მნიშვნელოვანი შემცირება აღენიშნებოდათ — C-რეაქტიული ცილის (CRP) და ინტერლეიკინ-1 ბეტას (IL–1β); ასევე შემცირებული ჰქონდათ არაქიდონის მჟავის დონე, რომელიც წარმოადგენს საშენ მასალას ანთების გამომწვევ სასიგნალო მოლეკულებისთვის.
„საინტერესოა, რომ დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც ფიზიოლოგიურად ძალიან დაბალი ჰქონდათ ამ მედიატორების დონე. საერთო ჯამში, ეს დაკვირვებები მიუთითებს პოტენციურად სასარგებლო მახასიათებელზე ანთებასთან დაკავშირებულ შერჩეულ მარკერებში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
120 მგ დოზამ ასევე შეამცირა ცილები — ფეტუინ-A და ადიფსინი, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლურ სინდრომთან, სიმსუქნესთან, ანთებასთან და ინსულინრეზისტენტულობასთან.
თუმცა, ყველა ეს ცვლილება აუცილებლად სასარგებლო არ ყოფილა.
ჯგუფს, რომელიც 120 მგ ჰიალურონის მჟავას იღებდა, ასევე აღენიშნა ანთების საწინააღმდეგო ორი ცილის — IL–10-ისა და IL–1 რეცეპტორ-ანტაგონისტის (IL–1RA) დაბალი დონე, რაც მკვლევართა ვარაუდით, განპირობებულია იმით, რომ სხეულს უკვე ნაკლები აქვს ანთებასთან ბრძოლის საჭიროება.
კვლევა დააფინანსა Contipro-მ, ჩეხურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც იკვლევს და აწარმოებს ჰიალურონის მჟავას; კვლევის რამდენიმე ავტორი Contipro-ს თანამშრომელია, დანარჩენი კი მასარიკის უნივერსიტეტის მკვლევრები.
საერთო ჯამში, შედეგები მიუთითებს, რომ ჰიალურონის მჟავის ორალურად მიღებას შეუძლია გამოიწვიოს გაზომვადი ცვლილებები კანს მიღმაც, დიაგნოზირებული დაავადების გარეშე ადამიანებშიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ანთების რამდენიმე მთავარი მარკერის შემცირება გამოავლინა, ცდა მხოლოდ 12 კვირას გრძელდებოდა და უცნობია, გადაითარგმნება თუ არა საბოლოოდ ეს ცვლილებები ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ბენეფიტებში.
ამას გარდა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას რიგი შესაძლო ხელშემშლელი ფაქტორი მკაცრად არ კონტროლდებოდა; მათ შორისაა კვების რეჟიმი, ცხოვრების წესი, ხანმოკლე ინფექციები, ფიზიკური აქტივობა და ჰორმონული სტატუსი.
არსებული შეზღუდვების გამო, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, გარდაიქმნება თუ არა ეს ბიოლოგიური ცვლილებები ჯანმრთელობისთვის რეალურ სარგებლად, თუმცა ამ მხრივ იმედისმომცემი ნიშნები არსებობს.
„ეს შედეგები მიუთითებს ზომიერ ცვლილებაზე ნაკლებად ანთებითი და მეტაბოლურად უფრო ხელსაყრელი სისტემური პროფილისკენ, რაც შეესაბამება იმუნურ-მეტაბოლურ რეგულაციაში პერორალური ჰიალურონის მჟავას შესაძლო როლს. თუმცა, ეფექტები საკმაოდ შერჩევითი იყო. ჰიალურონის მჟავას სპეციფიკური ეფექტების დასადასტურებლად და პერორალური ჰიალურონის მჟავას მიღებასა და სისტემურ და ქსოვილოვან დონეზე შედეგებს შორის დამაკავშირებელი გზების გასარკვევად, საჭიროა შემდგომი კვლევები მიზნობრივი მექანიკური მიდგომებისა და მიკრობიომის ანალიზის გამოყენებით“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.