კრეატინმა თავის ტვინი შეიძლება დაიცვას ნაწლავის ანთებისგან გამოწვეული ზიანისგან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

13:34, 27.10.2026

კრეატინი თავიდან სპორტსმენებისთვის განკუთვნილ საკვებ დანამატად ითვლებოდა, ამჟამად კი მეცნიერები იკვლევენ მის სარგებელს კუნთებს მიღმა.

პირველადი მტკიცებულებების თანახმად, ამ ბუნებრივ ორგანულ ნაერთს, ფიზიკური ვარჯიშის გარეშეც კი, შესაძლოა სარგებელი მოჰქონდეს სხეულისა და ტვინის მრავალი ნაწილისთვის.

იდეა საკამათოა, მაგრამ ვირთხებზე ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კრეატინი ძლიერ ეფექტიანია დარღვეული ნაწლავისგან თავის ტვინის დაცვის თვალსაზრისით.

კვლევის შედეგები Brain, Behavior, and Immunity-ში გამოქვეყნდა და მხოლოდ ცხოველებით შემოიფარგლება, მაგრამ ესპანელ მკვლევრებს სჯერათ, რომ მას კლინიკური მნიშვნელობა აქვს.

მკვლევართა განცხადებით, ნაწლავ-ტვინის ანთებითი დარღვევების მქონე პირებში, კრეატინი შეიძლება ბრწყინვალე კანდიდატი იყოს თავის ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

„კლინიკური თვალსაზრისით, კრეატინის დანამატების მიღება წარმოადგენს ძლიერ, დამხმარე და პროფილაქტიკურ სტრატეგიას. ის ჰიპოკამპუსში აღადგენს კრეატინის შემცველობას, ინარჩუნებს ნეირონულ მთლიანობას და ახდენს ნეირონული აღგზნებადობის ნორმალიზებას, ანთების შედეგად დარღვეულ პარამეტრებზე შერჩევითი ზემოქმედების გზით“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სევილიის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგები, ალეხანდრო რუის-კალერო და მარია ოეტეგო-დომინგესი ხელმძღვანელობდნენ.

შარშან, ამავე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა დაადგინა, რომ კრეატინის საკვები დანამატის მიღება მღრღნელებში ამცირებდა ნაწლავის ანთებას და ამ დაავადებით გამოწვეულ დაზიანებას ნაწლავში.

მათი ახალი ექსპერიმენტები ჰიპოკამპუსისთვისაც სასარგებლო შედეგებს აჩვენებს; ეს ტვინის უმნიშვნელოვანესი უბანია, რომელიც სწავლასა და მეხსიერებაში მონაწილეობს.

როცა ნაწლავის ანთების მქონე ვირთხები კრეატინს ყოველდღიურად იღებდნენ, დანამატმა წარმატებით აღადგინა კრეატინის დონე მათ ჰიპოკამპუსში.

ასევე შეამცირა ამ უბანში ნეირონების ანთება და დაზიანება.

შედეგები ემთხვევა რამდენიმე წინასწარ კვლევას, რომლებიც კრეატინის დანამატების მიღებას ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირებს.

ცნობილია, რომ თავის ტვინი სხეულის ენერგიის უზარმაზარ ნაწილს იყენებს; კრეატინი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი უჯრედული ენერგიის ბალანსის შენარჩუნებაში.

ადამიანების ტიპური ხორციანი დღიური რაციონი დაახლოებით 1-2 გრამ კრეატინს შეიცავს. ამ ბუნებრივ ორგანულ ნაერთს ასევე გამოიმუშავებს ღვიძლი, თირკმელები და პანკრეასი.

გამომუშავებისა და მოხმარების შემდეგ, ის ძირითადად კუნთებში ინახება, მაგრამ კრეატინს ასევე შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის (სისხლი-თავის ტვინის ბარიერი) გადალახვა და ნეირონებსა და ტვინის სხვა უჯრედებში შესვლა.

ნაკლებად არის ცნობილი, რას აკეთებს ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრის შემდეგ.

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კრეატინის დანამატები შეიძლება გავლენას ახდენდეს ტვინის გარკვეულ უჯრედთა ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე.

ექსპერიმენტებში მონაწილე მღრღნელებზე მოდელირებული იყო ადამიანის დაავადება, რომელსაც წყლულოვანი კოლიტი ეწოდება; კრონის დაავადებასთან ერთად, ის ნაწლავის ქრონიკულ ანთებით დაავადებად (IBD) მიიჩნევა.

წყლულოვანი კოლიტის დროს, იმუნური სისტემა თავს ესხმის ნაწლავის საფარს, რაც მსხვილ და სწორ ნაწლავში ღია წყლულების გაჩენას იწვევს.

თუმცა, მისი სიმპტომები მხოლოდ ნაწლავით არ შემოიფარგლება. ისინი თავის ტვინშიც ჩნდება.

როცა ნაწლავის ქრონიკულ ანთება იწყება და „აქტიურად“ მიიჩნევა, პაციენტები ხშირად იუწყებიან ტვინის დაბინდვის შესახებ, აღენიშნებათ მეხსიერების დაკარგვა, ყურადღების დეფიციტი და აღმასრულებელი ფუნქციების დაქვეითება.

კოლიტის მქონე ვირთხებში წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადება ჰიპოკამპუსში უფრო ძლიერ ანთებას იწვევს.

ამჯერად, ესპანელმა მკვლევრებმა ეს შედეგები განავრცეს და აჩვენეს, რომ ვირთხებში ნაწლავის ანთება ასევე იწვევს ჰიპოკამპუსის ნეირონების დაზიანებას და დისფუნქციას.

თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ როგორც ჩანს, კრეატინის ორალური დოზები ამ მხრივ სასარგებლოა.

ექსპერიმენტებში ზოგიერთ ვირთხას მისცეს წყალი, რომელიც მათი სხეულის ერთ კილოგრამზე ერთ გრამ კრეატინს შეიცავდა.

10 დღის შემდეგ, მეცნიერებმა გამოიწვიეს კოლიტის სიმპტომები. ექსპერიმენტის ბოლომდე გაგრძელდა კრეატინის დღიური დოზის მიცემა.

ვირთხებში, რომლებიც კრეატინს იღებდნენ, მაგრამ კოლიტი არ ჰქონდათ, მკვლევრებმა ვერ დააფიქსირეს ჰიპოკამპუსში კრეატინის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება.

თუმცა, კოლიტის მქონე ვირთხებში, კრეატინმა გააუმჯობესა ჯანმრთელი თავის ტვინის რამდენიმე მარკერი.

„დანამატის მიღებამ ჰიპოკამპუსში აღადგინა კრეატინის დონე, შეინარჩუნა ნეირონული მთლიანობა და ნორმის ფარგლებში დააბრუნა დარღვეული აგზნებადობა“, — წერენ მკვლევრები.

საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, კრეატინის სარგებელი კოლიტის მქონე მამრ ვირთხებში უფრო აშკარა იყო, ვიდრე მდედრებში.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მამრებში კოლიტთან დაკავშირებული ტვინის დაზიანება უფრო უარესი იყო, ვიდრე მდედრებში.

შედეგები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ანთებითი მდგომარეობა მდედრების და მამრების ტვინზე შეიძლება სხვადასხვაგვარად ზემოქმედებდეს და რომ კრეატინის დანამატის მიღება გვეხმარებოდეს ამ შედეგების ნაწილის თავიდან აცილებაში.

„კოლიტის გარდა, თავის ტვინში კრეატინის შემცველობის შემცირება დაკავშირებულია სისტემური და ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებით აშლილობებთან, მათ შორის ნეიროდეგენერაციასთან, ტვინის ტრავმულ დაზიანებასთან და ნეიროფსიქიატრიულ დაავადებასთან“, — განმარტავენ ავტორები.

თუმცა, კრეატინსა და ტვინთან დაკავშირებული კვლევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ პრეკლინიკურ ეტაპზეა, ამიტომ გაურკვეველია, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს დანამატი ადამიანებისთვის.

მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ სარგებელი ყველასთვის ერთნაირი არ იქნება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, პოდკასტში „Health vs Hype“, ჯანდაცვის კომპანია Geisinger-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ჯეისონ მიტჩელმა განაცხადა, რომ კრეატინსა და ტვინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უახლესი შედეგები საინტერესოა, თუმცა მათ საბოლოო დასკვნად ვერ მივიჩნევთ.

„არ გვაქვს მონაცემები იმის სათქმელად, რომ, დიახ, ეს ისეთი რამაა, რაც ტვინისთვის უნდა მიიღოთ, თუმცა არც ამ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. არსებობს გარკვეული კვლევებიც.

ამ სიას ახლა უკვე ესპანელი მკვლევრებიც დაემატნენ.

კვლევა Brain, Behavior, and Immunity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი