როგორ გადაურჩნენ ადამიანები 7300 წლის წინ იაპონიაში მომხდარ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ვულკანურ ამოფრქვევას — #1tvმეცნიერება

14:08, 03.11.2026

კიკაი-აკაჰოიას ვულკანური ამოფრქვევა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია ისტორიაში.

7300 წლის წინ, ძვ. წ. 5250 წელს, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, აფეთქებების სერიის შედეგად, მან ზღვის ფსკერის ქვემოდან უზარმაზარი რაოდენობით მაგმა და ვულკანური მასალა ამოაფრქვია.

იმ დროის იაპონიაში, ჯომონის მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებებისთვის ეს წარმოუდგენელი მასშტაბის კატაკლიზმური მოვლენა უნდა ყოფილიყო.  ვულკანური ფეთქებადობის ინდექსის 8-ბალიან სკალაზე მისი მაჩვენებელი 7 იყო და წარმოადგენდა მოვლენას, რომელიც მხოლოდ ყოველ 500 – 1000 წელიწადში ერთხელ ხდება.

ვინაიდან ამოფრქვევის მტკიცებულებები პირველად 1970-იან წლებში აღმოაჩინეს, მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ მის შედეგებზე.

აშკარაა, რომ ამოფრქვევით გამოწვეული ზიანი უზარმაზარი უნდა ყოფილიყო — მაგრამ უცნობია, მოახერხეს თუ არა ან როდის მიმდებარე საზოგადოებებმა აღდგენა შემდეგ წლებში და რა მასშტაბით.

Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა კიკაი-აკაჰოიას ვულკანური ამოფრქვევის შედეგები და დაადგინა, რომ სულ მცირე ზოგიერთ ზონაში, ადამიანები უფრო მოხერხებულები და ადაპტაციის უნარის მქონენი იყვნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

„ეს ამოფრქვევა გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო, ზღვის ფსკერი რაიმე წინასწარი ნიშნების გარეშე უნდა აფეთქებულიყო. მან იაპონიის კუნძულები ძლიერი მიწისძვრებითა და უზარმაზარი ცუნამებით დააზიანა, შემდეგ კი მთელი ტერიტორია ვულკანური ფერფლის მეტრიანი ფენით დაფარა“, — ამბობს შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის არქეოლოგი პიტერ ჯორდანი.

მკვლევრებმა შეისწავლეს იაპონიაში შეგროვებული, 8000 – 6500 წლის წინანდელი 540 არქეოლოგიური ნიმუში — ანუ ამოფრქვევამდე რამდენიმე ასეული წლით ადრინდელი და შემდეგი.

იმის გათვალისწინებით, რადიონახშირბადულად დათარიღებული რამდენი ნიმუში (მაგალითად, ნახშირი ან ძვლები) იყო თითოეულ რეგიონში ამოფრქვევამდელი და ამოფრქვევის შემდგომი, მკვლევრებმა მოსახლეობის აქტივობის შეფასება შეძლეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაზიანებული ზონის ზოგიერთი ნაწილი ძალიან დიდხანს დარჩა ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი.

სხვა ზონებში აღმოჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ ხალხი ახალ ადგილებში გადაადგილდებოდა, სწავლობდა ახალ უნარებს და ერგებოდა ცხოვრების ახალ გზას.

„კატასტროფამ ადამიანთა დიდი მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა, გადარჩენილები მიგრირდნენ, ჩამოაყალიბეს ახალი სოციალური კავშირები, შექმნეს ახალი სახის ეკონომიკა და როგორც ჩანს, იპოვეს არსებობისა და კატასტროფის შემდგომ გარემოში აღორძინების კრეატიული გზები.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჯომონის ტრადიციული მონადირე-შემგროვებელი მოსახლეობა შეიძლება ამოფრქვევამდეც უკვე ისედაც მცირდებოდა სამხრეთ კიუსიუზე, ამოფრქვევის ადგილის სიახლოვეს.

სამაგიეროდ, კუნძულის ჩრდილოეთში საზოგადოებების ზომა და რაოდენობა ამოფრქვევამდე იზრდებოდა და ასე გაგრძელდა შემდეგაც. კვლევის თანახმად, ეს მდგრადობა შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ დაზარალებული ჯგუფები კატასტროფის ზონიდან გადაადგილდნენ.

როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სიცოცხლე წყალში აღდგა, შემდეგ კი მოჰყვა იაპონიის პრეისტორიულ ხალხთა გადაადგილება. მკვლევართა ვარაუდით, შიდა ტერიტორიებზე გადარჩენილები შესაძლოა სანაპიროებისკენ გაემართნენ და იქ ცხოვრების ახალ წესს მოერგნენ.

„ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი, გადარჩენილებს და საზოგადოებებს არჩევანი ჰქონდათ, თუმცა შეზღუდული. ესაჭიროებოდათ მოქმედება და გადაწყვეტილებათა მიღება, მორგება, თანამშრომლობა, ახალი კავშირები და სოციალური ურთიერთობები“, — ამბობს ჯორდანი.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ იაპონიის ზოგიერთ უფრო შორეულ რეგიონებში, როგორიცაა თუნდაც ისეს ყურე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა — ზრდა შეჩერდა და ზოგან შემცირებაც კი დაიწყო.

ჯგუფის აზრით, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ამოფრქვევით გამოწვეული მოკლევადიანი აცივება ან კლიმატის ცვლილების ჯერ უცნობი ეფექტი.

ან შესაძლოა, ეს საკვები წყაროების დაკარგვით იყო განპირობებული — ფერფლით დაფარულ ტერიტორიებზე საკვების მოპოვებისას ირმებისა და ტახების კბილები ცვდებოდა, რამაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა.

კვლევის შედეგები უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კაცობრიობას, უპასუხოს ბუნებრივ კატასტროფებს და გადარჩენის მიზნით, საკუთარ შინაგან რესურსებს მიმართოს — რაც სულ უფრო აქტუალური ხდება სამყაროში, სადაც კლიმატსა და ამინდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

„ეს კვლევა ხელს უწყობს იმის უფრო ღრმად გააზრებას, თუ რა სხვადასხვაგვარი, კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებული გზებით უმკლავდებიან კულტურები და საზოგადოებები მოულოდნელ შოკებსა და კატასტროფებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის არქეოლოგი პიტერ ჯორდანი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lunduniversity.lu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი