დიდი ხნის წინ მიძინებული „ზომბი“ ვულკანის სიღრმეში გამოღვიძების ნიშნები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ვულკანი, რომელიც უკვე 250 000 წელიწადია მიძინებულია, შეიძლება არც ისეთი მკვდარი იყოს, როგორც ჩანს.
მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რა ხდება ბოლივიის სურ-ლიპესის პროვინციაში, ვულკან უტურუნკუს მაღალ მწვერვალთა ქვეშ, მაგმის კამერებში, საიდანაც ვულკანური მასალა თანდათან ზედაპირისკენ ამოდის.
„როდესაც ხალხი ვულკანებს უყურებს, ფიქრობენ, რომ თუ ის ამოფრქვევას არ აპირებს, მათთვის უინტერესოა. მაგრამ სინამდვილეში, ვულკანები, რომლებიც ზედაპირზე მკვდრებს ჰგვანან, სიღრმეში მკვდრები სულაც არ არიან. იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესები. უტურუნკუს ქვეშ მიმდინარე პროცესები კი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გვეუბნება იქ მოძრავი სითხეებისა და აირების შესახებ, რომლებიც შეიძლება გახდნენ ან უკვე დღესაც წარმოადგენენ ტექნოლოგიებში გამოსადეგი მინერალების საბადოს“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი მეთიუ პრიტჩარდი.
უტურუნკუ ერთგვარი ზომბი ვულკანია. მიძინებულად მიიჩნევა, რადგან ბოლოს დაახლოებით მეოთხედი მილიონი წლის წინ ამოიფრქვა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ნიშნები მაინც ემჩნევა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, დაფიქსირდა სეისმური აქტივობის მკვეთრი ზრდა და გაზის ჭავლების ამოშვება — ვულკანზე მიმდინარე ასეთი აქტივობა არც ისე დამამშვიდებელია.

ყველა ამ აქტივობის შედეგად, უტურუნკუს გარშემო ლანდშაფტი დეფორმირდა და მიიღო სომბრეროს მსგავსი ფორმა, რომელშიც ვულკანის მწვერვალი ცენტრშია, მიმდებარე მიწა კი უფრო დაბალ სიმაღლეზე ეშვება.
დიდ ვულკანზე აქტივობის ნებისმიერი ნიშანი კვლევების დაწყების საფუძველია; ადამიანებს, განსაკუთრებით მიმდებარედ მცხოვრებლებს, ესაჭიროებათ იცოდნენ, ემუქრებათ თუ არა უცაბედი, ფეთქებადი ამოფრქვევისგან რაიმე საფრთხე. ამიტომ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა, რათა გაერკვიათ, რა ხდება უტურუნკუს ქვეშ და არის თუ არა შეშფოთების რაიმე საფუძველი.
საერთო ჯამში, კარგი ამბავია — საგანგაშო არაფერია. უტურუნკუ შეიძლება სრულად მკვდარი არ იყოს, მაგრამ უახლოეს მომავალში ამოფრქვევას ნამდვილად არ აპირებს.
მკვლევრებმა გამოიყენეს მიმდებარე ზონაში დაფიქსირებული 1700-ზე მეტი მიწისძვრის მონაცემი, რის საფუძველზეც ვულკანის ქვეშ არსებული სისტემა აღრიცხეს. ეს სამუშაო რენტგენული ტომოგრაფიის ჩატარებას წააგავს.
ბიძგის შემდეგ, მიწაში ასხლეტილი აკუსტიკური ტალღები იცვლებიან იმ მატერიის მიხედვით, რომელშიც გზად გაივლიან, რის საფუძველზეც, მეცნიერები ადგენენ მყარი მინერალების ზონების, ღრუ კამერებისა და სითხეების ადგილმდებარეობას.

ეს მონაცემები გააერთიანეს წინა გეოფიზიკური ვიზუალიზაციის მონაცემებთან და პეტროქიმიურ ანალიზებთან, შემდეგ კი შეასრულეს ქანების ფიზიკური მოდელირება, რითაც შექმნეს მიწისქვეშ მიმდინარე აქტივობის რეკონსტრუქცია.
შედეგებმა აჩვენა, რომ ვულკანის ქვეშ არის თავთხელი ჰიდროთერმული სისტემა, საიდანაც ცხელი წყალი ზემოთ, ზედაპირისკენ მოემართება. კრატერის ქვეშ არის რეზერვუარი, რომელშიც გაზია აკუმულირებული, ზედაპირს აწვება და მაღლა სწევს, წელიწადში ერთი სანტიმეტრით.
ეს ინფორმაცია მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს ისეთ მინერალთა საბადოების აღმოჩენაში, როგორიცაა სპილენძი. ასევე საშუალება ექნებათ შეისწავლონ, როგორ წარმოიქმნა ეს მინერალები.
„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სითხეები გამდნარ ქანებში მიედინება და გზადაგზა ზოგიერთ მინერალსაც აგროვებენ, შემდეგ კი სადღაც ლექავენ“, — განმარტავს პიტჩარდი.
მკვლევართა განცხადებით, გარკვეულ მომენტში, მიწისქვეშ მიმდინარე ეს პროცესი შეიძლება ეკონომიკურად სასარგებლო აღმოჩნდეს.
კვლევა ასევე წარმოაჩენს, როგორ შეუძლია მონაცემთა მრავალი ბაზისა და მეთოდის კომბინირებას ერთი შეხედვით არააქტიური ვულკანური სისტემის ქვეშ მიმდინარე მალული პროცესების გამომჟღავნება, რათა განისაზღვროს მათი საფრთხის დონე.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.cornell.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.