პლუტონს გადაღმა სავარაუდო ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

17:29, 29.10.2026

მზის სისტემის შორეული მისადგომები ადამიანისთვის დიდწილად იდუმალებითაა მოცული.

ეს რეგიონი ერთგვარ გარდამავალ შუალედს წარმოადგენს — ანტი სასიცოცხლო ზონას, რომელიც ზედმეტად ცივი და ბნელია როგორც მზის სისტემის ობსერვატორიებისთვის, ისე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპებისთვის, რომელთაც მილიარდობით სინათლის წლის იქით შეუძლიათ გახედვა.

მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები პლუტონის მიღმა არსებულ სივრცეს მცირე ნიშნებზე დაყრდნობით აღადგენდნენ — გაფანტული აღმოჩენები და არაპირდაპირი მინიშნებები უკვე დაფიქსირებულ ობიექტთა მოძრაობებიდან.

ახლა კი, ვერა რუბინის ობსერვატორია მზადაა, ყველაფერი ფართოდ გახსნას და სააშკარაოზე გამოიტანოს.

მკვლევრები შთამბეჭდავი აღმოჩენის შესახებ იუწყებიან — ტელესკოპის პირველი კანდიდატი ჯუჯა პლანეტა, მოზრდილი ობიექტი კოიპერის სარტყელში, რომლის სიგანეც 600-დან 1500 კილომეტრამდე მერყეობს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ობიექტი, სახელად 2026 ED138 შეიძლება ჩვენ ცხვირწინ იმალებოდა. მისი მთლიანი ორბიტა მზისგან პლუტონის დაშორების დიაპაზონშია მოქცეული, თუმცა ჩვენ ის სულ ახლახან აღმოვაჩინეთ.

ის შეიძლება ერთ-ერთი უდიდესი ობიექტი იყოს ნეპტუნს გადაღმა სივრცეში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, პოტენციურად მაკემაკესა და ჰაუმეას ზომის.

„ჩემი პირველი რეაქცია აღელვებული დაუჯერებლობა იყო. ასეთი ობიექტები ძალიან იშვიათია, ამიტომ მაშინვე დავიწყე შემოწმება, ვუშვებდი თუ არა მე ან კოდი რამე შეცდომას“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი მეთიუ ჰოლმანი.

ყველაფერი, რაც ნეპტუნს იქით მზის სისტემის შესახებ ვიცით, მიუთითებს, რომ იქ იმაზე გაცილებით მეტი რამაა, ვიდრე ვხედავთ.

ნეპტუნს გადაღმა მდებარეობს კოიპერის სარტყელი — ყინულოვან ობიექტთა ვრცელი ველი, რომელიც დაახლოებით 55 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ვრცელდება (ერთი ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის). მისგან გაცილებით შორს კი გაწოლილია ჰიპოთეტურტი ოორტის ღრუბელი, რომელიც შეიძლება ათეულობით ათასი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ივრცობოდეს.

დაფიქსირებულია ათასობით ნეპტუნსგადაღმა ობიექტი, ჯუჯა პლანეტებით დაწყებული, პატარა, ყინულოვანი სხეულებით დამთავრებული. მზის სისტემის შიდა ნაწილში იქიდან შემოსული კომეტები კი გვიჩვენებენ უფრო შორეულ რეგიონებში არსებულ მატერიას.

თუმცა, იქ არსებულ ობიექტებზე პირდაპირ დაკვირვება წარმოუდგენლად რთულია.

მზისგან ასე ძალიან შორს, ისინი ძალიან ცოტა სინათლეს იღებენ, რომ უკან რაიმე აირეკლონ. შედეგად, ოპიკურ ტალღის სიგრძეში უკიდურესად მკრთალები არიან. ისინი ასევე უკიდურესად ცივია და შორ-ინფრაწითელ დიაპაზონში მხოლოდ სუსტ თერმულ ნათებას გამოსცემს.

ამავე დროს, არ არიან სტაციონარულები. მზის გარშემო მოძრაობისას, თანდათან იცვლება მათი ფონური ვარსკვლავები. თუკი ტელესკოპი ზუსტ ადგილას ზუსტ დროს არ მივმართეთ, აღმოჩენას გამოვტოვებთ.

საბოლოო ლურსმანი კუბოზე არის არასათანადო ქცევა ორბიტაზე. მზესთან ახლოს მდებარე დიდი ობიექტები მეტ-ნაკლებად ბრტყელ სიბრტყეში მოძრაობენ, მაგრამ ნეპტუნს იქით, ყველაფერი უფრო ქაოსურია. მრავალი ნეპტუნსგადაღმა ობიექტი მზის გარშემო უცნაური კუთხეებით მოძრაობს და ასტრონომებს ძებნა ცის დრამატულად დიდ ზონაში უწევთ.

სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ვერა რუბინის ობსერვატორია.

ეს ტელესკოპი აღჭურვილია უდიდესი ციფრული კამერით, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ასტრონომიისთვის და გამუდმებით ამოწმებს სამხრეთის ცის უზარმაზარ მონაკვეთებს, იჭერს იმდენად მკრთალ ობიექტებს, რომ მათი დაფიქსირება წინა ხელსაწყოებს არ შეეძლოთ.

რუბინის 3,2-გიგაპიქსელიან კამერას ერთჯერადი ექსპოზიციით შეუძლია გადაიღოს ცის ისეთი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 40 სავსე მთვარის ფართობს უტოლდება.

ერთსა და იმავე რეგიონებზე გამუდმებით დაბრუნების შემდეგ, ასტრონომებს შეუძლიათ, გამოავლინონ სინათლის მკრთალი წერტილები, რომლებიც ფონურ ვარსკვლავთა მიმართ პოზიციას იცვლიან და მიუთითებენ, რომ ობიექტები მზის სისტემაში მოძრაობენ.

ვერა რუბინის ობსერვატორია 2025 წლის ივნისში გაეშვა, 2026 წლის მარტში კი მის კამერაში ED138 შეიჭრა.

2026 წლის 13 ოქტომბერს, ჰოლმანი ვერა რუბინის მონაცემებს თავის კოლეგა კევინ ნაპიერის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებდა, როცა მისი ყურადღება რაღაც უცნაურმა მიიპყრო.

ტელესკოპს ჩაწერილი ჰქონდა კოიპერის სარტყელში მოძრავი დიდი, იქამდე უცნობი ობიექტი.

2026 წლის 4 მარტიდან 11 ივლისამდე, 20 ღამის განმავლობაში, ჯგუფმა ის ვერა რუბინის დაკვირვებებში 30-ჯერ დააფიქსირა.

ამის შემდეგ მათ არქივშიც ჩაიხედეს და ნახეს, რომ 2016 წლის ოქტომბერში ეს ობიექტი დაფიქსირებული ჰქონდა ბნელი ენერგიის კამერასაც.

ათი წლის განმავლობაში ამ შორეული პლანეტის კვალი ასტრონომიულ გამოსახულებებში „იჯდა“ და ელოდა, როდის გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას აღმოაჩენდა.

და ის მხოლოდ ერთ დაკვირვებაში არ ჩანდა. ბნელი ენერგიის კამერას ობიექტი ასევე გადაღებული ჰქონდა 2017, 2018, 2019 და 2023 წლებში.

ეს საარქივო მონაცემები ნამდვილი საჩუქარი იყო — დაკვირვების მონაცემთა ბაზის წლობით გაფართოება, რაც მკვლევრებს ED138-ის ორბიტის დახასიათების საშუალებას აძლევს.

მცირე პლანეტათა ცენტრის მონაცემებით, ED138-ს მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის დაახლოებით 281 წელი სჭირდება; პერიჰელიონში მზეს 36,86 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე უახლოვდება, აფელიონში კი 49,04 ასტრონომიული ერთეულით შორდება.

შედარებისათვის, პლუტონი მზის გარშემო 29,6 – 49,08 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს. ED138-ის საშუალო ორბიტული მანძილი დაახლოებით 42,95 ასტრონომიული ერთეულია, პლუტონზე ოდნავ შორი, რადგან მას უფრო შორეული პერიჰელიონი აქვს.

ვინაიდან ED138 პლუტონის დიაპაზონში ექცევა, შეძლება გაგიკვირდეთ, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მისი დაფიქსირება.

მისი ორბიტა დაახლოებით 24,5 გრადუსითაა დახრილი მზის სისტემის სიბრტყესთან მიმართებაში — ორბიტული ხრიკების თვალსაჩინო მაგალითი, რომელთა გამოც ნეპტუნსგადაღმა ობიექტების აღმოჩენა შეიძლება ძალიან რთული იყოს.

ყველაფერს კიდევ უფრო აუარესებდა ის, რომ ED138 იმალებოდა ირმის ნახტომის მჭიდრო ვარსკვლავური პოპულაციის ფონზე, სადაც აურაცხელი ვარსკვლავი მის გამორჩევას ართულებდა.

ობიექტის ზუსტი ზომა ჯერ ცნობილი არ არის.

მისი დიამეტრის შეფასება ასტრონომებს შეუძლიათ მისი სიკაშკაშისა და მანძილის საფუძველზე, მაგრამ არის ერთი პრობლემა. პატარა ობიექტი ძლიერ ამრეკლავი, ყინულოვანი ზედაპირით, ისეთივე კაშკაშა ჩანს, როგორც ბნელი ზედაპირის მქონე გაცილებით დიდი ობიექტი გამოჩნდებოდა.

თუ არ გვეცოდინება, რამდენად ამრეკლავია ED138, მკვლევრებს მხოლოდ იმის ვარაუდი შეუძლიათ, რომ მისი დიამეტრი დაახლოებით 600 – 1500 კილომეტრს შორისაა.

თუმცა, ასეთი ზომების პირობებში, ის სავარაუდოდ საკმარისად მასიურია იმისათვის, რათა საკუთარი გრავიტაციის ზემოქმედებით მიიღოს დაახლოებით სფერული ფორმა — რაც ჯუჯა პლანეტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია.

შემდგომი დაკვირვებები, განსაკუთრებით კი ინფრაწითელ დიაპაზონში, ასტრონომებს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ მისი ზომა და შეაფასონ, აკმაყოფილებს თუ არა ის ჯუჯა პლანეტის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს; ამის შემდეგ კი, მას უდავოდ შეურჩევენ უფრო მიმზიდველ სახელს, ვიდრე ED138-ია.

და როგორც ჩანს, ED138 მხოლოდ დასაწყისია.

2026 წლის ივნისში დაწყებული ათწლიანი კვლევის ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ რუბინი მზის სისტემის გარე ნაწილში ათასობით აქამდე უცნობ ობიექტს აღმოაჩენს. ეს ასტრონომებს სისტემის ისტორიისა და ევოლუციის აღდგენაში დაეხმარება; შესაძლოა, აღმოაჩინოს ისეთი სხეულებიც კი, რომლებიც ყველაფერ იმას აღემატება, რაც აქამდე გვიპოვია — როგორც ზომით, ისე თავისი უცნაურობით.

მიმზიდველ შესაძლებლობებს შორისაა ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტა — მასიური, თუმცა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სხეული; ვარაუდობენ, რომ სწორედ მისი გრავიტაციული გავლენით აიხსნება ზოგიერთი შორეული ნეპტუნსგადაღმა ობიექტის უჩვეულო ორბიტა.

რუბინი შეიძლება იყოს ის, რაც მეცხრე პლანეტის საიდუმლოს ფარდას ახდის და გამოააშკარავებს, მართლაც ამ გაქცეული პლანეტის ბრალია ეს უცნაური ორბიტები, თუ საქმე გვაქვს კლდოვანი სხეულების გროვასთან, რომლებიც პლანეტის ფორმის მოსასხამში არიან გახვეულნი.

ასეა თუ ისე, მზის სისტემის კვლევის თამამ, ახალ ეპოქაში შევდივართ.

მომზადებულია rubinobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი