ასტრონომთა განცხადებით, მეცხრე პლანეტის არსებობის ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ სტატისტიკურ მტკიცებულებას მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომთა განცხადებით, მეცხრე პლანეტის არსებობის ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ სტატისტიკურ მტკიცებულებას მიაგნეს — #1tvმეცნიერება

მოუხელთებელ მეცხრე პლანეტაზე ნადირობა გრძელდება და როგორც ახალი კვლევა ირწმუნება, მოიპოვეს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი სტატისტიკური მტკიცებულება იმისა, რომ მზის სისტემის შორეულ მისადგომებში ასეთი პლანეტა მართლაც მოძრაობს.

ასე განუცხადა გამოცემა The Independent-ს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა კონსტანტინ ბატიგინმა. მასვე ეკუთვნის მრავალი სხვა წინა კვლევა, რომელშიც ის მეცხრე პლანეტის არსებობის დადასტურებას ცდილობდა.

ახალ კვლევაში, ბატიგინმა და მისმა კოლეგებმა ნეპტუნსგადაღმა ობიექტების (TNO) მოძრაობები შეისწავლეს; ეს გახლავთ მრავალი სხვადასხვა ზომის ციური სხეული ნეპტუნის ორბიტის იქით, რომელთა შორის ასევე არიან ჯუჯა პლანეტა პლუტონი და ნეპტუნი.

უფრო კონკრეტულად, ჯგუფმა შეისწავლა ის ნეპტუნსგადაღმა ობიექტები, რომლებიც წინა კვლევებში გამორჩენილი იყო არასტაბილურ მოძრაობათა გამო, რასაც თავის მხრივ, ნეპტუნის გრავიტაცია განაპირობებს. ასეთი არასტაბილურობის გამო, მათი ორბიტების ინტერპრეტირება რთულია, მაგრამ მკვლევრებს ამ გამოწვევის დაძლევა სურდათ.

შემდეგ ეს მონაცემები სიმულაციებში ჩართეს და გააერთიანეს სხვა პლანეტების, გამვლელ ვარსკვლავთა და ირმის ნახტომიდან მომდინარე გალაქტიკური მოქცევის (თავად გალაქტიკის მოქაჩვა და გაწევა) ცნობილ ძალებთან.

ჩაატარეს სიმულაციათა ორი სერია; ერთში მიჩნეული იყო, რომ მეცხრე პლანეტა იქ არის, სადაც ასტრონომებს ჰგონიათ, რომ უნდა იყოს, მეორეს კი მიაჩნდა, რომ მეცხრე პლანეტა საერთოდაც არ არსებობს.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ითვალისწინებს დაკვირვებით მიკერძოებებს და ავლენს, რომ ობიექტთა ამ ჯგუფის ორბიტული არქიტექტურა მჭიდროდ შეესაბამება P9-ინკლუზიურ მოდელს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ამის საპირისპიროდ, ძალიან ნაკლებად იქნებოდა სავარაუდო, რომ ამ მოხეტიალე ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა მოძრაობები ისეთ სცენარში, სადაც მეცხრე პლანეტა არ არსებობს. ამ მომენტისთვის, მეცხრე პლანეტის არსებობა საუკეთესოდ ხსნის იმ დაკვირვებებს, რაც ხელთ გვაქვს.

ამავე დროს, მკვლევრები აღიარებენ, რომ მეცხრე პლანეტის არსებობის გადაჭრით დადასტურებამდე ჯერ დიდი დრო გვაშორებს. მზის სისტემის დანარჩენ ნაწილზე მისი ეფექტების გზით დაფიქსირების წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

როცა უფრო მძლავრი ტელესკოპები ამუშავდება და ჯგუფის აზრით, ასეთი შეიძლება იყოს ვერა რუბინის ობსერვატორია ჩილეში, მეცხრე პლანეტის დაფიქსირების შანსები გაცილებით გაიზრდება.

მკვლევართა განცხადებით, მოუთმენლად ელოდებიან, რა შედეგებს დადებს სამომავლო კვლევები და აღნიშნავენ, რომ მრავალი შეფასება და დაშვება, მათ შორის ეს ანალიზიც, სამომავლო ტელესკოპებით შეგვეძლება მკაცრად შევამოწმოთ.

გახსოვდეთ, რომ ჯგუფის გათვლებზე დაყრდნობით, პლანეტა, რომელიც მეცხრე პლანეტის მოსალოდნელ მახასიათებლებს ემთხვევა, შედარებით მაინც პატარა უნდა იყოს, დედამიწაზე ხუთჯერ მასიური და მზისგან იმაზე 500-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწა.

გამომდინარე იქიდან, რომ პლუტონი მზისგან 40-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დედამიწა, წარმოიდგინეთ, რამდენად რთული უნდა იყოს 500-ჯერ უფრო შორს მყოფი პლანეტის დანახვა. ამიტომ, ამ ეტაპზე, მხოლოდ სიმულაციებზე შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.