2025 წლის კამჩატკის მიწისძვრამ გააღვიძა ვულკანი, რომელიც 500 წლის განმავლობაში მიძინებული იყო — #1tvმეცნიერება

16:58, 07.09.2026

თითქმის ხუთი საუკუნეა, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე კრაშენინიკოვის ვულკანი არ ამოფრქვეულა. არც ამის რაიმე ნიშანი შეიმჩნეოდა.

თუმცა, 2025 წლის 30 ივლისის შუადღეს, კამჩატკის სანაპიროსთან დედამიწის ქერქი მოულოდნელად ჩაინგრა.

ეს მეგამიწისძვრა ერთ-ერთი უმძლავრესი იყო აღრიცხულთა შორის, 8,8 მაგნიტუდის სიძლიერის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა გაფრთხილებები ცუნამის შესახებ, თავად კამჩატკაზე კი რამდენიმე ვულკანმა გაიღვიძა, ამოაფრქვიეს ფერფლი და ლავა, რასაც მკვლევრებმა „ამოფრქვევის პარადი“ უწოდეს.

კამჩატკა ერთ-ერთი ყველაზე ვულკანური ადგილია მთელ დედამიწაზე. იქ თავს იყრის 160 ვულკანი, რომელთაგან 29 აქტიურია.

თუმცა, ერთი ვულკანი, რომელიც ამ „პარადს“ შეუერთდა, ნამდვილი მოულოდნელობა იყო. კრაშენინიკოვი საუკუნეებია არ ამოფრქვეულა; თუმცა, მეგამიძისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მან კვამლის უზარმაზარი ჭავლის ამოფრქვევა დაიწყო.

სულაც არაა უსაფუძვლო, ვივარაუდოთ, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული; მაგრამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ვულკანოლოგის, ჯეიმს ჰიკის ხელმძღვანელობით, ამოფრქვევა შეისწავლა და დაადგინა, როგორ შეიძლება გამოეღვიძებინა მეგამიწიძვრას კრაშენინიკოვი ხანგრძლივი ძილიდან.

„მიწისძვრის „ხანგრძლივმა რყევამ, სავარაუდოდ, გამოიწვია დროზე დამოკიდებული აქროლადი ეგზოლუცია, ბუშტის ზრდა და საბოლოოდ რეზერვუარის დესტაბილიზაცია სისტემაში, რომელიც მექანიკურად უკვე მგრძნობიარე იყო მარცხისადმი. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როგორც ჩანს, აშკარად მიძინებულმა ვულკანებმა შეიძლება დამალონ სეისმური აშლილობისკენ მიდრეკილი ფარული კრიტიკული მდგომარეობა, განსაკუთრებით გაფართოების რკალის პირობებში, სადაც აქროლადი ნივთიერებებით მდიდარი მაგმები განმეორებითი მეგამიწისძვრების ზემოქმედების ქვეშ არიან“, — წერენ მკვლევრები EarthArXiv-ზე ატვირთულ პუბლიკაციაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის.

მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული… მაგრამ ერთიდან მეორეზე გადასვლა არც ისე მარტივია და კამჩატკა ამის იდეალური დემონსტრირებაა.

რეგიონი მდებარეობს სუბდუქციის ზონის თავზე, სადაც წყნაროეკანური ფილა ცურდება ოხოტსკის მიკროფილის ქვეშ, რაც იწვევს საოცარ ვულკანიზმს და თანმხლებ მძლავრ მიწისძვრებს.

განტოლება რომ ისეთი მარტივი იყოს, როგორიცაა „ჩასვი მიძისწვრა, მიიღე ვულკანი“, კამჩატკის მეგამიწისძვრის შედეგები დრამატულად უფრო ფეთქებადი იქნებოდა. რყევა იგრძო ათეულობით სხვა პოტენციურად აქტიურმა ვულკანმა, მაგრამ ამოფრქვევის პარადს მხოლოდ რამდენიმე შეუერთა.

პროცესში ჩართულ ზოგიერთ ვულკანს არაფერი შეუცვლია; მაგალითად, ვულკანი კარიმსკი 1996 წლიდან თითქმის განუწყვეტლივ იფრქვევა; უცნაური ის იქნებოდა, ის რომ უცებ ჩამქრალიყო.

მაგრამ რატომ კრაშენინიკოვი? და რატომ ახლა 475-წლიანი ძილის შემდეგ?

მიწისძვრამდე, კრაშენინიკოვში გარეგნულად განსაკუთრებით უჩვეულო არაფერი შეინიშნებოდა.

თანამგზავრული რადარით 9-წლიან დაკვირვებათა მონაცემებში არ შეინიშნება მიწის ამობერვა, რაც ვულკანის ქვეშ მაგმის დაგროვების მანიშნებელი იქნებოდა. უფრო მეტიც, ზედაპირი ნელა იძირებოდა, წელიწადში დაახლოებით 4 მილიმეტრით.

მიწისძვრამდე თანამგზავრებს კრაშენინიკოვიდან ამოსული არც გოგირდის დიოქსიდი დაუფიქსირებიათ, მაშინაც კი, როდესაც ისინი კამჩატკის სხვა ვულკანებიდან ამოფრქვეულ გაზს იღებდნენ.

შემდეგ მოხდა მეგამიწისძვრა.

დაახლოებით ორი დღის შემდეგ, კრაშენინიკოვის გარშემო ზონაში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 12 მიწისძვრა მოხდა, სულ რაღაც ხუთ საათში. თანამგზავრულმა დაკვირვებებმა ცხადყო, თუ რა ხდებოდა მიწისქვეშ — მაგმამ ქერქში თითქმის ვერტიკალური ნაპრალი გახსნა.

ზედაპირიდან დაახლოებით 6 კილომეტრის სიღრმეში მდებარე რეზერვუარიდან ამოვიდა დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრი მაგმა.

სწორედ აქ დაიწყო უცნაური ამბები.

ალბათ იფიქრებდით, რომ ეს მთელი აურზაური ვულკანს იმდენად ძლიერად შეარყევდა, რომ აფეთქდებოდა კიდეც — მაგრამ კრაშენინიკოვის მუდმივი დაძაბულობის ცვლილება უმნიშვნელო იყო — სულ რაღაც 0,01 – 0,05 მეგაპასკალი კულომბის დაძაბულობაში. ზოგადად მიჩნეულია, რომ მაგმის რეზერვუარების კოლაფსისთვის საჭიროა დაახლოებით 1 – 10 მეგაპასკალი ჭარბი წნევა.

მიწის ფიზიკურად შერყევის დროს გარდამავალი სტრესი უფრო დიდი იყო, დაახლოებით 1,0 ± 0,6 მეგაპასკალი, ანუ პოტენციურად საკმარისად დიდი, რომ თეორიულად გამოეღვიძებინა მიძინებული ვულკანი. თუმცა, მკვლევართა აზრით, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ერთი მხრივ, კრაშენინიკოვმა მაშინვე არ უპასუხა. მაგმამ ნაპრალში ამოსვლა მიწისძვრიდან დაახლოებით 1,5 – 2,5 დღის შემდეგ დაიწყო ამოსვლა.

მკვლევართა მოდელირების თანახმად, რეზერვუარში არსებულ მაგმას გაზის მაღალი შემცველობის თვისებები ჰქონდა. შეიძლება, სწორედ აქ გახდა 475-წლიანი მდუმარება მნიშვნელოვანი.

საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კრისტალიზაციის შემდეგ, აქროლადებით მდიდარმა მაგმამ რეზერვუარში შეიძლება ბუშტები დააგროვოს. მიწისძვრის ხანგრძლივმა რყევამ შესაძლოა ამ ბუშტებში გაზის მეტი დიფუზია გამოიწვიოს, რამაც ისინი გაზარდა და ამავდროულად ხელი შეუწყო ახალი ბუშტების წარმოქმნას.

ეს გაზი წნევას ზრდის. მკვლევრების ვარაუდით, საბოლოოდ, რეზერვუარი არასტაბილური გახდა, მაგმა ნაპრალში შეიჭრა და კრაშენინიკოვი ამოიფრქვა.

დედამიწამ ამოიოხრა, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი შეკრთა და გამოფხიზლდა.

ამით შეიძლება აიხსნას, რატომ მოახდინა კრაშენინიკოვმა და კამჩატკის ყველა სხვა ვულკანმა მიწისძვრაზე რეაგირება.

მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე მშვიდი ჩანდა, მისმა აქროლადებით მდიდარმა მაგმამ და ვულკანის ქვეშ არსებულმა გაფართოებულმა ტექტონიკურმა გარემომ შეიძლება მისი რეზერვუარი არეულობისადმი მოწყვლადი გახადა.

მკვლევრები ამას „მალულ კრიტიკულ მდგომარეობას“ უწოდებენ — ვულკანი შეიძლება ამოფრქვევისთვის მზად იყოს ისეთი გზით, რომელიც არ ავლენს რაიმე ხილულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, მათ შორის სეისმურ აქტივობას, მიწის დეფორმაციას ან გაზის ამოსვლას.

ამას კი შეიძლება გავლენა კამჩატკის მიღმაც ჰქონდეს. ვულკანი, რომელიც მშვიდად მიძინებული ჩანს, შეიძლება ქვეშ არც ისე სტაბილური იყოს, როგორც ზემოდან ჩანს — შესაბამისმა მიწისძვრამ შეიძლება მას ის არეულობა მიაწოდოს, რომელსაც ისედაც მოწყვლადი სისტემა უკვე კიდესთან მიჰყავს.

„საბოლოოდ, მიწისძვრამ შეიძლება გააადვილა ამოფრქვევა არა რეზერვუარის პირდაპირი, მყისიერი კოლაფსით, არამედ გაჭიანურებული დინამიკური დაძაბულობის შეტანით აქროლადებით მდიდარ და მექანიკურად მგრძნობიარე მაგმურ სისტემაში, რაც იწვევს აქროლადების ამოსვლის დაგვიანებას, ბუშტების ზრდას, რეზერვუარის დესტაბილიზაციას და მოგვიანებით ამოფრქვევას“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ხელმისაწვდომია EarthArXiv-ზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი