2011 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თითქმის მთელი იაპონია აღმოსავლეთით გადაადგილდა — #1tvმეცნიერება
2011 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თითქმის მთელი იაპონია აღმოსავლეთით გადაადგილდა — #1tvმეცნიერება

2011 წლის მარტში, ტოჰოკუს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, თითქმის მთელი იაპონია ნახევარი სანტიმეტრით აღმოსავლეთით „გადახტა“. ეს რყევა წარმოქმნა უკიდურესად მძლავრმა სეისმურმა ტალღამ, რომელმაც პლანეტის ბირთვამდე 5800 კილომეტრი იარა, შემდეგ კი აისხლიტა და კვლავ ზედაპირისკენ წამოვიდა.

მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის კონტექსტში, მათ შორის მიწის ლოკალიზებული მოძრაობების და 40-მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღების, 5 მილიმეტრი შეიძლება უმნიშვნელო მოგეჩვენოთ.

თუმცა, ეს მოძრაობა 3000 კილომეტრის მანძილზე მოხდა, თითქმის შვიდჯერ უფრო გრძლად, ვიდრე მიწისძვრის მთავარი რღვევის ხაზი და უფრო გრძლად, ვიდრე ტექტონიკური ფილის ნებისმიერი სხვა გასრიალება აღრიცხულთა შორის.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრის, სუნიონგ პარკის განცხადებით, ეს შემთხვევა ასევე გამორჩეულია დროისა და მახასიათებლის თვალსაზრისით.

„ვიხილეთ 5 მილიმეტრით აღმოსავლეთით გადაადგილება, რაც თითქმის ერთდროულად მოხდა და მსგავსი ზომით თითქმის მთელ იაპონიაში“.

გადაადგილება უზარმაზარი იყო არა მხოლოდ ჩრდილოეთი-სამხრეთის განფენილობით, არამედ მისი სიგანე მოიცავდა მთელ იაპონიას და მის მიღმა, ოკეანეშიც ვრცელდებოდა.

„მხოლოდ ვიწრო კიდე კი არ გადაადგილდა, არამედ სულ მცირე, მთელი იაპონია, ჩვენი GPS სადგურების ჩათვლით. ასეთი ინსტრუმენტები ზღვის ფსკერზეც რომ გვქონოდა, უფრო ზუსტად შეგვეძლებოდა იმის თქმა, ნაპირიდან რამდენად შორს ვრცელდებოდა ეს მოძრაობა; მაგრამ ხმელეთზე, გადაადგილება ძლიერ შეიმჩნევა მთელი იაპონიის მასშტაბით“, — ამბობს პარკი.

GPS მონაცემებისა და კატასტროფის დროს ჩაწერილი სეისმური მონაცემების ანალიზით, პარკმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, როგორ მოხდა ასეთი ფენომენალურად ვრცელი მოძრაობა და რატომ მოხდა რღვევა მთავარი ბიძგიდან 15 წუთის შემდეგ.

მიწისძვრები ხშირად წარმოქმნის ტალღებს, რომლებიც დედამიწის წიაღში ღრმად ვრცელდება და ბირთვიდან აისხლიტება. თუმცა, პლანეტის ბირთვში ჩასვლისა და იქიდან უკან ამოსვლის შემდეგ ისინი უკვე საკმაოდ სუსტია.

ტოჰოკუს შემთხვევაში, მთავარი შოკი საწყის ტალღაზე დიდი იყო, მართალია, შესუსტებული, მაგრამ ზედაპირზე დაბრუნებისას მაინც საკმარისად მძლავრი, რომ გამოეწვია მთელი ქვეყნის რყევა, რადგან ოთხი მიმდებარე ტექტონიკური ფილა ერთდროულად მოძრაობდა.

„ვფიქრობთ, რომ ტოჰოკუს მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა რყევებმა შესაძლოა ფილების საზღვრები უკვე შეასუსტა, რამაც ისინი უფრო მგრძნობიარე გახადა ბირთვიდან არეკლილი ტალღის მოსვლისას გადაადგილების მიმართ“, — ამბობს პარკი.

მისი განცხადებით, მოვლენა წარმოაჩენს, რომ არსებობს დესტრუქციის აქამდე უცნობი მექანიზმები, რომლებიც შეიძლება მიწისძვრას მოჰყვეს.

„აჩვენებს, რომ დიდი მიწისძვრის შემდეგ, შეიძლება საჭირო იყოს, რომ ფრთხილად ვიყოთ იმ პოტენციურ სეისმურ საფრთხეებთან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიღრმიდან მოსულმა ტალღამ — მეტი მოვლენა და ძალიან დიდ მანძილზე“.

ახალი ზელანდიის კენტერბერის უნივერსიტეტის მკვლევრის, რობინ ლის განცხადებით, მეტი კვლევაა საჭირო, რათა გავიგოთ ამ სახის მოძრაობის გავლენა მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ეს მოვლენა აჩვენებს, რომ დიდმა მიწისძვრებმა შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი, დაგვიანებული რღვევის მოძრაობა წუთების შემდეგ, თანაც მოსალოდნელზე უფრო ვრცელ რეგიონებში.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.