როგორ შევამციროთ დემენციის შემთხვევები 45 პროცენტით — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციათა ახალი სახელმძღვანელო გამოსცა #1tvმეცნიერება

14:35, 09.09.2026

ჯერ სრულად არ ვიცით, როგორ ან რატომ ჩნდება დემენცია.

ტერმინი მოიცავს დეგენერაციულ დაავადებათა სპექტრს, რომლებიც ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე ვითარდება და ძირითადად ხასიათდება კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებით.

მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ არჩეული მრავალი გზა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოვლენილი, მეცნიერები სულ უფრო მკაფიო სურათს იღებენ იმ ფაქტორთა შესახებ, რომლებმაც შეიძლება დააჩქაროს და გააძლიეროს დემენციის რისკი.

მთელი ამ გაურკვევლობის ფონზეც კი, დემენციის შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება პრევენცირებადი იყოს ან სულ მცირე, შესაძლებელი იყოს გადავადება.

2024 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული დიდი მიმოხილვის შეფასებით, დემენციის შემთხვევათა 45 პროცენტი ამ კატეგორიაში ჯდება. ახლახან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა განახლებული რეკომენდაციები დემენციის დაწყების პრევენციის ან გადავადების ხელშესაწყობად.

2024 წლის მიმოხილვამ გამოავლინა 14 პოტენციურად შეცვლადი რისკფაქტორი, რომლებიც ერთობლივად დაკავშირებულია პოპულაციის დონეზე დემენციის შემთხვევათა დაახლოებით 45 პროცენტთან.

„დღეს დემენციის რისკის გამომწვევთა შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე და ამ სახელმძღვანელოებს ეს ცოდნა მოქმედებაში გადააქვს. ქვეყნებს ახლა აქვთ უფრო მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც დაუყოვნებლივ შეუძლიათ ხალხის კოგნიტური ჯანმრთელობის დასაცავად“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ-გებრეისუსი.

ინდივიდისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რისკფაქტორთა მოგვარებამ შეიძლება შეამციროს მათთვის დემენციის განვითარების რისკი, მაგრამ არ არსებობს ამ შემცირების რაიმე უნივერსალური პროცენტული მაჩვენებელი. 45-პროცენტიანი მაჩვენებელი ერგება პოპულაციას და არა კონკრეტული ერთი პიროვნების რისკს.

ზოგიერთი ეს რისკფაქტორი ჩვენს კონტროლქვეშაა, ზოგიერთთა შეცვლა კი გაცილებით რთულია.

ბევრი მათგანი ძალიან ნაცნობად მოეჩვენება ყველას, ვისაც ოდესმე მიუღია რეკომენდაციები გულის ჯანმრთელობის შესახებ. იყავით ფიზიკურად და საზოგადოებრივად აქტიური, არ მოწიოთ, თავი აარიდეთ ჭარბ ალკოჰოლს, იკვებეთ ჯანსაღად და აკონტროლეთ სისხლის წნევა, ქოლესტერინი, სისხლში შაქარი და წონა.

ეს ყველაფერი ბედნიერი დამთხვევა არაა. თავის ტვინის ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასთან და ის, რაც ერთის ჯანსაღად და ენერგიულად შენარჩუნებაზე მუშაობს, ხშირად მეორეს ემთხვევა.

ზოგიერთი რეკომენდაცია შეიძლება ცოტა ნაკლებად მკაფიო იყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.

ბოლო წლებში, სმენის დაქვეითებასა და დემენციას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები გახშირდა. ამაზე მიუთითებს ერთი დიდი კლინიკური კვლევაც, რომელმაც დაადგინა, რომ სმენის აპარატები შეიძლება კოგნიტურ დაქვეითებას თითქმის 50 პროცენტით ამცირებდეს კოგნიტური დაქვეითების მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ ხანდაზმულში.

ბოლომდე ცნობილი არ არის, ზუსტად რატომაა დაკავშირებული სმენის დაქვეითება დემენციასთან, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბგერის დამუშავებისთვის საჭიროა დამატებითი კოგნიტური ძალისხმევა, ასევე ის, სოციალური იზოლაცია, რაც სმენის დაქვეითებას მოსდევს.

სხვა რისკფაქტორები ინდივიდუალურ დონეზე არც ისე მარტივად გადასაწყვეტია.

მაგალითად, Lancet-ის მიმოხილვის მიერ გამოვლენილ 14 ფაქტორს შორის ერთი არის ადრეულ ასაკში დაბალი საგანმანათლებლო მიღწევები — რისი გამოსწორებაც შეუძლებელია ათწლეულების შემდეგ, როცა დემენციის რისკი უფრო მოახლოებული საფრთხე ხდება.

კიდევ ერთი არის ჰაერის დაბინძურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, შევამციროთ დაბინძურებულ ჰაერში ყოფნა სადაც კი ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის ინდივიდის ან თუნდაც ჯანდაცვის პროვაიდერის კონტროლქვეშაა. შეგიძლია აკონტროლო სახლის შიდა გარემო, მაგრამ ამას ვერ იზამ შენი ქალაქის შემთხვევაში.

ამასთან დაკავშირებით, მოდიფიცირებადი დემენციის რისკის იდენტიფიცირება არ არის იგივე, რაც იმის ცოდნა, თუ როგორ შეცვალოთ იგი ისე, რომ რეალურად თავიდან აიცილოთ დემენცია.

მაგალითად, მხედველობის დაკარგვა დაკავშირებულია დემენციის რისკთან და მხედველობის პრობლემების მკურნალობა თავისთავად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა გასცეს მხედველობის დარღვევის მკურნალობის, როგორც დემენციის რისკის შემცირების სტრატეგიის რეკომენდაცია.

მსგავსი რამაა ძილის შემთხვევაშიც. კარგი ხარისხის ძილი მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის; ცუდი ხარისხის ძილი დაკავშირებულია დემენციის რისკთან, მაგრამ ამჟამად არასაკმარისია იმის მტკიცებულება, რომ ჩარევებს ძილის გასაუმჯობესებლად ან ძილ-ღვიძილის დარღვევების სამკურნალოდ, კონკრეტულად დემენციის რისკის შემცირება შეუძლია.

და ბოლოს, ზოგიერთ ფართოდ რეკლამირებულ ჩარევაზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება — უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად მათ საწინააღმდეგო რეკომენდაციას გასცემს.

ორგანიზაცია ძლიერ რეკომენდაციას გასცემს ვიტამინ B-ს, E-ს, omega-3-ის და მულტივიტამინების ან მინერალების კომპლექსის მიღების წინააღმდეგ, თუკი მათ კონკრეტულად დემენციის თავიდან ასარიდებლად იღებენ, თუკი არ გაქვთ საკვები ნივთიერებების დეფიციტის დიაგნოზი.

კლინიკურმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დანამატები კოგნიტური დაქვეითებისგან იცავს და თანაც, დანამატები სულაც არ არის აუცილებლად უვნებელი მხოლოდ იმიტომ, რომ მათში შემავალი საკვები ნივთიერებები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მაღალი დოზით, ზოგიერთ მათგანს არასასურველი ან საზიანო ეფექტებიც კი აქვს.

თუ დემენციის თავიდან ასაცილებლად უნიკალურ ხერხს, „ერთ უცნაურ ხრიკს“ ან სხვა კოდს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას იპოვით.

როგორც ჩანს, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება, დიდწილად, ნიშნავს მასთან ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას — მათ შორის მისი გულის, გრძნობების, სოციალური კავშირებისა და გარემოს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შენიშნავს, „დემენციის რისკფაქტორები სისტემურად უნდა განვიხილოთ, რადგან მრავალი რისკი ხშირად თანაარსებობს და გროვდება სიცოცხლის განმავლობაში“.

არცერთი რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ დემენცია მთლიანად პრევენცირებადია ან ვინმეს, ვისაც ყველაფერი „რიგზე აქვს“, ის არ დაემართება. თუმცა, ვინაიდან მსოფლიოში დემენცია უკვე მილიონობით ადამიანს აქვს, სამომავლო შემთხვევათა რაღაც ნაწილის გადავადებაც კი უზარმაზარ სხვაობას მოგვცემს.

სრული მოხსენება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდიდან.

მომზადებულია who.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი