ახლომდებარე გალაქტიკებში 84 უკიდურესად კაშკაშა, მაგრამ ტელესკოპებისთვის თითქმის უხილავი ობიექტი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

15:45, 18.09.2026

როცა ღამის ცას ვუყურებთ, ვარსკვლავებს შორის სივრცეს თითქოს სიბნელე ავსებს.

მაგრამ იქნებ ახლომდებარე გალაქტიკების ყველაზე მძლავრი ობიექტები სწორედ წყვდიადში იმალება — არა იმიტომ, რომ ისინი შორსაა და არ ჩანს, არამედ იმიტომ, რომ ასხივებენ ისეთ სინათლეს, რომელსაც ვერ ვაფიქსირებთ?

ახლახან ასტრონომებმა 48 მათგანი იპოვეს.

ეს იდუმალი ობიექტები NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის მონაცემებში იმალებოდა.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება ათასობით მილიონჯერ მეტ ენერგიას გამოყოფდეს, ვიდრე მზე, მაგრამ ამ დრომდე მათ არავინ აღიქვამდა ცალკეულ ჯგუფად.

დაახლოებით იმას ჰგავს, 84 ძლიერი ფანარი რომ შენიშნო ძლიერ ნისლში მხოლოდ მათი მბჟუტავი სინათლის საფუძველზე.

ახალმა კვლევამ ეს მალული პოპულაცია დღის სინათლეზე გამოიტანა.

„ყველაზე მეტად იმან გაგვაკვირვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ძნელად დასაფიქსირებლებია, ისინი შეიძლება უკიდურესად კაშკაშები იყვნენ“, — ამბობს ალაბამის უნივერსიტეტის ასტრონომი მუსტაფა მუჰიბულაჰი.

მკვლევრებმა მათ ჰიპერრბილი რენტგენული წყაროები უწოდეს. აქ „რბილი“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მათი რენტგენული სხივები შედარებით მცირე ენერგიას ატარებს.

მათი რადიაციის უმეტესობა სავარაუდოდ უკიდურესი ულტრაიისფერი სინათლის (EUV) სახით გამოიყოფა, რომელიც ულტრაიისფერ სინათლესა და რენტგენულ სხივებს შორის მდებარეობს.

ვარსკვლავებს შორის არსებული გაზი უკიდურეს ულტრაიისფერ სინათლეს შთანთქავს და ხელს უშლის ჩვენს ტელესკოპებამდე მათ მოღწევას. ჩანდრამ დააფიქსირა გაქცეული დაბალენერგიული რენტგენული სინათლის მხოლოდ მცირე რაოდენობა.

„ჩანდრა ხედავს ამ გამოსხივების მხოლოდ მკრთალ, დაბალენერგიულ რენტგენულ კუდს“, — ამბობს მუჰიბულაჰი.

ჯგუფმა ექვსი გალაქტიკიდან თითოეულში 7-დან 21-მდე ასეთი წყარო დააფიქსირა, მათ შორის ანდრომედას გალაქტიკასა და M101-ში.

საიდან ვიცით, რომ ეს მკრთალი წერტილები უბრალოდ ტელესკოპის დეტექტორთა ხარვეზები არაა?

პირველი მინიშნება იყო გამეორება — მრავალი მათგანი ზუსტად იმავე ადგილას გამოჩნდა სხვადასხვა დროს ჩატარებულ დაკვირვებებში. შემთხვევითი შეცდომა მათ იმავე ადგილას ვერ გამოაჩენდა. ზოგიერთი მათგანი სხვა ტელესკოპმა, XMM-Newton-მაც დააფიქსირა.

მეორე მინიშნებას გვთავაზობს მათი მდებარეობა.

M101-ში მრავალი მათგანი გალაქტიკის სპირალურ მკლავებს მიუყვება. სხვები ხანდაზმულ ვარსკვლავებს შორის ჩანან ელიფსურ გალაქტიკებში. სამ პროცენტზე ნაკლები რაიმე სხვა ობიექტთან დაკავშირებული არაა.

84 ობიექტი შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს.

ჩანდრა მცირე სინათლეს აგროვებს ამ ენერგიებზე და მისი დეტექტორების დაბინძურებამ მისი ეს უნარი შეზღუდა. ჯგუფმა შეიძლება ძალიან დიდ პოპულაციათა მხოლოდ ყველაზე კაშკაშა ობიექტები დააფიქსირა.

შემდეგი საიდუმლოა, თუ რას წარმოადგენს ეს ობიექტები რეალურად.

არსებობს რამდენიმე ეჭვმიტანილი. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თეთრ ჯუჯას შეიცავდეს — მზის მსგავსი ვარასკვლავების სიკვდილის შემდეგ დარჩენილ პატარა, მკვრივ ბირთვებს. ზოგი შეიძლება ბოლო პერიოდში ამოიფრქვა ნოვას სახით. ზოგიერთი კი შეიძლება შეიცავდეს ნეიტრონულ ვარსკვლავს ან მატერიის შთანთქმის პროცესში მყოფ შავ ხვრელს.

„ჰიპერრბილი“ შეიძლება მხოლოდ ერთი სახის ობიექტს არ აღწერდეს. ის აღწერს ტელესკოპებამდე მისულ უჩვეულო სინათლეს. მას შეიძლება წარმოქმნიდეს რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური სისტემა.

იმის გარკვევა, თუ რა არის ისინი, კიდევ ერთ სხვა კოსმოსურ საიდუმლოს ამოხსნის.

როცა მზის მსგავსი ვარსკვლავი კვდება, მის ადგილას თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი რჩება — დედამიწის ზომის ბირთვი, რომელშიც უზარმაზარი ოდენობის მატერია იყრის თავს.

თუკი თეთრ ჯუჯას კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავს, შეიძლება მას გაზი მოჰპაროს (თეთრმა ჯუჯამ). ეს მოპარული გაზი თეთრ ჯუჯაში გროვდება, რაც მას აცხელებს და ამძიმებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თეთრი ჯუჯა თანდათან საკუთარ თავს ანადგურებს — ფეთქდება; ამ აფეთქებას Ia ტიპის სუპერნოვას უწოდებენ.

ეს აფეთქებები ასტრონომებს კოსმოსური მანძილების გაზომვაში ეხმარება. თუმცა, ამ ისტორიაში უცნაური ხარვეზია — მეცნიერები უამრავ აფეთქებას ხედავენ, მაგრამ არასაკმარის რაოდენობას იმ თეთრი ჯუჯებისა, რომლებიც აფეთქებისთვის ემზადებიან.

დაახლოებით ისეა, ხანძრის შემდეგ მიხვიდე და ნანგრევები ეძებო, როცა არ იცი, რა დაიწვა, რა იყო ცეცხლამდე.

48 წყაროს შორის შეიძლება იყოს ზოგიერთი ეს ნაკლული ვარსკვლავიც. თუკი გარკვეული ჰიპერრბილი წყაროები თეთრი ჯუჯებია, რომლებიც უჩუმრად აგროვებენ გაზს, შესაძლოა, ასტრონომებმა ისინი აფეთქების წინარე ხანგრძლივი მომზადების პროცესში დააფიქსირეს. ისინი შეუმჩნეველი დარჩა იმიტომ, რომ მათი ენერგიის უმეტესობა უკიდურეს ულტრაიისფერ სინათლეში იყო ჩამალული.

„თუ ამ დიდი, და ალბათ გაცილებით დიდი ფარული ჰიპერრბილი პოპულაციის მცირე ნაწილიც კი შედგება აკრეციული, ბირთვული წვის მქონე თეთრი ჯუჯებისგან, ისინი შეძლებდნენ დაკვირვებებში არსებული ამ ნაკლული კავშირის ნაწილის შევსებას“, — ამბობს მუჰიბულაჰი.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ 48-ვე ობიექტი აფეთქდება. ჯგუფში ასევე შეიძლება შედიოდეს ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები და თეთრი ჯუჯები, რომლებიც არასოდეს გახდებიან სუპერნოვები. თუმცა, სულ რამდენიმე სამომავლო Ia ტიპის სუპერნოვის გამოვლენაც კი, ასტრონომებს უიშივიათეს ცნობებს მისცემდა იმის თაობაზე, თუ რა ხდება აფეთქებამდე.

ამ წყაროებს გავლენა შეიძლება ჰქონდეთ თავიანთ შემოგარენზეც. მათი მძლავრი უკიდურესი ულტრაიისფერი სინათლე ცვლის გალქტიკებში არსებულ გაზს, ანუ ეს მალული პოპულაცია შეიძლება უჩუმრად აყალიბებდეს თავის კოსმოსურ სამეზობლოს.

მათი ნამდვილი ბუნების გამოსავლენად ასტრონომებს ტემპერატურის უფრო ზუსტი გაზომვები სჭირდებათ. ამ წყაროებზე თითქმის ერთდროულად დაკვირვებამ ულტრაიისფერ და რენტგენულ დიაპაზონებში შესაძლოა გამოავლინოს, თუ რომელი სავარაუდო ობიექტი დგას თითოეული ნათების უკან.

ამ მომენტში კი ეს 84 ობიექტი გვიჩვენებს, რომ უმძლავრეს ტელესკოპებსაც კი აქვთ ბრმა ზონები — და რომ ჩვენი ხედვის საზღვრებს მიღმა შეიძლება მთელი პოპულაციები ბრწყინავდნენ.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი