აღმოჩენილია ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე უცნაური ობიექტი, რომელიც ჯერ უცნობია, რა არის — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე უცნაური ობიექტი, რომელიც ჯერ უცნობია, რა არის — #1tvმეცნიერება

ირმის ნახტომში მიმოფანტული უცნაურად მოციმციმე ობიექტების საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა.

მზისგან დაახლოებით 15 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რაღაც ობიექტი არა მხოლოდ ნელა, მეთოდურად ასხივებს რადიოტალღებს, არამედ, როგორც დაკვირვებებმა ცხადყო, თითოეული პულსი ასევე ასხივებს რენტგენულ ტალღის სიგრძეში.

ასეთი ქცევა სრულიად ახალია და მეცნიერებს ახსნა უჭირთ.

„ასეთი ობიექტი ჯერ არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის ასტრონომი ზიტენგ ვანგი.

უკვე რამდენიმე წელია, ავსტრალიის უდაბნოში განთავსებული რადიოტელესკოპები უცნაურ ობიექტთა შესახებ მონაცემებს აგროვებენ — ობიექტებისას, რომლებიც რადიოტალღების გრძელ პულსებს გამოყოფენ და ამ თითოეულ პულსს შორის გრძელი პაუზებია.

პირველი ობიექტი 2022 წელს აღწერეს. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე და ყოველ 18 წუთში ერთხელ გამოყოფს 30-60-წამიან რადიოტალღებს. შემდეგი ობიექტი ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მანძილზე იპოვეს და ის 5-წუთიან რადიოტალღებს გამოყოფს ყოველ 22 წუთში ერთხელ. მესამე ობიექტი ჩვენგან 5000 სინათლის წლის მანძილზეა და 30-60-წამიან რადიოტალღებს ყოველ 2,9 საათში ერთხელ ასხივებს.

ამ დროისათვის, ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ დაახლოებით 10 ასეთი გრძელპერიოდიანი გარდამავალი (LPT).

თუმცა, ახლად აღმოჩენილი ობიექტი ფსონებს უფრო ზრდის. მას ASKAP J1832-0911 უწოდეს და ორწუთიან პულსებს ყოველ 44 წუთში ერთხელ გამოყოფს; ეს პულსები შედგება რადიოტალღებისა და რენტგენული სხივებისგან.

შეიძლება ამ ობიექტის შესახებ ვერც ვერასოდეს გაგვეგო, რომ არა ის ფაქტი, რომ რადიოტელესკოპი ASKAP-ი და NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია ცის ერთსა და იმავე მონაკვეთს ერთდროულად აკვირდებოდნენ და მონაცემებს იწერდნენ. სწორედ ამ მონაცემებმა გამოავლინა უცნაური ქცევა.

„იმის აღმოჩენა, რომ ASKAP J1832-0911 რენტგენულ სხივებს გამოსცემს, თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავდა. რადიოტელესკოპ ASKAP-ს ღამის ცაზე ფართოკუთხიანი ხედვა აქვს, ჩანდრა კი მის მხოლოდ რაღაც ნაწილს აკვირდება/ შესაბამისად, უბრალოდ იღბალი იყო, რომ ჩანდრა ცის ზუსტად იმ მონაკვეთს აკვირდებოდა ზუსტად იმ დროს“, — ამბობს ვანგი.

ობიექტის პულსები ძლიერ კაშკაშაა და ორივე ტიპის გამოსხივების სიკაშკაშე კორელაციაშია. ასევე ვიცით ისიც, რომ წყარო კომპაქტურია და 2023 წლის ნოემბრამდე არანაირი გამოსხივება არ დაფიქსირებულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მხოლოდ ცოტა ხნის წინ გააქტიურდა. თუმცა, ამ მომენტისთვის, უფრო გართულდა იმის დადგენა, რა შეიძლება იყოს ეს ობიექტი.

„ASKAP J1831-0911 შეიძლება ან მაგნეტარი იყოს (მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი მძლავრი მაგნიტური ველებით), ან ვარსკვლავთა წყვილი ორმაგ სისტემაში, სადაც ორიდან ერთი ვარსკვლავი ძლიერ მაგნეტიზებული თეთრი ჯუჯაა (დაბალმასიანი ვარსკვლავი ევოლუციის ბოლო ფაზაში)“, — აღნიშნავს ვანგი.

მიუხედავად ამისა, როგორც იგი აცხადებს, ეს თეორიებიც კი ვერ ხსნის სრულად იმას, რასაც ვხედავთ. აღმოჩენა შეიძლება მიუთითებდეს ახალი ტიპის ფიზიკაზე ან ვარსკვლავის ევოლუციის ახალ მოდელებზე.

ორივე ახსნას აქვს ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ რადიო და რენტგენული სხივების პულსები მაგნეტარის ქცევას ჰგავს, ობიექტის სხვა გამოსხივების ქცევები მაგნეტარის აქტივობას არ შეესაბამება. თეთრი ჯუჯას გამოსხივება შვიდჯერ სუსტია, ვიდრე ASKAP J1831-0911-ის მიერ გამოყოფილი პულსები და თანაც, პოლარიზებულია ისე, როგორც ვერ ვხედავთ იდუმალი ობიექტიდან.

ჯერჯერობით უცნობია, გამოყოფენ თუ არა სხვა გრძელპერიოდიანი გარდამავალი ობიექტებიც რენტგენულ სხივებს რადიოსიგნალებთან ერთად; და თუ ასეა — რამდენად ხშირია ასეთი ქცევა.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ ASKAP J1831-0911 გრძელპერიოდიანი გარდამავალისგან განსხვავებული ობიექტი იყოს, მაგრამ უფრო საინტერესოა, თუ ის მისი ნაირსახეობაა, რადგან რენტგენული სხივების არსებობა ნიშნავს იმას, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ ნებისმიერი ახსნა. მკვლევრები ამბობენ, რომ ამით შეიძლება ზოგიერთი ვარიანტი გამოირიცხოს.

„ერთი ასეთი ობიექტის პოვნა მიუთითებს კიდევ მრავალის არსებობაზე. გარდამავალი რენტგენული გამოსხივების აღმოჩენა სრულიად ახალ გზას ხსნის მათი იდუმალი ბუნებისკენ“, — ამბობს კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ნანდა რეა.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.