კოსმოსურ სამეზობლოში დაფიქსირებულია უცნაური სიგნალები, რომელთა მსგავსიც ასტრონომებს ჯერ არ უნახავთ — #1tvმეცნიერება
კოსმოსურ სამეზობლოში დაფიქსირებულია უცნაური სიგნალები, რომელთა მსგავსიც ასტრონომებს ჯერ არ უნახავთ — #1tvმეცნიერება

დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში, რაღაც ისეთ სიგნალებს გამოყოფს, რომლის მსგავსის ჯერ არასოდეს გვინახავს.

ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მოშორებით, რაღაც ობიექტი რადიოტალღებს ასხივებს. ყოველ 18,18 წუთში, დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში, ის კაშკაშად პულსირებს და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტს წარმოადგენს დაბალი სიხშირის რადიო-ცაზე. მისი პროფილი არც ერთი რომელიმე ცნობილი ასტრონომიული ობიექტისას არ ემთხვევა და შესაბამისად, ასტრონომები შეცბუნებული არიან. ობიექტს მათ GLEAM-X J162759.5-523504.3 უწოდეს.

„ჩვენი დაკვირვებების დროს, სულ რამდენიმე საათში, ეს ობიექტი ჩნდებოდა და ქრებოდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ჩემთვის, როგორც ასტრონომისთვის, თითქოს მოჩვენებას ჰგავს, რადგან ცაში არაფერი ვიცით, რომ ასე იქცეოდეს. ამავე დროს, ის ჩვენთან საკმაოდ ახლოსაა, დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე, რაც ჩვენი გალაქტიკური უკანა ეზოა“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ნატაშა ჰარლი-უოლკერი.

იმ დროისათვის მათ იფიქრეს, რომ დიდი ალბათობით, ის მკვდარი ვარსკვლავის რომელიმე სახეობა შეიძლება ყოფილიყო: ნეიტრონული ვარსკვლავის ულტრამაგნიტური ტიპი, სახელად მაგნეტარი, ანდაც უფრო მცირე ალბათობით, ძლიერ მაგნეტიზებული თეთრი ჯუჯა. თუ მართლაც პირველი მათგანია, პულსაციის ძალიან გრძელი პერიოდის მქონე მაგნეტარის დაფიქსირების პირველი შემთხვევა იქნება; მას ულტრაგრძელპერიოდიან მაგნეტარსაც უწოდებენ.

კოსმოსში საკმაოდ ბევრია ობიექტი, რომლებიც რეგულარულად ან არც ისე რეგულარულად პულსირებენ. ნებისმიერი, რაც სიკაშკაშეს მოულოდნელად ან დრამატულად იცვლის, გარდამავალის სახელით არის ცნობილი და მოიცავს ყველაფერს, სუპერნოვებითა და ვარსკვლავის შთანთქმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებიდან დაწყებული, ვარსკვლავური ანთებებით დამთავრებული.

ამავე კატეგორიაში თავსდება პულსარებიცნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც უკიდურესად სწრაფად ბრუნავენ და ამ დროს, პოლუსებიდან გამოყოფენ რადიოტალღების კაშკაშა ჭავლებს, რომლებიც დედამიწიდან შუქურასავით ჩანს. პულსარების ბრუნვის პერიოდი, შესაბამისად, მათი პულსებისაც, წამები ან უფრო ცოტა, მილიწამებია.

თუმცა, GLEAM-X J162759.5-523504.3-ის შემთხვევაში, ასტრონომებმა მსგავსი ვერაფერი ნახეს. ის დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე მერჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპმა (Murchison Widefield Array) დააფიქსირა; ეს გახლავთ დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპი, რომელიც უდაბნოში განთავსებული ათასობით დიპოლური ანტენისგან შედგება.

ამ ტელესკოპის მიერ 2018 წლის იანვრიდან მარტამდე შეგროვებულ მონაცემებში, კურტინის უნივერსიტეტის ასტრონომის, ტირონ ო’დოჰერტის მიერ შექმნილი ახალი მეთოდის გამოყენებით, ასტრონომებმა ცის ერთი და იმავე წერტილიდან მომდინარე 71 პულსი აღმოაჩინეს.

სიგნალის ანალიზის შედეგად მათ მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრეს და გაარკვიეს, რომ რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ეს ობიექტი მზეზე პატარა და ძლიერ რადიოკაშკაშაა. ასევე დაადგინეს, რომ გამოსხივება ძლიერ პოლარიზებული, ანი დაგრეხილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის წყაროს უჩვეულოდ ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.

ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ის მაგნეტარია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგნეტარი ნეიტონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპია, რაც უკვე მომაჯადოებელი ფაქტია — ერთ დროს მასიური ვარსკვლავის კოლაფსირებული, მკვდარი ბირთვი, რომელიც ჩვენს მზეზე დაახლოებით 2,3-ჯერ მასიურია და შეკუმშულია ულტრამკვრივ, 20 კმ-მდე სიგანის სფეროდ.

იმისათვის, რათა მაგნეტარი მივიღოთ, ამ ყველაფერს წარმოუდგენლად მძლავრი მაგნიტური ველიც უნდა დავამატოთ. ეს მაგნიტური სტრუქტურები ჩვეულებრივ ნეიტრონულ ვარსკვლავზე დაახლოებით 1000-ჯერ მძლავრია, კვადრილიონობით უფრო მძლავრი, ვიდრე დედამიწა. დაზუსტებით არ ვიცით, როგორ წარმოიქმნებიან ისინი, მაგრამ როგორც უახლესი კვლევები მიუთითებს, ისინი შეიძლება პულსარებისგან წარმოიქმნებოდნენ.

ულტრაგრძელპერიოდიანი მაგნეტარებიც შეიძლება განვითარებული ფორმა იყოს, რომლებმაც ბრუნვა დროთა განმავლობაში შეანელეს, მაგრამ ითვლებოდა, რომ მათი რეალურად აღმოჩენა შეუძლებელი იყო.

მართლაც უცნაურია, რადგან სწორედ მაგნეტარები მიიჩნევა იდუმალი, კაშკაშა რადიოსიგნალების წყაროდ, რომლებსაც სწრაფ რადიოსიგნალებს უწოდებენ; თუმცა, როგორც გაირკვა, ბევრი სწრაფი რადიოსიგნალის ადგილმდებარეობა შეუთავსებელია ახალგაზრდა მაგნეტარისთვის. ამ პრობლემას კარგად მოაგვარებდა სწორედ ულტრაგრძელპერიოდიანი მაგნეტარები.

ამას მივყავართ GLEAM-X J162759.5-523504.3-მდე, რომელსაც აქვს პატარა ზომა, პოლარიზებული სიგნალი და წარმოუდგენლად კაშკაშა გამოსხივება.

„ამის მსგავსი რამის პირდაპირ დაფიქსირებას არავინ ელოდა, რადგან არ გვეგონა, თუ ისინი ასე კაშკაშა იქნებოდა. როგორღაც ახერხებს, რომ ის მაგნიტურ ენერგიას რადიოტალღებად გაცილებით უფრო ეფექტიანად გარდაქმნის, ვიდრე სხვა ყველაფერი, რაც აქამდე გვინახავს“, — ამბობს ჰარლი-უოლკერი.

Repeating Transient Profile from ICRAR on Vimeo.

არ არის გამორიცხული, ეს ობიექტი თეთრი ჯუჯაც იყოს, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მისი პროფილი ყველაზე კარგად ულტრაგრძელპერიოდიანი მაგნეტარისას ემთხვევა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტელესკოპი MWA უკვე რვა წელია მუშაობს, მაგრამ ობიექტ GLEAM-X J162759.5-523504.3-ის აქტივობა მის მონაცემებში მხოლოდ 2018 წელს, ორთვიან პერიოდში ფიქსირდება. ამის მრავალი პოტენციური მიზეზი არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მისი აქტივობის დაფიქსირება ჩვენს ამჟამინდელ ტექნოლოგიებს უბრალოდ არ ძალუძს, ანდაც ახასიათებს უჩვეულო ანთებები. ორივე ამ მიზეზმა შეიძლება ახსნას, რატომ არ დაგვიფიქსირებია მსგავსი რამ აქამდე.

მკვლევრები ცის ამ რეგიონის დაკვირვებას განაგრძობენ, რათა არ გამორჩეთ, თუ ეს ობიექტი სიგნალებს კვლავ გამოყოფს. მათივე ვარაუდით, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა რადიოტალღების შესასწავლადაც. ამასობაში, აგრძელებენ სხვა ასეთი ობიექტების ძებნას. კითხვა ძალიან ბევრია.

„თუ უფრო მეტ ასეთ სიგნალს დავაფიქსირებთ, გვეცოდინება, საქმე უიშვიათეს მოვლენასთან გვაქვს თუ სრულიად ახალ პოპულაციასთან, რომელიც აქამდე უბრალოდ არ შეგვინიშნავს“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ნატაშა ჰარლი-უოლკერი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი