სამყაროს უმძლავრესი მაგნიტების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია - ახალი კვლევა
სამყაროს უმძლავრესი მაგნიტების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია - ახალი კვლევა

მაგნეტარებს ერთ-ერთი უმძლავრესი მაგნიტური ველი აქვთ სამყაროში ამ დრომდე აღმოჩენილ ობიექტთა შორის. ახლახან, მეცნიერებმა სავარაუდოდ ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს, როგორ წარმოიქმნება ეს ობიექტები.

ახალი კვლევის ფარგლებში, ვრცელმა და კომპლექსურმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ორი ვარსკვლავის შეჯახებას შეუძლია წარმოქმნას მასიური ვარსკვლავი განსაკუთრებით ძლიერი მაგნიტური ველით. როდესაც ის თანდათან კვდება, ბოლოს კი სუპერნოვად ფეთქდება, შეიძლება წარმოიქმნას განსაკუთრებით მაგნიტური ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელსაც მაგნეტარს უწოდებენ.

ეს თეორია სულაც არ არის ახალი, მაგრამ ამ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულ თეოარიას მხარს უჭერს. ამ შემთხვევაში, კომპიუტერული მოდელირება მოარგეს დედამიწიდან 500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მაგნიტურ ვარსკვლავ ღრიანკალის ტაუს, რომელსაც ჩვენს მზეზე 15-ჯერ მეტი მასა აქვს.

გერმანიის მაქს პლანკის საზოგადოების ასტროფიზიკოს  სებასტიან ოლჰმენის განცხადებით, ამ ჰიპოთეზის შემოწმება ამ დრომდე შეუძლებელი იყო, რადგან არ გაგვაჩნდა საჭირო კომპიუტერული ხელსაწყოები.

მიჩნეულია, რომ ღრიანკალის ტაუ ორი ვარსკვლავის შერწყმის შედეგად არის გაჩენილი და შესაბამისად, მკვლევართა ძირითადი სამიზნე სწორედ ის გახდა. ანალიზებისთვის მათ დინამიკური სიმულაციების კოდი AREPO გამოიყენეს.

როგორც AREPO-მ აჩვენა, ორი ვარსკვლავის შეჯახებით წარმოქმნილი თვალშისაცემი ტურბულენტობა თანდათანობით ნამდვილად უნდა განაპირობებდეს ძლიერ მაგნიტურ ველებს, ისეთს, როგორსაც დღეს ღრიანკალის ტაუში ვხედავთ.

მეცნიერთა ვარაუდით, როდესაც ეს მასიური მაგნიტური ვარსკვლავები სუპერნოვად ფეთქდებიან, წარმოიქმნება მაგნეტარი. მაგნეტარების შემჩნევა ასტრონომებისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან მათი მაგნიტური ენერგიის ამოფრქვევა ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება, შემდეგ კი ისინი კვლავ მშვიდ მდგომარეობას უბრუნდებიან.

გერმანიის ჰაიდელბერგის თეორიული კვლევების ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, ფრიდრიხ რიუპკეს განცხადებით, მიჩნეულია, რომ მაგნეტარებს სამყაროში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი აქვთ — ასობით მილიონჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე კაცობრიობის მიერ ოდესმე წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი.

ზოგადად, ვარსკვლავთა შეჯახებები შედარებით ხშირია; მეცნიერთა აზრით, სწორედ ამ გზით არის წარმოქმნილი ირმის ნახტომის მასიურ ვარსკვლავთა 10 პროცენტი. გარდა ამისა, ამ ვარსკვლავთა შორის დაახლოებით ყოველი მეათე მაგნიტურია.

ამ ჰიპოთეზის მართებულობის კიდევ ერთი მინიშნება ის არის, რომ მასიური მაგნიტური ვარსკვლავები უიშვიათესია ბინარულ (ორმაგ) სისტემებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტიპის ვარსკვლავებში ასეთი შერწყმები უკვე მოხდა.

ამ აღმოჩენამ საკმაოდ დიდი გზა გამოიარა. მოსაზრება, რომ ზოგიერთ მასიურ ვარსკვლავს თავიანთ ზედაპირთან მსხვილმასშტაბიანი მაგნიტური ველი აქვთ, პირველად 1947 წელს გაჩნდა. თუმცა, იდუმალებით რჩებოდა მოცული ამ ვარსკვლავთა წარმოშობის ამბავი. რაც შეეხება მზის მსგავს პატარა ვარსკვლავთა მაგნიტურ ველებს, მათი ახსნა მეცნირებისთვის გაცილებით მარტივია.

მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ამ მასიურ მაგნიტურ ვარსკვლავთა შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. იდუმალებითაა მოცული მათგან წარმოქმნილი უმძლავრესი მაგნეტარებიც.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.