ათწლიანი „მდუმარების“ შემდეგ, იდუმალმა ვარსკვლავმა გაიღვიძა და კვლავ რადიოტალღებს ასხივებს
ათწლიანი „მდუმარების“ შემდეგ, იდუმალმა ვარსკვლავმა გაიღვიძა და კვლავ რადიოტალღებს ასხივებს

თითქმის ათწლიანი მოთმინებით ლოდინისა და დაკვირვების შემდეგ, ასტრონომებმა იხილეს ნიშნები, რომ მეცნიერებისთვის ცნობილი ერთ-ერთი უიშვიათესი სახის ვარსკვლავი ხანგრძლივი ძილიდან იღვიძებს.

მისი სახელია XTE J1810–197 და მიეკუთვნება უცნაურ ვარსკვლავთა ექსკლუზიურ კლუბს — ერთ-ერთია ასტრონომთა მიერ ამ დრომდე აღმოჩენილ იმ ოთხ მაგნეტარს შორის, რომლებიც რადიოტალღებს გამოყოფენ.

ასე იყო ის ათი წლის წინ, როცა წყნარ რადიოტალღებს გამოყოფდა. შემდეგ დადუმდა, მაგრამ ახლა გამოყოფა კვლავ დაიწყო და ასტრონომებმაც ტელესკოპები მისკენ მიმართეს.

შესაძლოა, ეს ფაქტი არც ისე ამაღელვებლად ჟღერდეს, მაგრამ თავად მაგნეტარები უკიდურესად უცნაურნი არიან. წარმოადგენენ მკვდარ ვარსკვლავთა ნაშთებს და აქვთ უკიდურესად მძლავრი მაგნიტური ველი.

შედარებისათვის — მაგნეტარები იმდენად მკვრივი სხეულებია, რომ მათი მაგნიტური ველი დაახლოებით კვადრილიონჯერ აღემატება დედამიწისას.

ამჟამად ჩვენთვის ცნობილია სულ 23 მაგნეტარი, თუმცა, XTE J1810–197 მათ შორის ფრიად განსაკუთრებულია. მართალია, ყველა მაგნეტარი გამოყოფს მაღალენერგიულ გამოსხივებას, მაგრამ XTE J1810–197 და კიდევ სხვა მაგნეტარი ასევე გამოყოფენ რადიოტალღებს.

2008 წლის ბოლოს ამ მაგნეტარმა რადიოტალღების გამოსხივება შეწყვიტა. თუმცა დროებით.

გასული წლის დეკემბერში, მანჩესტერის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ამ უჩვეულო კოსმოსურმა ობიექტმა რადიოტალღების გამოყოფა კვლავ განაახლა.

საინტერესოა, რომ რადიოტალღების ამჟამინდელი რიტმი საკმაოდ განსხვავდება პირველად, წლების წინ დაფიქსირებული გამოსხივებისგან.

მკვლევართა ცნობით, პულსების სახესხვაობა ამჟამად უფრო ნაკლებად დრამატულია, ვიდრე 2006 წელს და საათების ან თვეების მონაცვლეობით მეორდება.

მათ შორის არის აქტივობათა ციცქნა ჭავლები, სულ რაღაც მილიწამების განმავლობაში, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვარსკვლავის ქერქში არსებული ნაპრალების მიერ.

თითქოს უჩვეულო არაფერია იქამდე, თუ მაგნეტართა შესახებ ბევრი არაფერი იცით. მკვლევართა აზრით, ისინი დაახლოებით ისე წარმოიქმნება, როგორც საშუალო ნეიტრონული ვარსკვლავები — ყველაფერი იწყება მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსით, მომაკვდავი ვარსკვლავი თავის ატომებს იმ დონემდე კუმშავს, რომ იხლიჩება ბირთვები.

გარკვეულ წერტილში, კომპაქტური სხეული იწყებს მაგნიტური ველის წარმოქმნას 10^15 გაუსის ფარგლებში (გაუსი — მაგნიტური ველის ერთეული). შედარებისათვის — მაცივრის ჩვეულებრივი მაგნიტს დაახლოებით 50 გაუსი აქვს, რაც დაახლოებით 100-ჯერ მეტია ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველზე მის ზედაპირზე.

იდუმალებითაა მოცული, რა განაპირობებს ასეთ მძლავრ მაგნეტიზმს. თეორიათა უმეტესობის თანახმად, ყველაფერი იწყება ნეიტრონული ვარსკვლავით, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო წამში ასობით და ათასობით ბრუნს აკეთებს, რის შედეგადაც ის პულსარად გარდაიქმნება.

წარმოიდგინეთ, უთვალავი მზე ჩატენილია პატარა ქალაქისოდენა სივრცეში, სწორედ ასეთია მაგნეტარი.

მაგნეტართა არსებობის შესახებ პირველი ვარაუდები 1980-იან წლების ბოლოს გაჩნდა და ისინი თანდათან დაკავშირებული გახდა გამა და რენტგენული გამოსხივების უცნაურ, არარეგულარულ ამოფრქვევებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში მეორდება.

მძლავრი რადიაციის ეს მასიური ამოფრქვევები წარმოადგენს ვარსკვლავის ნეიტრონებისგან შედგენილ ზედაპირში მიმდინარე აქტივობათა შედეგს — მიწისძვრის მაგნიტურ ეკვივალენტს.

2003 წელს ასტრონომებმა XTE J1810–197-სთან რენტგენული გამოსხივების ხანმოკლე კაშკაში დააფიქსირეს. ერთი წლის შემდეგ შენიშნეს, რომ ის რადიოტალღებსაც ასხივებდა. პირველადი დაკვირვებები მიუთითებდა, რომ ყოველ 5,5 წამში ის დაბალენერგიულ ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოყოფდა.

ის ასტრონომთა მიერ აღმოჩენილი პირველი მაგნეტარი იყო, რომელიც რადიოტალღებს ასხივებდა.

ვარსკვლავთა ეს ექსკლუზიური კლასი მოთავსებულია მაგნიტურ მონსტრებსა და პულსარებს შორის.

იქნებ ყველა მაგნეტარი ასეთ რადიოტალღებს ასხივებს და ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვხედავთ? ან იქნებ XTE J1810–197და მისი მსგავსი სხვა სამი მაგნეტარი მართლაც განსაკუთრებულია?

კვლევის ავტორთა აზრით, შესაძლებელია, რომ ნეიტრონებისგან შედგენილი ვარსკვლავის ქერქში მიმდინარე რყევები არა მხოლოდ ამისამართებს მის მძლავრ მაგნიტურ ველს, არამედ პირდაპირ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ სიხშირეთა მთელ დიაპაზონს, მათ შორის რადიოტალღებს.

ნასას „ღრმა კოსმოსური ქსელის“ აპარატურით მაგნეტარ XTE J1810–19-სა და მის ორ „ბიძაშვილს“ ასტრონომთა სხვა ჯგუფიც იკვლევს. რადიოტალღათა გამოყოფაში ცვლილებები მათაც შენიშნეს.

რა ხდება სინამდვილეში? ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ მიმდინარე კვლევები ყველაფერს საბოლოოდ მოჰფენს ნათელს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.