ნეიტრონულ ვარსკვლავთა ცნობილი შეჯახების შედეგად ჰიპერმასიური მაგნეტარი წარმოიქმნა - ახალი კვლევა
ნეიტრონულ ვარსკვლავთა ცნობილი შეჯახების შედეგად ჰიპერმასიური მაგნეტარი წარმოიქმნა - ახალი კვლევა

შარშან დაფიქსირებული ნეიტრონული ვარსკვლავების ისტორიული შეჯახების შედეგად შავი ხვრელი არ წარმოქმნილა, სულ მცირე, თავდაპირველად მაინც. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

2017 წლის ოქტომბერში მეცნიერებმა დააფიქსირეს ორი სუპერმკვრივი ვარსკვლავური სხეულის, ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი სინათლე და გრავიტაციული ტალღები — დრო-სივრცის ჭავლები, რომელთა არსებობაც პირველად ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, დაახლოებით საუკუნის წინ.

ამ ეპიკურ შეჯახებას GW170817 უწოდეს, რადგან ის პირველად 2017 წლის 17 აგვისტოს შენიშნეს. ასტრონომთა თქმით, ამ მოვლენამ სათავე დაუდო მულტიმესნჯერულ ასტრონომიას. ეს ტერმინი აღნიშნავს კოსმოსურ ობიექტთა ან ფენომენთა შესწავლას სულ მცირე ორი სხვადასხვა ტიპის სიგნალის გამოყენებით.

ობსერვატორია LIGO-ს მიერ შეგროვებული მონაცემები მიუთითებდა, რომ ამ შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ობიექტი მზეზე 2,7-ჯერ მასიური იყო. ეს გახლავთ ნეიტრონული ვარსკვლავისა და შავი ხვრელის საზღვარი და შესაბამისად, ახლად წარმოქმნილი სხეულის იდენტიფიცირება საკმაოდ რთული გამოდგა. ეს უნდა ყოფილიყო ან ყველაზე პატარა შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, ან ყველაზე დიდი ნეიტრონული ვარსკვლავი.

თავდაპირველად ასტრონომები უფრო შავი ხვრელისკენ იხრებოდნენ, მაგრამ ბოლო კვლევა ნეიტრონული ვარსკვლავის სასარგებლოდ მეტყველებს — კონკრეტულად კი მის სუპერმაგნიტურ ტიპზე, რომელსაც მაგნეტარს უწოდებენ. კვლევის ავტორებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ახალი სიგნალი LIGO-სა და ობსერვატორია Virgo-ს მიერ შეგროვებულ მონაცემებში — 5-წამიანი დაღმავალი პულსი, რომელიც გრავიტაციულ ტალღათა თავდაპირველი რაუნდის შემდეგ დაიწყო, მაღალენერგიული გამა-გამოსხივების წარმოქმნამდე.

კვლევის თანახმად, ახლად აღმოჩენილი პულსის სიხშირე 1 კილოჰერცზე დაბალი იყო, რაც თანხვედრაში მოდის მაგნეტართა მიერ წარმოქმნილ პულსებთან, რადგან საკმაოდ დაბალია 3 მზის მასის მქონე შავი ხვრელის პულსების კვალობაზე, რომლებიც სულ მცირე 2 კილოჰერცის სიხშირის უნდა იყოს.

კვლევის ავტორის, სამხრეთ კორეის სეჯონგის უნივერსიტეტის ასტრონომის, მორის ვან პუტენის განცხადებით, ამჟამად ვიმყოფებით გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის განთიადზე, რაც მონაცემთა დეტალურ შესწავლას მოითხოვს. მისი განცხადებით, დანამდვილებით დადგინდა, რომ ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად მართლაც წარმოიქმნა ერთი დიდი ობიექტი.

თუმცა, უცნობია თავად ამ მაგნეტარის ბედი. მკვლევართა თქმით, შეიძლება, მან საკმაოდ დიდხანს იარსებოს სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავის, ანუ პულსარის სახით; ანდაც თანდათან კოლაფსირდეს და შავი ხვრელი წარმოქმნას.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.