აღმოჩენილია ახალი მაგნეტარი — სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ობიექტი #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ახალი მაგნეტარი — სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ობიექტი #1tvმეცნიერება

ახალი აღმოჩენის წყალობით, ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილ მაგნეტართა რაოდენობა შეიძლება 25-მდე გაიზარდოს.

3 ივნისს, ტელესკოპ Swift Burst Alert-ის ყურადღება გალაქტიკის სიბრტყის სიახლოვეს დაფიქსირებულმა უცაბედმა რენტგენულმა ანთებამ მიიპყრო. შემდეგმა დაკვირვებებმა და ანალიზებმა დაადასტურა, რომ მას აქამდე უცნობი მაგნეტარი გამოყოფს, რომელსაც უკვე უწოდეს Swift J1555.2-5402.

გამომდინარე იქიდან, რომ ირმის ნახტომში ძალიან ცოტა მაგნეტარი გვაქვს დაფიქსირებული, ნებისმიერმა ახალმა აღმოჩენამ შეიძლება წარმოუდგენლად გაამდიდროს ცოდნა ამ იდუმალ ობიექტთა შესახებ.

მაგნეტარები ბოლო პერიოდში გახდნენ კოსმოსური „სელებრითები“. ისინი ნეიტრონული ვარსკვლავის უიშვიათესი ტიპია; ნეიტრონული ვარსკვლავი კი არის მზეზე 8-30-ჯერ მასიურ ვარსკვლავთა კოლაფსირებული ბირთვები.

როდესაც ასეთი მასის ვარსკვლავები სუპერნოვად ფეთქდებიან და მატერიის გარე ფენებს იშორებენ, მათი ბირთვი კოლაფსირდება და წარმოქმნის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მკვრივ ობიექტს, რომელსაც მზეზე დაახლოებით ორჯერ მეტი მასა აქვს, მაგრამ დიამეტრში სულ რაღაც 20 კილომეტრამდეა.

მაგნეტარი სწორედ ასეთია, მაგრამ რაღაცით კიდევ უფრო მეტი. როგორც სახელიც მიუთითებს, მათ წარმოუდგენლად მძლავრი მაგნიტური ველი აქვთ — დაახლოებით 1000-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვეულებრივ ნეიტრონულ ვარსკვლავს და კვადრილიონჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე დედამიწას.

ამ ვარსკვლავთა დაფიქსირება რთულია, რაც მათ შესწავლას ართულებს. ამ დროისათვის დადასტურებულია მხოლოდ 24 მაგნეტარი, ექვსი კი კანდიდატთა სიაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ობიექტთა შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, მაგალითად, როგორ გამოიმუშავეს ასეთი ძლიერი მაგნიტური ველი.

უახლესმა აღმოჩენამ მაგნეტარებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა: დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი ასეთი იდუმალი ვარსკვლავი მძლავრ რადიოსიგნალთა გარკვეულ ტიპს გამოყოფდა, რომელსაც სწრაფ რადიოსიგნალებს უწოდებენ; იქამდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ირმის ნახტომის გარედან მოსული ასეთი სიგნალები, მაგრამ უცნობი რჩებოდა მათი წყარო.

მაგნეტარები ნამდვილი მოუსვენარი „მხეცები“ არიან. მაშინ, როდესაც გრავიტაცია, ანუ შიგნით მიმართული ძალა ვარსკვლავის მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ წარმოქმნის გარეთ მიმართულ ძალას და არღვევს ვარსკვლავის ფორმას. ეს კი ამ ორ ძალას შორის მუდმივ დაძაბულობას განაპირობებს და პერიოდულად წარმოქმნის უზარმაზარ „მიწისძვრებსა“ და გიგანტურ მაგნიტურ ანთებებს.

Swift J1555.2-5402 რენტგენული რადიაციის ანთების წყალობით აღმოაჩინეს. შემდეგი დაკვირვებები NASA-ს ნეიტრონულ ვარსკვლავთა წიაღის შემადგენლობის მკვლევარი ტელესკოპით (NICER) და რენტგენული ტელესკოპის, Swift-ის გამოყენებით ჩაატარეს. ორივე ეს ხელსაწყო კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს.

ანთების ადგილას, Swift-მა რენტგენული გამოსხივების ახალი წყარო გამოავლინა, NICER-მა კი მაგნეტარისთვის დამახასიათებელი პულსაციები დააფიქსირა, რაც ასტრონომთა განცხადებით, ადასტურებს, რომ მოკლე ანთება მართლაც ახალი მაგნეტარის მიერ არის გამოყოფილი.

რა თქმა უნდა, ამ აღმოჩენას დეტალური კვლევები მოჰყვება და იმედია, რაღაც ახალს შევიტყობთ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ობიექტების, ზოგადად მაგნეტარების შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი