შორეულ კოსმოსში ასტრონომებმა სრულყოფილი სფერო შენიშნეს — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომი მრავალი უკიდურესად უცნაური ობიექტის სამშობლოა, მაგრამ ახალმა აღმოჩენამ ასტრონომები ნამდვილად გააოცა.
მძლავრი რადიოტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში, ასტრონომებმა სრულყოფილად სფერული ბუშტი შენიშნეს. მეტნაკლებად ცნობილია, რა არის ის სინამდვილეში — აფეთქებული ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი მატერიის, ანუ სუპერნოვასგან ნარჩენის გაფართოებადი ბუშტი. თუმცა, უფრო მეტად თავსატეხი ისაა, როგორ გაჩნდა ის.
მკვლევართა დიდმა საერთაშორისო ჯგუფმა დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს მიროსლავ ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით, ობიექტს ტელეიოსი უწოდა (ძველბერძნულად ნიშნავს „სრულყოფილებას“). შესაძლებლობათა ყოველმხრივი მიმოხილვის შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო, რათა დადგინდეს, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ობიექტი.
ავსტრალიურმა რადიოტელესკოპმა ASKAP-მა თავის პროგრამაში „სამყაროს ევოლუციური რუკა“ (EMU), სხვადასხვა სახის მრავალი წრე აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორსაა, სხვა გალაქტიკებში და კვლევაც ჭირს, მათ შორისაა სახელგანთქმული უცნაური რადიოწრეები (ORCS).
ტელეიოსი ირმის ნახტომში მდებარეობს და ღრმა კოსმოსში მიმოფანტული უცნაური რადიოწრეებისგან განსხვავებული წარმომავლობა აქვს; მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ახლოსაა და პატარაა, ვერ ხერხდება მისი ზუსტი მანძილის დადგენა, რაც მნიშვნელოვანი წინაღობა აღმოჩნდა მისი წარმომავლობის შესასწავლად.
ფილიპოვიჩმა და მისმა კოლეგებმა ობიექტს ყოველმხრივი ანალიზი ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ მკრთალად ანათებს მხოლოდ რადიო ტალღისსიგრძეებში. მისი ნათების ტალღისსიგრძემ ცხადყო, რომ დიდი ალბათობით, ის Ia ტიპის სუპერნოვას ნარჩენი უნდა იყოს — მთელ სამყაროში სუპერნოვას ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტიპის.

ეს სუპერნოვები მაშინ ხდება, როცა სხვა კომპანიონ ვარსკვლავთან ახლო წყვილურ ორბიტაზე მოძრავი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი ამ კომპანიონს მატერიას ჰპარავს, შთანთქავს და აღწევს მასის ლიმიტს, რის შემდეგაც ფეთქდება.
კოსმოსში სხვადასხვა ობიექტამდე მანძილის გაზომვა საოცრად რთულია. ტელეიოსამდე მანძილის შესახებ მკვლევრებმა გარკვეული შეფასებები დადეს, მაგრამ ვეღარ დააზუსტეს ორ ვარიანტზე მეტად — დაახლოებით 7175 სინათლის წელი და დაახლოებით 25 144 სინათლის წელი.
ორივე ეს მანძილი ტელეიოსის ევოლუციური ისტორიისთვის ძლიერ სხვადასხვა რამეს ნიშნავს. იმის გამო, რომ რაც უფრო შორსაა ობიექტი, ჩვენგან მით უფრო პატარა ჩანს, ეს ორი მანძილი ბუშტის ძლიერ სხვადასხვა ზომას იძლევა. თუ 7175 სინათლის წლის მანძილზეა, სუპერნოვას ამ ნარჩენის სიგანე 46 სინათლის წელი უნდა იყოს, მაგრამ თუ 25 144 სინათლის წლითაა დაშორებული, მისი დიამეტრი 157 სინათლის წელი იქნება.
სუპერნოვას ნარჩენი ხშირად შედგება მატერიის გაფართოებადი ღრუბლისგან; შესაბამისად, ყოველი ზომა ნარჩენის სხვადასხვა ასაკზე მიუთითებს. ახლო მანძილი მიუთითებს ახალგაზრდა სუპერნოვას ნარჩენზე, რომელსაც გასაზრდელად ნაკლები დრო ჰქონდა, 1000 წელიწადზე ნაკლები. დიდი მანძილის შემთხვევაში კი ის 10 000 წელიწადზე მეტის უნდა იყოს.
ამ ორივე სცენარის პრობლემა ისაა, რომ Ia ტიპის სუპერნოვას ევოლუციური მოდელების პროგნოზების თანახმად, მას ასევე უნდა ჰქონდეს რენტგენული სხივები. რენტგენული სხივების არარსებობა ცოტა დამაბნეველია.

კიდევ ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ ტელეიოსი Iax ტიპის სუპერნოვას ნარჩენია — Ia ტიპის სუპერნოვას ერთ-ერთი ტიპი, რომელიც თეთრ ჯუჯას მთლიანად კი არ ანადგურებს, არამედ ტოვებს „ზომბი“ ვარსკვლავის ნარჩენებს. ეს კი ზუსტად ჯდება ტელეიოსის გამოსხივების მახასიათებლებში, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ის ცოტა უფრო ახლოს იყოს, დაახლოებით 3262 სინათლის წლის მანძილზე.
ეს სცენარი ნიშნავს იმას, რომ ტელეიოსი ცოტა პატარაა, დაახლოებით 11 სინათლის წლის სიგანის. ამ მანძილზე არის ვარსკვლავიც კი, რომელიც შეიძლება ზომბი ვარსკვლავის კანდიდატი იყოს… თუმცა, მანძილის არცერთმა სხვა დამოუკიდებელმა გაზომვამ არ დაადასტურა, რომ ტელეიოსი შეიძლება ამ მანძილზე იყოს.
ყველა ეს საკითხი ობიექტის თითქმის სრულყოფილ სიმეტრიას ცოტა უკანა პლანზე სწევს. სუპერნოვას ნარჩენები თითქმის ყოველთვის გარკვეულწილად სიმეტრიულია. თავად აფეთქება შეიძლება ასიმეტრიული იყოს; გაფართოებადმა მატერიამ შეიძლება მიმდებარე გაზი და მტვერი გადასწიოს და საბოლოოდ, გარსი იმდენად გაფართოვდება, რომ დანაწევრებას დაიწყებს.
თუმცა, თუკი სუპერნოვა სიმეტრიულია და სივრცის საკმაოდ ცარიელ რეგიონში ხდება, ის შეიძლება სიმეტრიულად გაფართოვდეს. მას ჯერ დანაწევრების წერტილისთვის არ მიუღწევია. იშვიათი ხედია, მაგრამ არა შეუძლებელი. შედეგად, ტელეიოსი საკმაოდ მოხდენილია.
ამ ამბის საბოლოოდ გასარკვევად ცოტა მეტი კვლევაა საჭირო.
კვლევა Publications of the Astronomical Society of Australia-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.