ართრიტის წამალმა ბუდობრივი თმის ცვენის მქონე პაციენტებს თმის საფარი 100 პროცენტით აღუდგინა — #1tvმეცნიერება

13:03, 07.09.2026

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ორი პროცენტი ცხოვრობს თმის ბუდობრივ ცვენასთან და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან ერთად. ეს დაავადება ჩნდება მაშინ, როცა იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის თმის ფოლიკულებს.

თმის ფოლიკულები ამ დროს სამუდამოდ არ ზიანდება და დაავადების უკუქცევა შესაძლებელია; თუმცა, სირთულე მდგომარეობს იმუნური პასუხის შეჩერებაში.

ამჟამად ხელმისაწვდომ პრეპარატთა არჩევანი შეზღუდულია, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და თანაც, ისინი ყოველთვის ეფექტიანი არ არის.

ბუდობრივი თმის ცვენის ამჟამად არსებულ მედიკამენტებთან გარკვეულ მსგავსებათა გამო, ახალ კვლევაში პოტენციური სამკურნალო საშუალების სახით დატესტეს ანთების საწინააღმდეგო და ართრიტის პრეპარატი უპადაციტინიბი დატესტეს; კლინიკური კვლევის მესამე ფაზა ორ ცალკეულ კვლევაში, ტანდემში მიმდინარეობდა.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ეს კვლევა ჟურნალ JAMA Dermatology-ში გამოქვეყნდა; მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთმა შედეგებმა უპადაციტინიბი შეიძლება აქციოს ბუდობრივი თმის ცვენის მკურნალობის რეალურ ვარიანტად, რაც მილიონობით ადამიანს გაუუმჯობესებს ცხოვრებას.

„ამ ორ პარალელურ მესამე ფაზის რანდომიზებულ კლინიკურ ცდებში, უპადაციტინიბმა აჩვენა სარგებელი-რისკის დადებითი პროფილი მწვავე ბუდობრივი თმის ცვენის მქონე ზრდასრულებსა და მოზარდებში. უპადაციტინიბი შეიძლება იყოს პოტენციურად ეფექტიანი სამკურნალო ვარიანტი ასეთი პაციენტებისთვის“, — წერენ მკვლევრები.

ჯამში ორივე ცდაში მონაწილეობას იღებდა 1399 ადამიანი; მათ ასაკი 12-დან 64 წლამდე იყო და 118 მონაწილე მოზარდი იყო. ყველა მონაწილეს სულ მცირე 50 პროცენტი ჰქონდა ალოპეციის სიმძიმის სტანდარტული ინსტრუმენტის (SALT) შეფასებით, ანუ გაცვენილი იყო სკალპის თმის სულ მცირე 50 პროცენტი.

24-კვირიან პერიოდში, მონაწილეებს დღეში ერთ აბს აძლევდნენ, რომელიც შეიცავდა 30 ან 15 მილიგრამ უპადაციტინიბს ან პლაცებოს.

წარმატების შესაფასებლად SALT შეფასება გამოიყენეს, რომლის ზღვარიც იყო 20 (ანუ 80 პროცენტი თმის საფარი). ორ კვლევაში ამ მიზანს 45,2 პროცენტით და 44,6 პროცენტით მიაღწიეს 15 მგ უპადაციტინიბზე მყოფმა მონაწილეებმა, 55 და 54,3 პროცენტით 30 მგ-ზე მყოფებმა და 1,5 და 3,4 პროცენტით პლაცებოზე მყოფებმა.

როგორც ჩანს, პრეპარატმა ისე იმუშავა, როგორც განზრახული იყო, დაბლოკა თმის ფოლიკულების თავდასხმაში ჩართული იმუნური სისტემის სიგნალირება. ამასდ გარდა, სხვაობა აშკარა იყო ცდების ადრეულ ეტაპზეც.

„პლაცებოსგან სხვაობა მკურნალობის დაწყებიდან მალევე გამოიკვეთა; SALT-ის შეფასების ძირითადი სასრული წერტილი, ანუ 20 ქულა ან უფრო დაბალი, უპადაციტინიბის ორივე დოზირების ჯგუფში მიიღწა დაწყწებიდან რვა კვირაში“, — წერენ მკვლევრები.

კვლევის სხვა ასპექტებში დაფიქსირდა კიდევ უფრო მეტი კარგი ამბავი. უპადაციტინიბზე მყოფ მონაწილეთა 13-დან 22,5 პროცენტს სკალპის თმა სრულად აღუდგა.

უსაფრთხოების მოკლევადიანი პროფილი დადებითი იყო, სერიოზული გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა მხოლოდ ძალიან ცოტა მონაწილეში, ამავდროულად შეინიშნებოდა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც.

„უპადაციტინიბის ორივე დოზის პაციენტებში ასევე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ცვლილებისადმი პაციენტის შთაბეჭდილებაში, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მრავალ ასპექტში“, — წერენ მკვლევრები.

გასათვალისწინებელია რამდენიმე მომენტი. ვინაიდან კვლევა მხოლოდ 24 კვირა გაგრძელდა, ჯერ უცნობია გრძელვადიანი ეფექტები და გავლენა ჯანმრთელობაზე. ამას გარდა, კვლევა დაფინანსებული იყო AbbVie-ის მიერ, ფარმაცევტული კომპანიის, რომელიც უპადაციტინიბს აწარმოებს. ზოგიერთი მკვლევარი AbbVie-ს თანამშრომელია.

ასეთ დიდ კვლევებში მწარმოებელთა სპონსორობა უჩვეულო არაა, თანაც კვლევის რეცენზირება მოხდა მათგან დამოუკიდებლად. მიუხედავად ამისა, უპადაციტინიბის პოტენციალის დასადასტურებლად საჭიროა შემდგომი ტესტირება.

კვლევა JAMA Dermatology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი