ახალი კვლევის თანახმად, 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს ქალი ფარაონი მართავდა — #1tvმეცნიერება

16:56, 22.09.2026

ძველ ეგვიპტეს სხვადასხვა დროს არაერთი ქალი მართავდა გარკვეული ფორმით. ყველაზე ცნობილთა შორის არიან ჰატშეფსუტი, ნეფერტიტი და კლეოპატრა; უფრო მეტიც, შვიდი კლეოპატრა.

ეგვიპტის პირველი დედოფალი ნეფრუსებეკი იყო, რომელიც დაახლოებით 4000 წლის წინ მეფობდა.

თუმცა, ეგვიპტის პირველი ქალი მმართველი შეიძლება ათასი წლით ადრე მეფობდა. თუ ასეა, ის ეგვიპტის ყველაზე ადრეული ქალი მმართველი იქნება აღრიცხულთა შორის.

მისი სახელია მერნეიტი, რაც „ნეიტის რჩეულს“ ნიშნავს — ომისა და დედობის ძველეგვიპტური ქალღმერთის; ნამდვილად უცნაური კომბინაციაა, ეჭვგარეშეა.

ახლახან, ჟურნალ Prague Egyptological Studies-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ავლენს აქამდე უცნობ ზოგიერთ მტკიცებულებას მერნეიტის ძალაუფლების სტატუსის შესახებ და აღწერს მის მრავალმხრივ, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ მმართველობას აქამდე შეუსწავლელი დეტალებით.

პრაღის კარლის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგმა სიუ კელიმ და ბუქარესტის უნივერსიტეტის ციფრულმა არქეოლოგმა კრისტალ მილერმა ციფრული გამოსახულების შექმნის სპეციალური ტექნიკის (იეროგლიფების გამოცალკევება, ფერების ინვერსია და გამოსახულების მაღალი კონტრასტის მქონე ვექტორულ გრაფიკად გარდაქმნა) გამოყენებით გამოავლინა მერნეიტის სახელი, რომელიც ამოტვიფრულია „სერეხებზე“ — სამეფო ბეჭდებზე.

ასეთი მოწყობილობები ეგვიპტის მმართველებს ჰქონდათ.

სერეხები ამშვენებს თიხის საცობების 13-ცალიან კომპლექტს — თიხის ქოთნებისა და სხვა ჭურჭლის დასახშობად გამოყენებულ საცობებს და ისინი 80 წლის წინ აღმოაჩინეს მუმიებით სავსე საქარის ნეკროპოლისში (საინტერესოა, რომ მერნეიტი იქ არაა დაკრძალული).

„ჩვენი აზრით, შედეგი მერნეიტს აიგივებს ამ პერიოდის მმართველთა მთავარ ნიშან-თვისებასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად იყო ქალი მეფე (არა უბრალოდ დედოფალი, არამედ კაცი მმართველის ნამდვილი ეკვივალენტი, ანუ „მეფე“) პირველი დინასტიის დროს და ძველი ეგვიპტის მეორე ქალი მმართველი, რომლის სახელიც სამეფო სერეხის ემბლემაშია ჩაწერილი“, — განმარტავს კელი.

ეს რთული და სადავო სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი მრავალ სხვადასხვა ადგილას გვხვდება, მათ შორის სამარხებზე აბიდოსისა და საქარის სამეფო ნეკროპოლებში, ბუნდოვან და მწვავე განხილვის საგნად რჩება მისი სტატუსი.

თუმცა, მტკიცებულებათა მრავალი ხაზი მხარს უჭერს მერნეიტის ცნობადობას, მათ შორისაა მისი სამეფო სამარხი აბიდოსში — „ცალსახად მმართველის სამარხი“, რომელშიც ჩატანებულია ასეულობით ღვინის დიდი დოქი და აქვს თითქმის 50 თანმხლები სამარხი და კამერა, რომლებიც მსახურთა და კარისკაცთა დასაკრძალად გამოიყენებოდა.

როგორც ჩანს, მისი სახელი ამოკვეთილი იყო მონუმენტურ ქვის სტელაზეც — ისეთზე, როგორიც მმართველებისთვის იყო განკუთვნილი. ეს სტელა მისი სამარხში აღმოჩენილი წყვილის ნაწილია, თუმცა მეორე იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე არსებული წარწერის დადასტურება ვერ მოხერხდა.

მკვლევართა ვარაუდით, კარიერის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ ფორმით მინიმუმ 30 წლიან მმართველობას მოიცავდა, მერნეიტმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა თანამმართველის რანგში დაიწყო და ქვეყანას მართავდა ეგვიპტის მესამე ფარაონთან— ჯერთან ერთად (რომელიც, სავარაუდოდ, მისი მამა იყო); ჯერის სახელი თიხის საცობებზე გამოსახულ სერეხებზეც გვხვდება.

მერნეიტის სამარხი კომპლექსი

ეს დასკვნა ეფუძნება ადრეულ ვარაუდს, რომ იგი თავდაპირველად ტახტის მემკვიდრე პრინცესას სტატუსს ატარებდა.

მოგვიანებით, მერნეიტი შეიძლება რეგენტი გახდა, მაშინ, როცა მისი ვაჟი, დენი, არასრულწლოვანი იყო.

საინტერესოა, რომ დენის სამარხში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ იდუმალი ბეჭდის ანაბეჭდი, შესაძლოა, მმართველთა ან დაკრძალვის კულტთან დაკავშირებულ წინაპართა ქრონოლოგიას ასახავდეს; სიაში ბოლო ადგილზე მერნეიტის სახელია მითითებული, ტიტულით — „მეფის დედა“.

„გარდა ამისა, ეგვიპტელებმა აღიარეს მისი პოლიტიკური სტატუსი და მისი სახელი დაიტანეს მომდევნო მმართველის — სემერხეტის სამარხის ბეჭედზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას მმართველობის დასრულების შემდეგაც პატივს სცემდნენ. სხვა ტექსტები მიუთითებს, რომ მას ჰქონდა უფლებამოსილება ხაზინასა და თანამდებობის პირებზე, მართავდა როგორც მმართველი პოლიტიკური ტიტულის გარეშე“, — განმარტავს კელი.

მისი პოლიტიკური მრავალმხრივობა, სავარაუდოდ, განპირობებული იყო მისი სქესითა და იმ პერიოდში მმართველ ოჯახში მისთვის მინიჭებული სტატუსით; პოლიტიკური გარემოს ცვლილებასთან ერთად, მან მმართველის მრავალი განსხვავებული როლი მოირგო.

„ვვარაუდობთ, რომ მერნეიტს ჰქონდა უპირატესობა — პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულიყო და გასულიყო პოლიტიკური გარემოს მოთხოვნების შესაბამისად, მისი შემდეგი მამაკაცი მმართველებისგან განსხვავებით, რომლებმაც იმეფეს, გარდაიცვალნენ და მემკვიდრეებმა დაკრძალეს“, — ამბობს კვლევის ავტორი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი სიუ კელი.

კვლევა Prague Egyptological Studies-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი