ძველეგვიპტურ სამარხში 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ სამარხში 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ეგვიპტის პირველი დინასტიის დედოფალ მერნეიტის საფლავში არქეოლოგებმა დიდძალი სიმდიდრე აღმოაჩინეს, მათ შორის, ასობით მოზრდილი ღვინის ქილა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე დალუქულია. მკვლევართა განცხადებით, საფლავის ეს სიმდიდრე აძლიერებს ვარაუდს, რომ ის ძალზედ გავლენიანი პიროვნება იყო, შესაძლოა, ეგვიპტის პირველი ქალი ფარაონიც კი.

მერნეიტი დაახლოებით 5000 წლის წინ ცხოვრობდა; ეგვიპტის დედოფალი ის დაახლოებით ძვ. წ. 2950-იანი წლებისკენ იყო. სულ მცირე, იგი დედოფალი და რეგენტი იყო. შესაძლოა, ის ფარაონიც კი იყო, მაგრამ არქეოლოგებმა მისი პოზიცია დანამდვილებით ვერ დაადგინეს. ჩვენთვის ცნობილი პირველი ქალი, რომელსაც სრული სამეფო ტიტული ჰქონდა, გახლდათ ნეფრუსებეკი, ოღონდ ათასი წლის შემდეგ.

ძველი ეგვიპტე

აბიდოსის სამეფო ნეკროპოლისში აღმოჩენილ სამარხში ნამდვილად არის მტკიცებულებები, რომლებიც მერნეიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ის მამაკაც ფარაონთა სასაფლაოზეა დაკრძალული და მისი სამარხიც ზუსტად იმავე ზომის და სიმდიდრისაა. სავარაუდოდ, ის იმ დროის ყველაზე ძლევამოსილი ქალი უნდა ყოფილიყო.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ვენის უნივერსიტეტის არქეოლოგ კრისტიან კოჰლერის ხელმძღვანელობით, ამჟამად ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს მერნეიტის სამარხზე, რათა კიდევ უფრო მეტი რამ აღმოაჩინონ.

ძველი ეგვიპტე

ღვინის ქილების გარდა, რომლებშიც ყურძნის წიპწები და ღვინის ნარჩენებიც იპოვეს, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს წარწერები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მერნეიტი პასუხისმგებელი იყო ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიც არის სამეფო ხაზინა. ეს ფაქტი კიდევ ერთ მტკიცებულებას სძენს დედოფლის გავლენას.

სამარხი მონუმენტის მშენებლობის მეთოდის უკეთ გასაგებად, მეცნიერებმა ახალი არქეოლოგიური ტექნოლოგიები გამოიყენეს. მერნეიტის სამარხი კომპლექსი აგებულია გამოუწვავი აგურით, თიხითა და მერქნით. მოიცავს 41 კარისკაცისა და მსახურის სამარხსაც, რომლებიც მასთან ერთად არიან დაკრძალული.

ძველი ეგვიპტე

მკვლევართა განცხადებით, ანალიზები აჩვენებს, რომ კომპლექსი ერთიანად კი არ არის აშენებული, არამედ ნაწილ-ნაწილ, დიდი ხნის განმავლობაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ დამარხული ადამიანები დედოფლის გვერდით რიტუალური მსხვერპლშეწირვის სახით კი არ დაკრძალეს, არამედ შემდეგში, პატივისცემის ნიშნად, როდესაც ისინი იღუპებოდნენ.

სამარხზე სამუშაოები გრძელდება. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ კიდევ უფრო ბევრ რამეს აღმოაჩენენ ამ იდუმალი დედოფლის შესახებ, რომელიც სიკვდილიდან მრავალი ათასი წლის შემდეგაც კი ასე ცნობილი და მიმზიდველია.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.