აღმოჩენილია ქარვაში განამარხებული 98 მილიონი წლის წინანდელი ჩოქელა, რომელსაც ფოთლების მსგავსი მუცელი აქვს — #1tvმეცნიერება

13:46, 20.11.2026

შუა ცარცულ პერიოდში, თანამედროვე მიანმარის ტერიტორიაზე არსებობდა ტროპიკული ტყე. ხეებს უხვად ჩამოსდიოდათ წებოვანი ფისი. ერთ მშვენიერ დღესაც, ამ ფისში ძალიან განსაკუთრებული ჩოქელა ჩავარდა.

ახლა, 98 მილიონი წლის შემდეგ, ეს მწერი წარმოადგენს მცენარის ფოთლების მიმბაძველი ჩოქელას უძველეს ნამარხ მტკიცებულებას.

მისი მუცელი საოცრად ჰგავს გადაშენებულ მცენარე Selaginella grimaldii-ს, რომელიც ამავე რეგიონში აღმოჩენილი ქარვის ნატეხებიდან არის ცნობილი.

ჟურნალ New Phytologist-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ამ მწერს მეცნიერებმა Folimantis hyalinala უწოდეს.

გვარის სახელი Folimantis-ი სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფოთლის ჩოქელას“, hyalinala კი მწერის ფრთების მინის მსგავს გამჭვირვალობას.

„მართალია, მწერებსა და მცენარეებს შორის მიმიკრიული ურთიერთობა სულ მცირე 200 მილიონი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, მწირია მწერი-მცენარის მიმიკრის სანდო ნამარხები. Selaginella-სთან F. hyalinala-ს მიმიკრიის სტილი აქამდე ცნობილი არ იყო. თანამედროვე ჩოქელებში არ არსებობს სახეობა, რომელიც Selaginella-ს მიმიკრიას ახდენს“, — წერენ პალეონტოლოგი ჰონგრუ იანგი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

დღეს მრავალია ისეთი ჩოქელა, რომლებმაც თაობები გაატარეს კონკრეტულ მცენარეებზე, რათა საბოლოოდ მათ დამსგავსებოდნენ.

მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავია ორქიდეის ჩოქელა (Hymenopus coronatus) — სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური სახეობა, რომელიც ყვავილს ჰგავს, დაწყებული მისი ფურცლისებრი სხეულის ვარდისფერი და კრემისფერი ტონებით, დამთავრებული იმით, თუ როგორ არხევს სხეულს ქარში, ყვავილივით.

თუმცა, როცა F. hyalinala ცხოვრობდა, ყვავილოვანი მცენარეები ჯერ არ არსებობდა, შესაბამისად, მისი სხეული მრავალი თაობის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა ფოთლებს დამსგავსებოდა.

ნებისმიერ ჩოქელას, რომელიც გარეგნულად უფრო მეტად ჰგავდა იმ მცენარეს, რომელზეც ბინადრობდა, უკეთესი შანსი ჰქონდა, შეუმჩნევლად მიპარვოდა მსხვერპლს; ამავდროულად, უკეთ იყო შენიღბული საკუთარი მტაცებლებისგანაც.

ამავე დროს, სარგებელი ჰქონდა თავად მცენარესაც — ბალახისმჭამელი მწერებისგან მათ მათივე ბინადარი ჩოქელები იცავდნენ.

ევოლუციური თეორიის თანახმად, იმ ჩოქელებს, რომლებსაც მცენარესთან უფრო მეტი მსგავსება უპირატესობას ანიჭებდა, გადარჩენისა და საკუთარი გენების მომდევნო თაობისთვის გადაცემის უკეთესი შანსი ექნებოდათ.

დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი დასრულდა საოცარი მსგავსებით მცენარე Selaginella-ს ფოთლებთან.

პრეისტორიული ეგზემპლარი ცხადყოფს, რომ მცენარეების მიბაძვის ეს სახე, სულ მცირე 98 მილიონი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩოქელების ევოლუციური არსენალის ნაწილს.

თუმცა, F. hyalinala-ს შესახებ არის რაღაც უცნაური.

მრავალი თანამედროვე ჩოქელას სახეობა, რომლებმაც მცენარეების მიბაძვის უნარი გამოიმუშავეს, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ფოთლის მსგავს ელემენტებს ატარებს.

F. hyalinala-ს ფოთლის მსგავსი მახასიათებლები მხოლოდ მუცელზე ჰქონდა, რაც შეიძლება იმის მინიშნება იყოს, რომ მცენარისადმი მიბაძვა (მიმიკრია) ჯერ უკანა მხარეს დაიწყო, მოგვიანებით კი გავრცელდა სხვა წანაზარდებზე, მაგალითად, ფრთებსა და გულმკერდზე.

ჩოქელებს ტარაკნებთან საერთო წინაპარი ჰყავთ, რომელიც დაახლოებით 274 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

ახალ ტაქსონომიურ კვლევებში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი განსხვავებული ჩოქელები დაახლოებით 185 მილიონი წლის წინ, იურულ პერიოდში გამოჩნდნენ.

იმ დროს დაშლის პროცესში იყო სუპერკონტინენტი გონდვანა.

გეოლოგიური წარმოშობის ასეთმა ამბავმა შეიძლება ახსნას, რატომ არიან ჩოქელები ასე ფართოდ გავრცელებული, მრავალფეროვანი და ძლიერ მორგებული საკუთარ კონკრეტულ გარემოზე. მათ მილიონობით თაობა ჰქონდათ იმისთვის, რათა ასეთი შენიღბვა დაეხვეწათ.

ისინი ერთადერთი მწერები არ არიან, რომლებმაც ეს ასე ადრეულ ეტაპზე გააკეთეს ნამარხი ნაშთების მატიანეში. იმ პერიოდში, მცენარის მსგავსი მახასიათებლები განუვითარდა ზოგიერთ ტარაკანას, კალიას, მოჩვენებისებრ მწერს და ა. შ.

სამწუხაროდ, კაჩინის ქარვის მოპოვება და ვაჭრობა დაკავშირებულია მიანმარში ამჟამად მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ არეულობასთან. არსებობს შეშფოთება, რომ ქარვით ვაჭრობა დაკავშირებულია როგორც ამას გაერო უწოდებს „კაცობრიობის წინააღმდეგ გენოციდური კრიმინალის“ დაფინანსებასთან.

2015 წელს მიანმარმა ნამარხების ექსპორტი აკრძალა, მაგრამ ნამარხების შემცველი ქარვის ნიმუშებმა შავ ბაზარზე გადაინაცვლა.

2021 წელს, ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოებამ, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მეცნიერებს მოუწოდა „მკაცრი მორატორიუმის“ დაწესებისკენ მიანმარის წყაროებიდან 2021 წლის იანვრის შემდგომ მოპოვებული, ქარვაში ჩაჭედილი ყველა ნამარხი ნიმუშის გამოქვეყნებაზე.

ჩოქელა F. hyalinala-ს ნიმუში კოლექციონერმა 2015 წელს მიიღო, შემდეგ წელს კი პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტს გადასცა.

კვლევა New Phytologist-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი