კლინიკურ კვლევებში, ერთდოზიანმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა პაციენტებში „ცუდი“ ქოლესტერინის დონე 52%-ით შეამცირა — #1tvმეცნიერება

14:05, 04.09.2026

ზედმეტად ბევრი „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლში — დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ტიპი — იწვევს არტერიებში ფოლაქების დაგროვებას, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა ისეთი პრობლემების რისკს, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი.

LDL-ის დონეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის გენეტიკა, კვება და ასაკი; მაღალი ქოლესტერინის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კვების რაციონის ცვლილებებს და სტატინებს.

მეცნიერები ამჟამად CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობენ დნმ-ის ზუსტი რედაქტირების მეთოდზე, რათა განახორციელონ სამუდამო გენეტიკური ცვლილება, რამაც შეიძლება ხანგრძლივად შეამციროს LDL ქოლესტერინი მხოლოდ ერთი მკურნალობის შემდეგ.

მისი სახელია CTX310 და ჰბაძავს ბუნებრივ გენეტიკურ ვარიანტს, რომელიც LDL ქოლესტერინის დონეს ამცირებს ღვიძლის ცილის, სახელად ANGPTL3-ის ექსპრესიის შემცირების გზით.

კლივლენდის კლინიკის კლინიკური კვლევების კოორდინაციის ცენტრის ჯგუფის მიერ ჩატარებული კლინიკური ცდების ახალი შედეგები მიუთითებს, რომ ეს მიდგომა უსაფრთხო და ეფექტიანია გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგაც კი.

„CTX310 დაკავშირებული აღმოჩნდა სულ რამდენიმე გვერდით ეფექტთან და ერთი წლის განმავლობაში განაპირობა ANGPTL3-ის და ათეროგენული ლიპოპროტეინების დონის მდგრადი ცვლილებები, რაც კიდევ უფრო მეტად უჭერს მხარს მის, როგორც ერთჯერადი პრეპარატის პოტენციალს“, — წერენ მკვლევრები.

ზოგიერთი ადამიანი იბადება ANGPTL3 ცილის წარმომქმნელი გენის ფუნქციადაკარგული ვარიანტებით. ამ ცილის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ სხეულს უკეთესად შეუძლია სისხლის მიმოქცევაში არსებული ცხიმების დამუშავება, რაც სასარგებლოა ქოლესტერინის ბალანსის შესანარჩუნებლად.

CTX310-ის იდეაა იმავე გენეტიკური ცვლილების ხელოვნურად გამოწვევა და იგივე ეფექტების მიღწევა LDL ქოლესტერინზე.

კლინიკურ ცდებში (უკვე გავიდა 12 თვე), ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (სისხლში არსებული ცხიმის ტიპი) გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე 15-მა ადამიანმა ინტრავენურად მიიღო CRISPR ინსტრუქციების შემცველი ნანონაწილაკები.

კვლევის ერთი მონაწილე მკურნალობიდან 179 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მისი სიკვდილი საერთოდ არ იყო დაკავშირებული CTX310-თან.

დანარჩენ 14 მონაწილეში შენარჩუნდა დაბალი ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის პროფილი და არცერთ მათგანს არ განუვითარდა ახალი სერიოზული გვერდითი ეფექტი.

ოთხ პაციენტს, რომლებმაც მიიღეს ნანონაწილაკების ყველაზე მაღალი დოზა, რომლებიც მიეწოდება ღვიძლის უჯრედებს, სახელად ჰეპატოციტებს — ANGPTL3-ის დონე საშუალოდ 78,6 პროცენტით შეუმცირდათ.

მათი LDL ქოლესტერინი საშუალოდ 52,5 პროცენტით შემცირდა, ტრიგლიცერიდები კი საშუალოდ 47,8 პროცენტით.

მიუხედავად იმისა, რომ ცდაში ბევრი პაციენტი არ იყო ჩართული, ეს ადრეული შედეგები იმედის მომცემია და მიუთითებს, რომ ეს პრეპარატი შემდგომ განვითარებას იმსახურებს.

„ლიპიდური დარღვევების მქონე პაციენტებში, ერთჯერადი მკურნალობის პოტენციალი, რომ ჰეპატოციტებში გამოიწვიოს ფუნქციის დაკარგვის ისეთი მუტაცია, რომელიც ჰბაძავს იმ ბუნებრივ ვარიანტებს, რომლებიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადების შემცირებულ რისკთან — წარმოადგენს უნიკალურ თერაპიულ შესაძლებლობას“, — წერენ მკვლევრები.

ერთჯერადი CRISPR მკურნალობა შეიძლება უფრო მარტივი იყოს პაციენტებისთვის, ვიდრე თერაპიები, რომელთა ჩატარებაც ყოველდღე ან კვირაში ერთხელაა საჭირო; კვლევის მონაწილეები სპეციალურად შეირჩნენ, რადგან მათ ჰქონდათ ლიპიდური დარღვევები, რომლებიც არ რეაგირებდა ტრადიციულ მედიკამენტებზე.

უფრო მეტი ტესტირებაა საჭირო, რათა საბოლოოდ დადგინდეს, საიმედოა თუ არა ეს მეთოდი; პირველ რიგში იგულისხმება უფრო მეტი ადამიანის ჩართვა უფრო დიდი ხნით.

გენების რედაქტირებას საკუთარი რისკები ახლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მკვლევრები მიზანმიმართულად აკეთებენ ისეთ რედაქტირებას, როგორიც ზოგიერთ ადამიანში ისედაცაა ბუნებრივად — და რაც დაკავშირებული არაა მათ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის გვერდით ეფექტთან.

ამ პუბლიკაციაში აღწერილი კლინიკური კვლევების ფაზა 1a ადამიანებზე პირველად ჩატარდა, ამჟამად კი მიმდინარეობს ფაზა 1b, რომელიც ეფუძნება წინა დასკვნებს. ფაზა 1b-ში ტესტავენ ფიქსირებულ დოზას, რომელიც შეესაბამება 1a ფაზის კვლევის ყველაზე მაღალ დოზას, რომელიც ასეთი ეფექტიანი აღმოჩნდა.

„ფაზა 1b-ში ეფექტიანობა ფასდება პაციენტთა სხვა კოჰორტაზე, რომლებსაც სპეციფიკური ლიპიდური დარღვევები აქვთ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი