სისხლის ერთი კონკრეტული ცილით დემენციის რისკი შეიძლება დიაგნოზამდე ათწლეულებით ადრე გამოვლინდეს — #1tvმეცნიერება

13:41, 29.06.2026

შეიძლება ვერც ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენს სხეულში მრავალი ბიომარკერია, რომლებიც პროგნოზირებენ, როგორ წარიმართება მომავალში ჩვენი ჯანმრთელობა.

ეს ბიომარკერები განსაკუთრებით გამოსადეგია მკვლევრებისა და ექიმებისთვის. თუკი წინასწარ შევნიშნავთ ადამიანის რისკს კონკრეტული დაავადებისადმი, იქამდე, ვიდრე ტიპური სიმპტომები გამოჩნდება — შესაძლებელი გახდება გარკვეული ზომების მიღება მისი მართვის, კვლევისა და მკურნალობისთვის, ანდაც იქნებ საერთოდ პრევენციაც მოხერხდეს.

ახალ ყოვლისმომცველ კვლევაში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოავლინა ახალი, ადრეული ბიომარკერი, რომელიც შუახნის ასაკში გაზომვისას, როგორც ჩანს, პროგნოზირებს ხანდაზმულ ასაკში დემენციის რისკს.

მისი სახელია ცილა GDF15, რომელიც სისხლის პლაზმაში გხვდება და როგორც ექვს დიდ კოჰორტაზე ჩატარებული კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ სისხლში GDF15-ის მაღალი დონის მქონე ადამიანები, 55 წლის ასაკში ან უფრო ადრე, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ.

ამას გარდა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ იციან, რატომ ხდება ასე.

„ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ პლაზმის GDF15 შეიძლება დემენციის რისკის ადრეული რისკფაქტორის სახით ფუნქციონირებდეს მეტაბოლური გზების და ნეიროიმუნური ღერძის მოდულირების გზით“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

შედეგები ჰაერიდან არ მოსულა. წინა კვლევების თანახმად, სისხლში GDF15-ის მაღალი დონე დაკავშირებული იყო მოგვიანებით დემენციის რისკთან.

ამ კვლევაში ახალი ისაა, რომ ეს კავშირი ვრცელდება 55 წლამდე ქვემოთაც.

კვლევა რამდენიმეეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე შეაგროვეს ექვსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კოჰორტის მონაცემები, რომლებიც ჯამში ათეულობით ათას ადამიანს მოიცავდა. კვლევები აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ისლანდიასა და იაპონიაში ჩატარდა.

ამ პირებისთვის სისხლის ნიმუშების აღების გარდა, მკვლევრებს წვდომა ჰქონდათ მათი ჯანმრთელობის მონაცემებზეც, იმ პერიოდის, როცა ისინი 15-დან 25 წლამდე ასაკის იყვნენ. ამან გამოავლინა კავშირი GDF15-ის მაღალ მაჩვენებელსა და დემენციის რისკს შორის.

კავშირი განსაკუთრებით ძლიერი იყო ვასკულარული დემენციის შემთხვევაში, რომელსაც იწვევს თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევა. მკვლევრები ამას სავარაუდოდ მიაწერენ GDF15-ის როლს ანთებაში.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა გამოიყენეს მეთოდი, სახელად მენდელის რანდომიზაცია (MR), რომელშიც გენეტიკურ მახასიათებლებს რაღაცის პროქსებად იყენებენ, ამ შემთხვევაში, სისხლში GDF15-ის მომატებული დონისთვის.

ასობით ათასი ადამიანის ხელმისაწვდომი გენეტიკურ მონაცემთა ნაკრებების გაერთიანებით, ჯგუფმა დაადგინა, რომ მაღალ GDF15-თან დაკავშირებული გენეტიკური ვარიანტის მქონე ადამიანები ასევე იყვნენ დემენციის მაღალი რისკის ქვეშ.

ეს იმის დასტურია, რომ ეს ბიომარკერი მხოლოდ დაავადების ადრეული ნიშანი კი არ არის, არამედ სავარაუდოდ დემენციის მამოძრავებელი ფაქტორიც, რადგან ეს გენები დამოუკიდებელია ცხოვრების წესისგან, გარემოსა და დაავადებისგან.

მკვლევრებმა საქმე ამით არ დაასრულეს. მცირე მონაცემთა ბაზებში, მათ შეისწავლეს ტვინის სკანირებები და ცერებროსპინალური სითხის (CSF) ნიმუშები, რომელიც მხარს უჭერს ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

კავშირია აქაც გამოიკვეთა — სისხლში მეტი GDF15 დაკავშირებული იყო ცერებროსპინალურ სითხეში მეტ GDF15-თან და ტვინის ზომაში შემცირებასთან — მაგრამ არა ტოქსიკურ ცილა ამილოიდ ბეტას გროვებთან, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული.

„დავაკვირდით ძლიერ კორელაციას პლაზმისა და ცერებროსპინალური სითხის GDF15 დონეს შორის, რომელიც შესაბამისობაშია იმის შესაძლებლობასთან, რომ მოცირკულირე GDF15 ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადავიდეს“, — წერენ მკვლევრები.

და ბოლოს, ლაბორატორიაში იმუნურ უჯრედებზე ჩატარებულმა ტესტებმა იპოვა იმის მტკიცებულება, რომ GDF15 ხელს უშლის იმუნური პასუხებისა და ენერგიის მართვის ნორმალურ ბიოლოგიურ გზებს, რაც შესაძლო მინიშნებებია იმისა, თუ რატომ შეიძლება GDF15 გარკვეულ შემთხვევებში დემენციის გამომწვევი იყოს.

GDF15 მნიშვნელოვანი ცილაა სხეულში მიმდინარე ყველა სახის უჯრედული პროცესისთვის, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა იმუნური სისტემის უსაფრთხოდ კონტროლი. კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია დათრგუნოს მაგალითად, კიბოს გავრცელება.

გაცილებით მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ პასუხი დაზუსტებით ვიცოდეთ, მაგრამ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ GDF15 სინამდვილეში, როცა საქმე დემენციას ეხება, GDF15-მა შესაძლოა იმუნური სისტემა ზედმეტად დაამშვიდოს და ტვინი დაუცველი გახდეს.

მომავალში შეიძლება მოვახერხოთ GDF15-ის გამოყენება როგორც დემენციის გაზრდილი რისკის ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად, ასევე მისი განვითარების უკეთ გასაგებად.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი