ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომელიც ჰაერში ოქროს კრისტალებს აფრქვევს — #1tvმეცნიერება

15:58, 30.06.2026

ლავა. ფერფლი. საშინელი სიკვდილი.

ეს ყველაფერი აქტიური ვულკანისგან მოსალოდნელი შედეგია.

თუმცა, ჩვენი პლანეტის უშორეს, გაყინულ მისადგომებში არის ერთი ვულკანი, რომელიც ცოტა სხვანაირად „იქცევა“.

ანტარქტიდაში შეჭრილ ღრმა ყურეში, როსის ზღვაში, კუნძულ როსზე, გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსიდან დაახლოებით 1350 კილომეტრში, ერებუსის მთა ხრჩოლავს. მსოფლიოს ყველაზე სამხრეთით მდებარე აქტიური ვულკანი ლავის მუდმივ ტბას ქმნის.

მიწისქვეშეთის ამ კარიბჭიდან მუდმივად ამომავალ გაზში მეცნიერებმა კრისტალური, ელემენტარული ოქროს მიკროსკოპული ნაწილაკები იპოვეს.

1991 წელს ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ერებუსი დღეში დაახლოებით 80 გრამ მიკროსკოპულ ოქროს მტვერს ამოაფრქვევს და 1000 კილომეტრის მოშორებითაც კი ფანტავს.

დღეისათვის, ის მსოფლიოში ერთადერთი ვულკანია, რომელიც კრისტალური ელემენტარული ოქროს ნაწილაკებს აფრქვევს.

თუმცა, ნამდვილი საიდუმლო ისაა, როგორ გაურბის ოქრო მაგმას.

თორემ სინამდვილეში, ვულკანურ ამონაფრქვევში ოქროს არსებობა სულაც არაა უჩვეულო.

ოქროს კვალი ქიმიურად დაფიქსირებულია ჰავაის ვულკან კილაუეას, იტალიის ეტნას, ალასკის ავგუსტინის და მექსიკის ელ-ჩიჩონის ნიმუშებში.

მოგვიანებით ჩატარებული თეორიული ნაშრომები ვარაუდობს, რომ ოქროს ტრანსპორტირება შესაძლებელია ცხელ ვულკანურ სითხეებში და სავარაუდოდ, აირებშიც.

ლოგიკურია. ვულკანი არსებითად არის ხვრელი დედამიწის ქერქში, საიდანაც სიღრმიდან მაღლა ამოდის გამდნარი მასალა.

მრავალი ელემენტი, როგორიცაა სპილენძი, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, სელენი და გოგირდი, ასევე ოქრო — ყველა ერთად არის მოქცეული დიდ, ნამდვილ სადნობ ქვაბში, სადაც მათ შეუძლიათ სხვა ელემენტებთან შეერთება და ნაერთების წარმოქმნა.

იქიდან ოქრო ისე არ ორთქლდება, როგორც წყალი ჩაიდნიდან — სუფთა ოქროს დუღილის ტემპერატურა გაცილებით აღემატება ვულკანის ტემპერატურას. მიჩნეულია, რომ ის ეკვრის და მიჰყვება ცხელ ვულკანურ აირებში არსებულ აქროლად ქლორს ან გოგირდის შემცველ ნაერთებს.

თუმცა, ნიუ-მექსიკოს სამთო მოპოვებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გეოქიმიკოს კიმბერლი მიკერის ჯგუფის ნაშრომის თანახმად, ერებუსის ოქრო რაღაც ისეთს „აკეთებს“, რაც აქამდე სხვა არცერთ ვულკანში არ უნახავთ.

ერებუსის ემისიების კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა ნიმუშები აიღეს
ვულკანის კრატერის გარშემო თოვლში, ლავის ტბიდან ამომავალი აირის ჭავლში და ვულკანიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ანტარქტიკულ ტროპოსფეროში.

ნიმუშების სამივე ნაკრებში მათ მიკრონის მასშტაბის სუფთა ოქროს ნაწილაკები იპოვეს.

ელექტრონულ მიკროსკოპში, არარეგულარული ლაქების ნაცვლად, ნაწილაკები რთული, წახნაგოვანი, თითქმის იდეალურად გეომეტრიული კრისტალების სახით გამოიყურებოდა, ზოგიერთის დიამეტრი დაახლოებით 60 მიკრომეტრს აღწევდა.

დღეში 80 გრამი ოქრო გარკვეულწილად ცოტაა, ვიდრე ზოგიერთი სხვა ვულკანის შემთხვევაში. იმ დროს ხელმისაწვდომ გაზომვებზე დაყრდნობით, ვულკანი კილაუეა დღეში დაახლოებით 500-800 გრამ ოქროს გამოყოფდა, ეტნა კი 2,4 კილოგრამს.

თუმცა, ერებუსს ახასიათებს რაღაც უნიკალური, რაც ოქროს ვულკანურ ამონაფრქვევში არსებული ნაერთებისგან გამოცალკევების საშუალებას აძლევს.

მკვლევართა მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მოდელის თანახმად, ოქრო ლავისგან აქროლადი ქლორის შემცველი ნაერთების სახით გამოიყოფა. როცა გაზი ცივდება, ოქრო ამ ნაერთებიდან კრისტალიზდება, საბოლოოდ კი ანტარქტიდის ყინულზე ცვივა და ილექება.

ამ მოდელის ერთი სირთულე ისაა, რომ გაზი ძალიან ცოტა ოქროს შეიცავს; ასე პირობებში, ასე ლამაზად ჩამოყალიბებული კრისტალების ბირთვის სპონტანური წარმოქმნა ჰაერში ძალიან რთულია.

მოგვიანებით ვულკანოლოგ ფილიპ კაილის მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი სცენარის მიხედვით, ოქრო უფრო თანდათანობით წარმოიქმნება ლავის ტბის ზედაპირის ქერქში და შემდეგ ის ამომავალ აირებს ააქვს მაღლა.

ამ ოქროს აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ კონკრეტული პასუხი დღემდე არ გვაქვს.

როგორც ჩანს, ერებუსის მთისთვის დამახასიათებელი რაღაც — ან მისი ქიმია, გარემომცველი ტემპერატურა, გეოლოგია ან რაღაც სხვა — აძლევს ოქროს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჰაერში მტვრის სახით გაიფრქვეს.

ჟურნალ Geophysical Research Letters-ში 1991 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი