რატომ გამოიწვია კამჩატკის უმძლავრესმა მიწისძვრამ საოცრად პატარა ცუნამი — #1tvმეცნიერება

13:02, 31.07.2025

30 ივლისს კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს მომხდარმა მიწისძვრამ წარმოქმნა ცუნამის ტალღები, რომლებმაც ჰავაის და აშშ-ის კონტინენტური ნაწილის სანაპიროს მიაღწია.

მიწისძვრის სიმძლავრე 8,8 მაგნიტუდა იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბიძგებს ოდესმე აღრიცხულთა შორის.

წყნარი ოკეანის გარშემო მდებარე ქვეყანათა უმეტესობამ, მათ შორის აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, პოტენციურად გამანადგურებელი ტალღების მოლოდინში განგაში გამოსცეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ევაკუაციაც.

მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვეს, კამჩატკის სანაპირო ქალაქებს ოთხ მეტრამდე სიმაღლის ტალღებმა დაარტყა და მძიმედ დააზიანა.

თუმცა, სხვა ადგილებში ტალღები მოსალოდნელზე პატარა იყო; მათ შორის იაპონიაში, რომელიც კამჩატკასთან იმაზე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე წყნაროკეანური სარტყლის უმეტესი ნაწილი. მრავალი გაფრთხილება უკვე შემსუბუქდა ან მოიხსნა.

კამჩატკის მიწისძვრა

როგორც ჩანს, ცუნამი იმაზე გაცილებით პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ამ სიმძლავრის მიწისძვრის კვალობაზე უნდა ყოფილიყო. იმის დასადგენად, თუ რატომ მოხდა ასე, გეოლოგიას უნდა ჩავხედოთ.

მიწისძვრა დაკავშირებული იყო წყნარი ოკეანის ტექტონიკურ ფილასთან — დედამიწის ქერქის ერთ-ერთ ძირითად ნაწილთან. ეს ფილა ჩრდილო-დასავლეთით აწვება ჩრდილოეთ ამერიკის ფილას, რომელიც დასავლეთით რუსეთამდე ვრცელდება. სუბდუქციის სახელით ცნობილი პროცესით, ეს ფილა კამჩატკის ნახევარკუნძულის ქვეშ ცურდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, კონვერგენციის, ანუ ფილის მოძრაობის საზომის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 80 მილიმეტრია. ეს ფილების საზღვართან ფარდობითი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, როგორც წესი, ეს მოძრაობა ხანდახან რამდენიმე მეტრის უეცარი მოძრაობის სახით ხდება. ამ ტიპისა და სიმძლავრის ნებისმიერი მიწისძვრისას, ასეთი მოძრაობა შეიძლება მოხდეს ორ ტექტონიკურ ფილას შორის კონტაქტის ზონაში, რომლის ფართობიც 400 კმ X 150 კმ-ზეა.

დედამიწის ქერქი შედგება ქანისგან, რომელიც ძალიან მაგარი და მყიფეა მცირე მასშტაბით და ზედაპირთან ახლოს. თუმცა, ძლიერ დიდ ფართობზე და სიღრმეში, ოდნავ ელასტიკური ქცევით ის შეიძლება დეფორმირდეს. როგორც სუბდუქციური (ჩაძირვადი) ფილა — წყნარი ოკეანის ფილა — წინ მიიწევს და დაბლა ჩადის; ამ დროს, ოკეანის ფსკერის სიღრმე შეიძლება უცბად შეიცვალოს.

კამჩატკის მიწისძვრა

სანაპირო ზოლთან ახლოს, ზემოდან გადადებული ფილის ქერქი შეიძლება ზემოთ ამოიწიოს მაშინ, როცა მეორე დაბლა ჩადის; ანდაც, როგორც 2004 წელს სუმატრის შემთხვევაში იყო — ზემოდან გადადებული ფილის გარე კიდე შეიძლება ოდნავ დაბლა ჩაეშვას, შემდეგ კი რამდენიმე მეტრით ისევ მაღლა ამოხტეს.

ეს გახლავთ ზღვის ფსკერის თითქმის მყისიერი მოძრაობები, რომლებიც ოკეანის წყლის უზარმაზარი მოცულობის გადაადგილებას იწვევს და წარმოქმნის ცუნამის ტალღებს. მაგალითად, იქ, სადაც ოკეანის სიღრმე ერთი კილომეტრია და ზღვის ფსკერი მხოლოდ ერთი მეტრით აიწევს 200X100 კმ ფართობზე, გადაადგილებული წყლის მოცულობა უემბლის სტადიონს სახურავამდე აავსებდა 17,5-მილიონჯერ.

ასეთი ერთმეტრიანი აწევა, აწევის ზონიდან შემდეგ ყველა მიმართულებით გავრცელდება, ურთიერთქმედებაში შევა ქარის მიერ წარმოქმნილ ოკეანის ჩვეულებრივ ტალღებთან, მოქცევასთან და ზღვის ფსკერის ფორმასთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცუნამის ტალღების სერია. ღია ოკეანეში, ცუნამის ტალღებს ნავები და გემები ვერც კი შენიშნავენ; სწორედ ამიტომ გაიყვანეს სასწრაფოდ ჰავაიდან საკრუიზო გემები ოკეანეში.

ცუნამის ტალღები ოკეანის სიღრმეში 640 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და შესაბამისად, წყნარი ოკეანის სანაპირო ხაზს 24 საათში მიაღწევენ. თუმცა, მათი ენერგიის რაღაც ნაწილი ოკეანეში გაიფანტება და მით უფრო ნაკლებად საზიანო იქნება, რაც უფრო შორს მდებარეობს სანაპირო ხაზი მიწისძვრის ეპიცენტრიდან.

საფრთხე წარმოიქმნება იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტალღები გზადაგზა, სადაც ზღვის ფსკერი სანაპირო ხაზისკენ ზემოთ იწევს. ტალღები ნელდება და შედეგად, სიმაღლეში იზრდება, წარმოქმნის წყლის აზვირთებას სანაპირო ხაზის მიმართულებით.

კამჩატკის მიწისძვრა დედამიწის ქერქში ოდნავ უფრო ღრმად იყო (20,7 კმ), ვიდრე 2004 წლის სუმატრის მიწისძვრა და 2011 წლის იაპონიის მიწისძვრა. ამან განაპირობა ზღვის ფსკერის გარკვეულწილად უფრო ნაკლები ვერტიკალური გადაადგილება და ზღვის ფსკერის მოძრაობაც ოდნავ ნაკლებად მყისიერი იყო.

სწორედ ამიტომ მოიხსნა ცუნამის საფრთხეები სანაპიროებზე იქამდე, ვიდრე იქ რაიმე ტალღა მიაღწევდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

მსგავსი