ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სავარაუდოდ დაკავშირებულია თავის ტვინის ნარჩენებისგან გასუფთავების სისტემასთან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თავის ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენა გარდამტეხ მომენტს გადის.
2024 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი პირდაპირი მტკიცებულება შიდა „ნარჩენების გატანის სისტემისა“, რომელიც ადამიანის თავისა და ზურგის ტვინის სიღრმეში იმალება.
ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, ავსტრალიელი მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს სისტემა შეიძლება მართავდეს ჯანმრთელობის მომადუნებელი მდგომარეობის სიმპტომებს, რაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელსაც ზოგჯერ მიალგიურ ენცეფალომიელიტსაც უწოდებენ (ME/CFS), ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო სამედიცინო სისტემების მხრიდან და ჯერ კიდევ უცნობია როგორც მიზეზი, ისე სამკურნალო საშუალება.
ისტორიულად, ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ როდესაც პაციენტები უჩიოდნენ უკიდურეს დაღლილობას, „ტვინის დაბინდვას“ ან მუდმივ გრიპის მსგავს სიმპტომებს — ამ ყველაფრის მიზეზი მათი გონება იყო, რადგან სხვა ახსნა ვერ იძებნებოდა.
თუმცა, ბოლო წლებში, მეცნიერებმა იპოვეს ME/CFS-ის „ცალსახა“ ბიოლოგიური მარკერები პაციენტის გენებში, სპინალურ სითხეში, სისხლში და ნაწლავის მიკრობიომში.
ამას გარდა, ამ მინიშნებათაგან მრავალი დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთან ან ანთებასთან, რაც ჯანმრთელობის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრები ახლა ეჭვობენ, რომ პრობლემის თავში შეიძლება იდგეს თავის ტვინის „საკანალიზაციო სისტემა“.
„ეს კვლევა პირველია, რომელიც მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციის (MRI) გამოყენებით აჩვენებს გლიმფატური ფუნქციის დარღვევას ქრონიკული დაღლილობის სინდრომში (ME/CFS). ეს კი გვთავაზობს მექანიკური ახსნას იმ ანთებითი ცვლილებებისთვის, რომლის შესახებაც იუწყებოდნენ სხვა ავსტრალიური და საერთაშორისო ჯგუფები. მიუთითებს, რომ ტვინის ბუნებრივი გასუფთავების სისტემის დისფუნქცია შეიძლება ამ მდგომარეობის მთავარი გამომწვევი იყოს“, — ამბობს ნეიროიმუნოლოგი კირან თაპალია.
კვლევა პატარა და პირველადია, მაგრამ ჰიპოთეზა ლოგიკურად ჟღერს.
გლიმფატური სისტემა ახალი საზღვარია ადამიანის ფიზიოლოგიაში და ნეირომეცნიერები მხოლოდ ახლა იწყებენ მასში გარკვევას.
დღეისათვის, ამ სისტემის შესახებ ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი ეფუძნება თაგვებზე კვლევას, მაგრამ როგორც ჩანს, ტვინში მიმდინარე გადამუშავების მცდელობები ყველაზე აქტიურია ძილში.
როგორც ჩანს, ეს მაშინ ხდება, როდესაც ტოქსიკური პროდუქტები ან მკვდარი უჯრედები გამოიდევნება ძუძუმწოვრების ტვინიდან, ცერებროსპინალური სითხის ტალღების მეშვეობით. სითხის ეს პულსები სავარაუდოდ იტუმბება რაღაც გაურკვეველი „საკანალიზაციო“ ქსელის მიერ, რომლის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით.
ადამიანებში, მკვლევრები სულ უფრო მეტად უკავშირებენ გლიმფატური სისტემის პრობლემებს კოგნიტურ დაქვეითებასთან, მეხსიერების პრობლემებთან, კუნთოვანი სისტემის პრობლემებთან და ფსიქოზთან.
ეს პირველი კვლევაა, რომელიც სწავლობს კავშირს ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან.
წინასწარ კვლევებში, თაპალიამ და მისმა კოლეგებმა დაასკანერეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე 31 მონაწილის თავის ტვინი და შეადარეს 27 ჯანმრთელი ადამიანისას.

გლიმფატიკური სისტემის პირდაპირ ვიზუალიზაცია მარტივი საქმე არაა. სწორედ ამიტომ რჩებოდა ნარჩენების გამოდევნის ქსელი ამდენ ხანს მოუხელთებელი.
როგორც წესი, საჭიროა, რომ „მოთვალთვალე“ ადამიანის ცერებროსპინალურ სითხეში შეიყვანონ ინვაზიური პროცედურით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი გადაღება მაშინ, როცა ის სისტემის საიდუმლო გზებში მოძრაობს.
თუმცა, გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სხვა გზას მიმართეს.
გამოიყენეს არაინვაზიური მეთოდი, რომელიც უბრალოდ აფასებს გლიმფატურ ფუნქციას. ეს ხერხდება ტვინში პატარა სისხლძარღვების გარშემო ციცქნა არხებში ცერებროსპინალური სითხის დიფუზიის მაჩვენებლის გაზომვით.
ეს ნაკლებად პირდაპირი და ზუსტი მეთოდია, მაგრამ შესაძლებელია არაინვაზიურად გამოყენება MRI სკანირების შესაფასებლად. ამ მეთოდმა უკვე მიანიშნა გლიმფატური ნაკადის ცვლილებაზე პარკინსონის დაავადების, ალცჰაიმერის, სისხლის წნევის პრობლემებისა და მრავლობითი სკლეროზის მქონე პაციენტებში.
ავსტრალიელმა მკვლევრებმა ამჯერად დაადგინეს, რომ ქრონიკული დაღლილობის პაციენტების თავის ტვინის სკანირებები ასევე აჩვენებს გლიმფატური ფუნქციის შემცირების ნიშნებს.
ამას გარდა, დისფუნქცია შეიმჩნევა მხოლოდ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში და არა მარცხენაში.
„ამ სახის ნახევარსფერული ასიმეტრია აქამდე აღრიცხული იყო საფეთქლის წილის ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, პარკინსონისა და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) მქონეებში“, — წერენ მკვლევრები.
საინტერესოა, რომ რაც უფრო უარესდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტის ძილის პრობლემები ან კონცენტრაციის დარღვევა (ასევე ცნობილი როგორც „ტვინის დაბინდვა“), უფრო დიდია გლიმფატური დისფუნქცია მათ მარჯვენა ნახევარსფეროში.
გრიფიტის უნივერსიტეტის ნეიროიმუნოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სონია მარშალ-გრადისნიკი განმარტავს, რომ ტვინის სკანირებებში აძლიერებს „იმ აზრს, რომ ძილი კრიტიკულ როლს ასრულებს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“.
„იმედი გვაქვს, რომ ასეთი შედეგები გზას მოუმზადებს უკეთეს დიაგნოზს არაინვაზიური პროცედურების გამოყენებით და რაც მნიშვნელოვანია, სამომავლო სამკურნალო საშუალებებს“, — ამბობს მარშალ-გრადისნიკი.
სამწუხაროდ, კვლევის შედეგები ვერ ადგენს, რატომ შეიძლება ხდებოდეს გლიმფატური დისფუნქცია მხოლოდ მარჯვენა ნახევერსფეროში ან როგორ შეიძლება განაპირობებდეს ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
თუმცა, თავის ტვინის ნარჩენებისგან გასუფთავების სისტემა ეფექტიანი არაა ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნის მხრივ, შეუძლია გაამწვავოს ანთება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რაც ნევროლოგიურ სიმპტომებს იწვევს.
ეს დაახლოებით იგივე არგუმენტია, თუ რატომ შეიძლება იყოს დარღვეული გლიმფური სისტემა ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში.
გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო, რათა უკეთესად შეისწავლონ გლიმფური სისტემა ადამიანის თავის ტვინში, ასევე ის, როგორ შეიძლება იწვევდეს მისი დარღვევა სხვადასხვა დაავადებას.
თუმცა, მისი აღმოჩენით, ნეირომეცნიერების სფერო შესაძლოა აღარასდროს იყოს იგივე.
ტვინის ნაგავი თანდათან ნევროლოგიური საგანძური ხდება.
კვლევა Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.griffith.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.