კრეატინი, ორგანული მჟავა, რომელიც საკვები დანამატის სახით საკმაოდ პოპულარულია სპორტსმენებსა და ბოდიბილდერებში, უზარმაზარი ენერგიით მუხტავს იმუნური უჯრედების იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან კლასს, რომელიც ააქტიურებს და ამზადებს სხეულის კიბოსთან მებრძოლ მთავარ „ჯარისკაცებს“. ამის შესახებ ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა იუწყება.
კვლევა თაგვებსა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარდა და პირდაპირ ეფუძნება ამავე ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ წინა კვლევას, რომლის თანახმადაც, კრეატინი აძლიერებს მკვლელ T-ლიმფოციტებს (T-უჯრედები) სიმსივნეებთან ბრძოლაში. ამჯერად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კრეატინი ასევე აძლიერებს დენდრიტულ უჯრედებს — სპეციალიზებულ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც იჭერენ სიმსივნის ფრაგმენტებს და T-ლიმფოციტებს მათზე თავდასხმისკენ მიმართავენ.
ამჟამად დამტკიცებულ კიბოს იმუნოთერაპიათა უმეტესობა მიზანში პირდაპირ მკვლელ T-ლიმფოციტებს იღებს, მაგრამ მათზე პაციენტთა მხოლოდ დაახლოებით 20-40 პროცენტი რეაგირებს. დენდრიტული უჯრედების გაძლიერებამ, რომლებიც T-ლიმფოციტებს წვრთნიან და ააქტიურებენ, პოტენციურად შეიძლება შემოგვთავაზოს გზა, რომლის მეშვეობითაც იმუნოთერეპია უფრო მეტ პაციენტს მოუტანს სარგებელს.
„იმუნოთერაპია შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ მაგრამ ის მხოლოდ პაციენტების მცირე ჯგუფზე მუშაობს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ კრეატინი T-ლიმფოციტებს არა მხოლოდ კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება, არამედ ასევე ენერგიით ავსებს მთელ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ მხარს უჭერს და ხელმძღვანელობს. ეს კი კრეატინს აქცევს იმედისმომცემ საკვებ დანამატად, რომელიც მხარს უჭერს იმ იმუნურ პასუხს, რომელზედაც დამოკიდებულია თანამედროვე იმუნოთერაპიები“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის პროფესორი ლილი იანგი.
მკვლევრებმა დაიწყეს იმის შესწავლით, თუ რომელი მეტაბოლური გენები იყო ყველაზე აქტიური თაგვების სიმსივნეებში ინფილტრირებულ დენდრიტულ უჯრედებში. დაადგინეს, რომ კრეატინის ტრანსპორტერის კოდირების გენი — ცილა, რომელსაც კრეატინი უჯრედებში შეაქვს — მნიშვნელოვნად მომატებული იყო სიმსივნეებში არსებულ დენდრიტულ უჯრედებში, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილებში არსებულებში.
ამის გასარკვევად, ჯგუფმა გაზარდა და შეისწავლა დენდრიტული უჯრედები, რომლებიც ინჟინერიით ისე იყო გამოყვანილი, რომ საერთოდ არ ჰქონდათ კრეატინის ტრანსპორტერი. ამ უჯრედებმა აჩვენეს გადარჩენის უნარის დაქვეითება, აქტივაციის შემცირება და სიმსივნეებზე რეაგირების მიზნით T-ლიმფოციტების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის შესუსტებული უნარი. როდესაც კრეატინ-დეფიციტური დენტრიტული უჯრედები ლაბორატორიის თეფშზე T-ლიმფოციტების გვერდით გაზარდეს, ეს T-ლიმფოციტები ნაკლებად იყოფოდნენ და წარმოქმნიდნენ კიბოსთან საბრძოლველად საჭირო უფრო ნაკლებ სასიგნალო მოლეკულას.
ამის შემდეგ, ჯგუფმა საპირისპირო ინტერვენცია დატესტა — კრეატინის დონის შემცირების ნაცვლად, მკვლევრებმა ის გაზარდეს, რათა ენახათ, გააძლიერებდა თუ არა ეს დენდრიტული უჯრედების ფუნქციას. მელანომას მქონე თაგვებისთვის კრეატინის ყოველდღიურმა ინექციებმა მნიშვნელოვნად შეანელა სიმსივნის ზრდა და გააძლიერა სიმსივნეში ინფილტრირებული დენდრიტული უჯრედების როგორც რაოდენობა, ისე აქტივაცია. კრეატინით დამუშავებულმა დენდრიტულმა უჯრედებმა ასევე მაღალი დონეებით წარმოქმნეს ის ქიმიური სიგნალები, რომლებიც სიმსივნეში დამატებით იმუნურ უჯრედებს იზიდავს.
მეტაბოლომიკური ანალიზების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კრეატინის დანამატის სახით მიღება დენდრიტულ უჯრედებში ზრდიდა უჯრედშიდა ATP-ის დონეებს (ATP არის ენერგიის დინება, რომელსაც უჯრედები პრაქტიკულად ყველა ფუნქციის უზრუნველსაყოფად იყენებენ) და ინარჩუნებდა აქტივაციისთვის საჭირო ძირითადი ანთებითი სიგნალიზაციის გზებს. როგორც ბატარეა, რომელიც ჭარბ ენერგიას ინახავს და საჭიროებისამებრ გამოყოფს, კრეატინი დენდრიტულ უჯრედებს ეხმარება, ენერგიის სტაბილური დონე შეინარჩუნონ მაშინაც კი, როცა საკვები ნივთიერებებისთვის კონკურენციაში შედიან სწრაფად მზარდ სიმსივნურ უჯრედებთან.
მკვლევრებმა კრეატინის ეფექტები ასევე დატესტეს ადამიანის დენდრიტულ უჯრედებზე. კრეატინით დამუშავებამ გააძლიერა ადამიანის მონოციტებისგან მიღებული დენდრიტული უჯრედების აქტივაცია, რომლებსაც ხშირად იყენებენ დენდრიტული უჯრედების კიბოს ვაქცინებში, და გააუმჯობესეს მათი უნარი, მოახდინონ ადამიანის T უჯრედების სტიმულირება კიბოსთან დაკავშირებული სამიზნის წინააღმდეგ. შედეგები მიუთითებს, რომ დენდრიტული უჯრედების ვაქცინების წარმოებაში კრეატინის ჩართვამ შეიძლება გაზარდოს მათი თერაპიული ეფექტი.
„პოტენციალი, რომელსაც აქ ვხედავთ, არის ის, რომ კრეატინის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს ორი დამატებითი გზით: როგორც საკვები დანამატი, რომელიც აძლიერებს უკვე იმუნოთერაპიაზე მყოფი პაციენტის იმუნურ პასუხს; და როგორც ხელსაწყო, რომლითაც გაუმჯობესდება დენდრიტულ უჯრედებზე დაფუძნებული ვაქცინების ხარისხი“, — ამბობს იანგის ლაბორატორიის მკვლევარი ჯეიმს ელშტენ-ბრაუნი.
საერთო ჯამში, შედეგები მიუთითებს, რომ კრეატინი არის პოტენციური ხელსაწყო იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგო რეაგირების გასაძლიერებლად მრავალ დონეზე, მათ შორის იმ უჯრედების დონეზე, რომლებიც საფრთხეს აფიქსირებენ და მოქმედებაში მოჰყავთ რეაგირება.
„იმის დადგენა, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დენდრიტულ უჯრედებს მეტაბოლურად, დაახლოებით ისეა, მხარი დავუჭიროთ მთლიან კიბოს საწინააღმდეგო პასუხს და არა მხოლოდ მის ბოლოში არსებულ მკვლელ T-ლიმფოციტებს“, — ამბობს იანგის ლაბორატორიის მკვლევარი, კვლევის თანაავტორი ელიოტ კანგი.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მართალია, შედეგები სამეცნიერო თვალსაზრისით იმედისმომცემია, მაგრამ ეს კვლევა უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარდა და არა პაციენტებზე; შესაბამისად, ამას არ უნდა დაეფუძნოს რამე დიეტური ან სამედიცინო რეკომენდაციები. მიუხედავად იმისა, რომ კრეატინის მონოჰიდრატი უკვე ათწლეულებია ფართოდ გამოიყენება საკვებ დანამატად და ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა რეკომენდებული დოზების ფარგლებში — კიბოს მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა აუცილებლად საკუთარ ექიმს უნდა მიმართონ, ვიდრე რუტინაში რაიმე საკვებ დანამატს ჩართავენ.
ჯგუფს იმედი აქვს, რომ ითანამშრომლებენ ექიმებთან კლინიკური ცდების პერსპექტივაზე, რომელშიც შეამოწმებენ, აუმჯობესებს თუ არა შედეგებს კრეატინის საკვები დანამატი იმუნოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში.
ამ კვლევაში აღწერილი ექსპერიმენტული სტრატეგიები ადამიანებზე ჯერ არ შემოწმებულა და არ დამტკიცებულა FDA-ს მიერ, როგორც ადამიანებში გამოყენებისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო.
კვლევა iScience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uclahealth.org-ის მიხედვით.



