ახალ ცდებში, მეცნიერებმა იმუნური სისტემის გაახალგაზრდავების გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ახალ ცდებში, მეცნიერებმა იმუნური სისტემის გაახალგაზრდავების გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება

ასაკთან ერთად, იმუნური სისტემის ფუნქციონირება თანდათან უარესდება, რაც სხეულს უფრო მოწყვლადს ხდის დაავადებებისადმი. მეცნიერებმა იმუნური ფუნქციის მთავარი კომპონენტის გაახალგაზრდავების გზას მიაგნეს, რაც პოტენციურად გააძლიერებს ჯანმრთელობას სიბერეში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ბროუდის ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ფოკუსირდა თიმუსზე (მკერდუკანა ჯირკვალი) — გულის წინ მოთავსებულ პატარა ორგანოზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია T-ლიმფოციტების (T-უჯრედები) განვითარებაში. ეს იმუნური უჯრედები მცველების როლს ასრულებენ, ავლენენ და ებრძვიან ისეთ საფრთხეებს, როგორებიცაა კიბო და ინფექციები.

ზრდასრულობის ადრეული პერიოდიდან, თიმუსი პატარავდება და ნელდება, მცირდება T-ლიმფოციტების წარმოქმნა. სატესტო თაგვებში, მკვლევრებმა ღვიძლის ნაწილს ფუნქცია შეუცვალეს და თიმუსის შემცვლელად გამოიყენეს, გაგზავნეს მოლეკულური სიგნალები, რომლებიც T-ლიმფოციტების წარმოქმნას ასტიმულირებს.

„ასაკის მატებასთან ერთად, იმუნური სისტემა დასუსტებას იწყებს. გვსურდა გვეფიქრა, თუ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იმუნური დაცვის ეს სახე უფრო ხანგრძლივად; სწორედ ამან გვაფიქრებინა, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად“, — ამბობს MIT-ის ნეირომეცნიერი მირკო ფრიდრიხი.

პირველ რიგში, მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ახალგაზრდა და მოხუცი თაგვების იმუნური სისტემები, რათა გამოევლინათ ის სამი საკვანძო სასიგნალო ცილა, რომლებიც ასაკთან ერთად კლებულობენ: DLL1, FLT3-L და IL-7. ისინი ასრულებენ უჯრედების T-ლიმფოციტებად გადაქცევის და ამ უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნების ფუნქციას.

შემდეგ, ააწყვეს mRNA მკურნალობის პაკეტი. mRNA (ინფორმაციული რნმ) ცილების წარმოების ინსტრუქციების ერთგვარი კრებულია. პრეპარატი განმეორებით შეჰყავდათ ხანდაზმული თაგვების ღვიძლში, რითაც წარმოიქმნებოდა სასურველი სიგნალირების ეფექტები.

ღვიძლი მაღალი პროდუქტიულობის ცილის მწარმოებელია, სიბერეშიც კი. ამას გარდა, კუჭიდან და ნაწლავებიდან გამომავალმა სისხლმა ღვიძლში უნდა გაიაროს, რის გამოც, ასეთი საშუალებებისთვის მასზე წვდომა შედარებით მარტივია, რაც მას იდეალურ სამიზნედ აქცევს.

ხანდაზმულ თაგვებში, რომლებსაც mRNA საშუალებას ოთხი კვირის განმავლობაში აძლევდნენ, შესამჩნევად გაიზარდა T-ლიმფოციტების რაოდენობაც და მრავალფეროვნებაც. ვაქცინაციაზე ისინი უფრო მძლავრად რეაგირებდნენ და უკეთესად ებრძოდნენ სიმსივნურ ქსოვილებს — ეს კი არის გაძლიერებული, ახალგაზრდა, ჯანმრთელი იმუნური სისტემის ნიშანი.

„ჩვენი მიდგომა უფრო სინთეზურია. ვახდენთ სხეულის ინჟინერიას ისე, რომ ის თიმუსის ფაქტორის სეკრეციის იმიტაციას ახდენს“, — ამბობს MIT-ის ნეირომეცნიერი ფენგ ჟანგი.

მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის მიერ T-ლიმფოციტების წარმოების მატება დროებითი იყო. ეს კი ამცირებს იმუნური სისტემის ზედმეტი სტიმულირების რისკს, რასაც შეიძლება გამოეწვია ანთება და სხეულის მიერ საკუთარ თავზე თავდასხმა.

შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ საჭიროა დადასტურდეს, რომ ეს მიდგომა სიცოცხლისუნარიანია როგორც ადამიანებში, ისე თაგვებში. მეცნიერები ამ კვლევის სამომავლოდ გაფართოებას გეგმავენ სხვა ტიპის ცხოველებში, სასიგნალო ცილებსა და იმუნურ უჯრედებში.

T-ლიმფოციტების წარმოების გაახალგაზრდავების მცდელობები წარსულშიც იყო, მათ შორის, იმუნური სისტემის გამაძლიერებლების პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში შეტანა, რასაც ხშირად თან ახლდა გვერდითი ეფექტები და რისკები. ეს ადრეული შედეგები კი მიუთითებს, რომ ღვიძლზე დაფუძნებულმა ამ მიდგომამ შეიძლება შემოგვთავაზოს უსაფრთხო და ეფექტიანი ალტერნატივა.

„თუ აღვადგენთ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიც იმუნური სისტემაა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, ადამიანებს დავეხმაროთ უფრო დიდხანს იცოცხლონ დაავადებების გარეშე“, — ამბობს ჟანგი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.