ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი დანამატი ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი დანამატი ლეიკემიის უჯრედების ზრდას აძლიერებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ტაურინი არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება. გვხვდება ენერგეტიკულ სასმელებში, თევზში, ხორცში. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმისთვის გარკვეული სარგებელი მოაქვს, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ის ლეიკემიის და მსგავსი კიბოების განვითარების მნიშვნელოვანი წყაროც არის.

როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა ლეიკემიის უჯრედების ქცევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ისინი შეიძლება ტაურინს „სესხულობდნენ“ მიმდებარე ძვლის ტვინისგან და უფრო სწრაფად გაზრდისთვის იყენებდნენ. ის ამ უჯრედებს ზრდის სტიმულს აძლევს, ზუსტად ისე, როგორც ენერგეტიკული სასმელების მიღების შემდეგ შეიძლება ვიგრძნოთ სიფხიზლის სტიმული.

როდესაც საცდელ თაგვებში მკვლევრებმა ტაურინზე წვდომა დაბლოკეს და ადამიანის ან თაგვის ლეიკემიის უჯრედები გადაუნერგეს, კიბოს ზრდა დაითრგუნა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტაურინის მიზანში ამოღება შეიძლება გამოსადეგი იყოს კიბოს ზოგიერთი ტიპის, მაგალითად, ლეიკემიის მკურნალობაში.

„ძვლის ტვინში ტაურინის ადგილობრივი დონე შეიძლება ლეიკემიის ზრდას აძლიერებდეს, რაც მიუთითებს, რომ ყურადღება გამოვიჩინოთ ტაურინის მაღალი შემცველობის მქონე დანამატების მიღებისას“, — ამბობს როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი ჯეინ ლისველდი.

მკვლევრები შეშფოთებული სწორედ ამ დანამატებით არიან, მაგალითად, ენერგეტიკულ სასმელებში. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ ორგანიზმისთვის დამატებითი ტაურინის მიწოდება ნამდვილად არაა საუკეთესო გზა კიბოს თავიდან ასაცილებლად.

საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ჯერ უცნობია, როგორ შეიძლება მოქმდებდეს ეს ადამიანებში ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ძვლის ტვინს გარეთ არსებულ დამატებით ტაურინს.

თუმცა, სხვადასხვა კიბოს შემთხვევაში, კონტექსტიც სხვადასხვაა. ცნობილია, რომ ტაურინი გარკვეულწილად ახდენს იმუნური სისტემის გაძლიერებასაც და როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ეს შეიძლება კარგი იყოს კუჭის კიბოსთან ბრძოლაში.

კიბოს კვლევებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტის გაგება კიბოს მეტაბოლიზმის შესახებ. ცნობილია, რომ გენეტიკური მუტაციები განაპირობებს კიბოს უკონტროლო ზრდას, მაგრამ ეს ამ დაავადების ერთადერთი ხრიკი არ არის.

„მეტაბოლური გადაპროგრამება კიბოს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია და ამჟამად ლეიკემიის უჯრედებზე მეტაბოლური ეფექტების დადგენის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. აქამდე ფოკუსი გენეტიკურ ცვლილებებზე იყო, მაგრამ ეს ფოკუსი ახლა ფართოვდება იმის შესწავლაზეც, როგორ შეუძლია ლეიკემიის უჯრედებს საკუთარი გადარჩენისთვის მიიტაცონ სხვადასხვა მეტაბოლური გზები“, — ამბობს ლისველდი.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელები უდავოდ ისე მუშაობს, როგორც არეკლამებენ — გაძლევთ ენერგიის უცაბედ მოზღვავებას — სულ უფრო მზარდია შეშფოთება ამ სასმელების ჯანმრთელობაზე სარისკო გავლენის შესახებ; კვლევები მათ უკავშირებენ გულის დაავადებებსა და კოგნიტური დარღვევები.

შესაძლოა, პოტენციური უარყოფითი ეფექტების სიას კიბოს რისკებიც დაემატოს, მიუხედავად იმისა, რომ შაქრისა და კოფეინის მაღალი შემცველობა ალბათ უფრო დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვიდრე ტაურინი.

ამ აღმოჩენაში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიბოს უჯრედების შეჩერება მათი ენერგეტიკული რაციონის შემცირებით შეიძლება.

ტაურინი

ლეიკემია და სხვა მიელოიდური კიბოები ხელს უშლის სისხლის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, სწრაფად მოძრაობენ და სამკურნალოდ რთულია. ნებისმიერი რამ, რაც მათ შეანელებს, გამოჯანმრთელების მაჩვენებელს გააუმჯობესებს.

„აღფრთოვანებული ვართ ამ კვლევებით, რადგან ისინი წარმოაჩენენ, რომ მიელოიდური ლეიკემიის უჯრედების კვების მიზანში ამოღება შეიძლება ამ აგრესიული დაავადების მკურნალობის ახალი გზა იყოს. ჩვენი ამჟამინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ სასარგებლო იქნებოდა ლეიკემიის უჯრედებში ტაურინის შესვლის ბლოკირების სტაბილური და ეფექტიანი გზების შექმნა“, — ამბობს როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ღეროვანი უჯრედებისა და კიბოს ბიოლოგი ჯივიშა ბაჯაჯი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია urmc.rochester.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.