ბროწეულში შემავალმა ნაერთმა გულის უკმარისობის მქონე თაგვებში გულის ფუნქცია 80%-ით გააუმჯობესა — #1tvმეცნიერება

14:14, 06.10.2026

ყოველთვის, როცა ბროწეულს ჭამთ, თქვენი ნაწლავის ბაქტერიები წარმოქმნიან ბუნებრივ მეტაბოლიტს, სახელად უროლითინ A-ს.

ეს ნაკლებად ცნობილი ნაერთი დიდ ამბებს იწვევს.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა დიდი ყურადღება მიაქციეს უროლითინ A-ს, რადგან როგორც ჩანს, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, კიბოს საწინააღმდეგო და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები.

პირველადი მტკიცებულებები ადამიანებში იმასაც კი მიუთითებს, რომ უროლითინ A-ს შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს უჯრედების დაბერებული ან დაზიანებული ნაწილების მოშორებაში, რითაც აუმჯობესებს მათ საერთო ჯანმრთელობას.

ამჯერად, პირველად ისტორიაში, ლონდონის სამეფო კოლეჯის (KCL) მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ უროლითინ A-ს შეუძლია გაააქტიუროს ცილა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობაში.

გულის კუნთის შებოჭილობისა და უკმარისობის მქონე თაგვებში, უროლითინ A-მ გულის ფუნქცია 80 პროცენტით გააუმჯობესა მკურნალობას დაუქვემდებარებელ ცხოველებთან შედარებით.

კვლევა ბრიტანეთის გულის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და შედეგები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგები მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ უროლითინ A აქამდე შეიძლება იყოს გულის უკმარისობის გავრცელებული ფორმის მკურნალობის აქამდე უცნობი გზა.

მას უწოდებენ გულის უკმარისობას შენარჩუნებული ამოტყორცნის ფრაქციით (HFpEF) — გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რომელიც მაშინ ხდება, როცა გული ჯერ კიდევ ნორმალურად იკუმშება, მაგრამ ზედმეტად შებოჭილია და ვერ ახერხებს სათანადოდ მოდუნებას შევსების ეტაპზე.

მისი მკურნალობა ძალიან რთულია. ეს ნაპრალი შეიძლება უროლითინ A-მ ამოავსოს.

„ეს ქმნის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების პერსპექტიულ შესაძლებლობას, რაც გააუმჯობესებს კლინიკურ შედეგებსა და ცხოვრების ხარისხს ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ გულის უკმარისობის სამკურნალოდ ადამიანებმა ბროწეული უნდა ჭამონ — ეს შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ ამ მდგომარეობის შემსუბუქებაში შეიძლება დაგვეხმაროს დიეტური მიდგომა, რომელიც აძლიერებს უროლითინ A-ს წარმოებას“, — ამბობს კვლევის ავტორი, გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი ჯოზეფ ბურგოინი.

კვლევა ეფუძნებოდა ცდებს თაგვებზე, ასევე — ლაბორატორიულ პირობებში ღეროვანი უჯრედებისგან მიღებულ ადამიანის გულის ქსოვილზე ჩატარებულ კვლევებს.

შებოჭილი და მწყობრიდან გამოსული გულის მქონე თაგვებში, უროლითინ A-მ შეამცირა ნაწიბურების წარმოქმნა გულში და ორგანოს ტაქტებს შორის სათანადოდ მოდუნებაში დაეხმარა.

ამან საბოლოოდ შეამცირა წნევა გულში, რამაც სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება და საზიანო გადიდება.

იმის სანახავად, გავრცელდებოდა თუ არა ეს იმედის მომცემი შედეგები ადამიანზეც, ბურგოინმა და მისმა კოლეგებმა უროლითინ A ლაბორატორიაში გაზრდილ ადამიანის გულის ქსოვილზე დატესტეს.

მართლაც, ეს მეტაბოლიტი გულის ქსოვილს უფრო სწრაფად შეკუმშვასა და მოდუნებაში დაეხმარა, რადგან სავარაუდოდ, გაააქტიურა ცილა, სახელად PKGIα.

ეს ცილა ჩართულია სისხლის წნევის შემცირებაში და გულს შეკუმშვის შემდეგ მოდუნებაში ეხმარება.

„ჩვენი შედეგები ავლენს სრულიად ახალ თერაპიულ სამიზნეს და აჩვენებს, რომ უროლითინ A-ს შეუძლია გაააქტიუროს ეს გზა, რათა გააუმჯობესოს გულის მოდუნება და შეამციროს დაავადების სიმწვავე“, — განმარტავს ბურგოინი.

დღეისათვის, HFpEF-ით დაავადებულთათვის მკურნალობის ძალიან ცოტა არჩევანია.

გულის უკმარისობის მრავალი არსებული თერაპია ორიენტირებულია, რომ დასუსტებულ ორგანოს ტუმბოს ფუნქცია შეუნარჩუნოს. მაგრამ ეს არ წარმოადგენს პრობლემა მათთვის, ვისაც HFpEF აქვს.

ამ დაავადების დროს, გული სწორად მუშაობას აგრძელებს, მაგრამ უჭირს მოდუნება თითოეულ შეკუმშვას შორის.

„გულის უკმარისობის ეს ტიპი სულ უფრო გავრცელებული ხდება მოსახლეობის დაბერებასთან ერთად და სიმსუქნისა და დიაბეტის მაჩვენებლების ზრდასთან ერთად. მიუხედავად მისი ზრდისა, სამკურნალო საშუალებები მაინც შეზღუდულია, რადგან დაავადება კომპლექსურია და მნიშვნელოვნად განსხვავდება პაციენტებს შორის“, — ამბობს ბურგოინი.

მართლაც დაეხმარება თუ არა უროლითინ A გულის უკმარისობის მკურნალობას ნამდვილ პაციენტებში — ამის დადგენა საჭიროებს რანდომიზებულად კონტროლირებულ კვლევას, რომელშიც მონაწილეთა დიდი და მრავალფეროვანი კოჰორტა იქნება ჩართული.

ამჟამინდელი კვლევა ფოკუსირებული იყო მხოლოდ ხვად თაგვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს HFpEF უფრო მეტად აღენიშნებათ, ვიდრე კაცებს.

თუმცა, პრეკლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ არსებობს სქესზე დამოკიდებული სხვაობები იმაში, თუ როგორ რეაგირებს მღრღნელების გული მეტაბოლურ და ჰიპერტენზიულ სტრესზე.

ამიტომ გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა ეს შედეგები მდედრებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ შედეგები იმედის მომცემია, სარგებელი დაფიქსირდა ცხოველებში და ინჟინერულად გამოყვანილ ადამიანის ქსოვილში; შესაბამისად, საჭიროა ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური კვლევები, რათა შემოწმდეს, ეფექტიანია თუ არა ეს მიდგომა პაციენტებშიც. ამასობაში კი, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება გულის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო გზად რჩება“, — ამბობს ბრიტანეთის გულის ფონდის დირექტორი ჯეიმს ლეიპერი.

მისი განცხადებით, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება დაკავშირებულია გულის უკეთეს ჯანმრთელობასთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ არცერთ ცალკეულ საკვებ პროდუქტს არ შეუძლია დამოუკიდებლად თავიდან აგვაცილოს გულის დაავადება ან განკურნოს იგი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია kcl.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი