მაღაზიის თაროზე ყავისფერი ბანანი დაგხვდათ ან მაცივარში წვენგასული საკლათა?
თუ ასეა, მარტო არ ხართ. კვლევები აჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა წელიწადში ნაყიდი საკვების დაახლოებით 30 პროცენტს ყრის, ანუ მილიონობით ტონას.
მაშინ, როცა ცხოვრება წლიდან წლამდე ძვირდება, საკვების გადაყრა განსაკუთრებით მტკივნეული ხდება.
შედეგად, ბევრი ადამიანი სულ უფრო ნაკლებ ჯანსაღ საკვებს ყიდულობს და მეტ რისკს ეწევა საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
თუმცა, ცოტაოდენი ცოდნითა და შემოქმედებითობით, გარკვეული საკვები შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნის გარეშე შეინახოთ.
ნუ გარისკავთ
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკვების ყველა ნაჭრის გადარჩენას ვერ შეძლებთ. იმიტომ, რომ ის შეიძლება ჭამისთვის სახიფათო გახდეს.
ოთხი ძირითადი ნიშანი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- ხილული ობი
- ლორწო
- გამოჟონილი სითხე
- ძლიერი ან მჟავე სუნი
თუკი გაქვთ საკვები, რომელსაც ერთი ან მეტი ეს ნიშანი აქვს, უმჯობესია, გადააგდოთ. იმიტომ, რომ ამით თავიდან აიცილებთ საკვებით მოწამვლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა.
თუმცა, სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ნაოჭები, გაყავისფრება და გამოშრობა, ხშირად მხოლოდ დროის ნიშნებია და არა გაფუჭების.
ხილი
ყავისფერი ან გაშავებული ბანანი შეიძლება არამიმზიდველი შესახედაობისაა, მაგრამ აბსოლუტურად უსაფრთხოა ბანანის პურის ან ბლინების გამოსაცხობად ან სმუზების დასამზადებლად.
თუმცა, უმჯობესია, თუ ძველ ბანანს ახლისგან შორს შეინახავთ, რადგან მუქი ფერის ბანანი წარმოქმნის ეთილენის აირს, რაც სხვა ხილის უფრო სწრაფად დამწიფებას უწყობს ხელს.
ძველი ვაშლი შეიძლება დაჭმუჭნილი ჩანდეს, რადგან დაძველებასთან ერთად, წყალს კარგავს. თუმცა, საკვებად ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ციტრუსის ქერქი, მაგალითად, ლიმონის ან ფორთოხლის, დაძველებასთან ერთად შრება და ხმება. თუმცა, მისი გამოყენება მაინც შესაძლებელია ცხობაში და მარმელადებში, რბილობის კი სასმელებსა თუ სოუსებში.
თუ უფრო დიდ, მკვრივ ნაყოფზე ობი შენიშნეთ, როგორც წესი, მისი მოჭრა უსაფრთხოა. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ობიანი ნაწილი მთლიანად მოაჭერით და რამდენიმე სანტიმეტრის სისქის საღი ნაწილიც მიაყოლეთ.
თუმცა, თუკი ობი რბილ, პატარა ხილზე შენიშნეთ, როგორიცაა კენკრა, უმჯობესია, გადააგდოთ.
ბოსტნეული
დამჭკნარ ან გამხმარ ბოსტნეულს ტენიანობა აქვს დაკარგული, მაგრამ სულაც არაა გაფუჭებული. შეგიძლიათ შეწვათ, დაჭყლიტოთ ან პიურედ აქციოთ, დაუმატოთ ყველაფერში, სუპებიდან დაწყებული, სოუსით დამთავრებული.
დამჭკნარი ისპანახი ან კომბოსტო შეგიძლიათ ყინულიან წყალში გაჟღინთოთ და გამოაცოცხლოთ. დაშალეთ ფოთლებად და გააჩერეთ ასეთ წყალში 30 წუთით.
მყარი ბოსტნეულის შემთხვევაში, როგორიცაა კარტოფილი, სტაფილო და გოგრა, დაზიანებული ან გაშავებული ნაწილების მოჭრა ხშირად საკმარისია. თუმცა, კარტოფილის შემთხვევაში, ფრთხილად იყავით, როცა ის ძლიერ გამწვანებული ან გაღივებულია, რადგან ამ დროს ის შეიცავს ბუნებრივ ტოქსინებს, რომლებიც დიდი ოდენობით მიღების შემთხვევაში საზიანოა.
სოკოებზე შეიძლება შენიშნოთ ფუმფულა, თეთრი ბეწვების წარმოქმნა. როგორც წესი, ეს არა ობი, არამედ მიცელიუმია, რომელიც სოკოს ფესვთა სისტემის ნაწილია.
ობი სოკოზეც ჩნდება, მაგრამ ხშირად ის იზოლირებულია, კაშკაშა ფერის კლასტერებად, ძირითადად ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი.
მარცვლეული
უმჯობესია, ნებისმიერი დაობებული პური გადააგდოთ. იმიტომ, რომ ობი უფრო ადვილად ვრცელდება ფოროვან საკვებში, როგორიცაა პური და ნამცხვარი.
თუმცა, მორჩენილი, დაუობებელი, მაგრამ უბრალოდ გამხმარი პური უსაფრთხოა. თუკი პურს მშრალ გარემოში შეინახავთ, მალე არ დაობდება.
მოხარშული ბრინჯის ან მაკარონის ნარჩენები შეგიძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში ტაფაზე შესაწვავად ან გამოსაცხობად. მაგრამ აუცილებელია, ისინი მაცივარში სათანადოდ გქონდეთ შენახული და სრულად გააცხელოთ, სულ მცირე 60°C-ზე. თუკი მიკროტალღურ ღუმელს იყენებთ, დარწმუნდით, რომ საკვები ისეა განაწილებული, რომ თანაბრად გაცხელდეს.
ყოველთვის იფრთხილეთ, რომ ნებისმიერი სახის მორჩენილი საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ გააჩეროთ ორ საათზე დიდხანს, რადგან მათში შეიძლება იყოს ბაქტერია, რომელსაც გაცხელებით ვეღარ მოკლავთ.
რძის პროდუქტები
ხშირად, რძეს და იოგურტს პირდაპირ მაცივრიდან მოვიხმართ, მომზადების ან გაცხელების გარეშე.
ამიტომ, ყველაზე უსაფრთხოა გადააგდოთ რძის პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც გასულია. ნაადრევად გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, რძის პროდუქტების ამოსაღებად გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა ჭურჭელი და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ მაცივარში.
თუკი ჭყინტი ყველი გიყვართ, მაგრამ მასზე რაიმე ობი შენიშნეთ, გადააგდეთ მთელი თავი ან მოაჭერით დიდი ნაწილი. იმიტომ, რომ ობის ფესვები ყველში ღრმად აღწევს.
მაგარი ყველი ნაკლებად ობდება და შესაბამისად, საკმარისია მხოლოდ დაობებული ნაწილის მოჭრა.
არსებობს მრავალი გზა, რათა გადავარჩინოთ საკვები, რომელიც ვადაგასულია, მაგრამ არ არის გაფუჭებული. სურსათის უვნებლობის რამდენიმე მარტივი წესის დაცვით და არასტანდარტული აზროვნებით, შეგიძლიათ როგორც ნარჩენების შემცირება, ისე ფულის დაზოგვა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.


