არის თუ არა გაყინული და დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეული ახალივით ჯანსაღი — #1tvმეცნიერება
ალბათ იცით, რომ ხილი და ბოსტნეული თქვენთვის კარგია, მაგრამ უმეტესი ჩვენგანი მათ საკმარისი რაოდენობით არ ჭამს.
მაშინ, როცა ცხოვრება დღითი-დღე ძვირდება, მუდამ ახალი საკვების ყიდვა ნამდვილად არ ჩანს ჩვენი ბიუჯეტისთვის ხელსაყრელი ვარიანტი.
სწორედ აქ შემოდის სცენაზე დაკონსერვებული ან გაყინული ხილ-ბოსტნეული.
როგორც წესი, ისინი უფრო იაფია და დიდხანს ძლებს, ვიდრე ახალი პროდუქტები. საინტერესოა, არის თუ არა ისინი ჯანსაღი? მოდი, გავერკვეთ.
ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებსა და ბოჭკოს შეიცავს. ისინი გვეხმარება ზოგად კეთილდღეობაში და ამცირებს ავადობის რისკს, თუნდაც გულის დაავადებებისა და ზოგიერთი სახის კიბოსი.
ავსტრალიის ჯანსაღი კვების სახელმძღვანელო გვირჩევს, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში სულ მცირე ორი პორცია ხილი და ხუთი პორცია ბოსტნეული მიირთვას. მათ შორის არის გაყინული და დაკონსერვებული ვარიანტებიც.
მაგალითად, ½ თასი გაყინული ბროკოლი ან ½ თასი დაკონსერვებული ლობიო ერთ პორცია ბოსტნეულს უდრის. ერთი ჭიქა დაკონსერვებული ატამი ან ერთი ჭიქა დაჭრილი, გაყინული მანგო ხილის ერთ პორციას უდრის.
დაკონსერვებული და გაყინული ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა ახალზე გაცილებით იაფია.
რადგან ისინი, როგორც წესი, წინასწარ დაჭრილი და მოსამზადებლად გამზადებულია, მომზადების დროც ცოტა სჭირდება.
დაკონსერვებულ ან გაყინულ პროდუქტებს ასევე გაცილებით ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვთ, ვიდრე ახალს. ამიტომ, ისინი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, ნაკლებია გაფუჭებისა და გადაყრის შანსიც.
გაყინული და დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეული ზოგადად ინარჩუნებს თავდაპირველ კვებით ღირებულებას — ზოგჯერ უკეთესადაც კი, ვიდრე ახალი.
მაგალითად, გაყინული და დაკონსერვებული პროდუქტების უმეტესობის კვებითი ღირებულება ერთი კვირა მაცივარში ნადები ახალი ხილ-ბოსტნეულის ეკვივალენტია.
თუმცა, გარკვეულ პროდუქტთა შენახვა შეიძლება მათ კვებით შემცველობას ზრდიდეს კიდეც. ამის მაგალითია გარგარი — გაყინული გარგარი ახალზე გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს. იმიტომ, რომ C ვიტამინი ხილის შენახვის ხელშეწყობისთვის გამოიყენება.
გაყინვისას, დაბალი ტემპერატურა განაპირობებს საკვების გაფუჭების გადავადებას. სამრეწველო გაყინვის მეთოდები ეფექტიანად ახერხებს ხილ-ბოსტნეულის ფერისა და ტექსტურული ხარისხის შენარჩუნებას, ასევე ინარჩუნებს კვებით ღირებულებას.
თუმცა, გაყინვამ შეიძლება დააზიანოს საკვების სტრუქტურა, თუკი გამოიწვევს ყინულის კრისტალების წარმოქმნას. ეს კი ამცირებს ხილ-ბოსტნეულის კვებით ღირებულებას და მათ აფუებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ გაალღვობთ და ხელახლა გაყინავთ.
არსებობს გაყინული ხილ-ბოსტნეულის ბაქტერია Listeria monocytogenes-ით დაბინძურების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკვებით მოწამვლა. თუმცა, ამ რისკს ამცირებს ხილ-ბოსტნეულის ჭამამდე მომზადება.
დაკონსერვების პროცესი მოიცავს საკვების მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაციას, რათა ისინი დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ოთახის ტემპერატურაზე. თუმცა, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება საკვებში შლის გარკვეულ საკვებ ნივთიერებებს, განსაკუთრებით ისეთ წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორიცაა C ვიტამინი.
თუმცა, დაკონსერვების ტექნოლოგიაში მიღწეულმა წინსვლამ ეს პროცესი უფრო ააჩქარა და შესაძლებელი გახადა დაბალ ტემპერატურაზეც, რაც ნიშნავს ნაკლებ საკვებ ნივთიერებათა დაკარგვას.
დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ გარკვეულ დეტალებს.
დაკონსერვებულ დეტალებს შეიძლება ბევრი მარილი ჰქონდეს, ამიტომ, უკეთესია, თუკი იყიდით პროდუქტებს, რომლებსაც აწერია „არ აქვს დამატებული მარილი“. ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ეტიკეტზე მითითებული კვებითი ინფორმაცია და მოძებნოთ ისეთი ვარიანტი, რომელსაც რაც შეიძლება ცოტა მარილი აქვს.
დაკონსერვებული ბოსტნეულის ჭამამდე გაშრობამ და გარეცხვამ ასევე შეიძლება შეამციროს მარილის რაოდენობა.
სოუსში მოხარშული ლობიოს შემთხვევაში, სოუსი შეიძლება შეიცავდეს დამატებულ შაქარს და მარილს. თუკი ასეთ ლობიოს რეგულარულად ჭამთ, უმჯობესია მოძებნოთ რაც შეიძლება ნაკლებად მარილიანი ვარიანტი.
შაქრის მოხმარების შესამცირებლად, აირჩიეთ ის დაკონსერვებული ხილი, რომელიც წვენშია დაკონსერვებული და არა სიროფში. ზოგიერთს ეტიკეტზე შეიძლება ისიც ეწეროს, რომ არ აქვს დამატებული შაქარი.
თავის მხრივ, დაკონსერვებული ხილის ჭამა სნექის სახითაც შესაძლებელია, ანდაც იოგურტთან ერთად. ბევრ რეცეპტში, ახალი ხილი შეგიძლიათ გაყინულით ან დაკონსერვებულით ჩაანაცვლოთ.
გაყინული ბოსტნეული შესანიშნავია სწრაფად მოსამზადებლად. მაგალითად, გაყინული ბარდის მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
ოსპის, მუხუდოს ან ლობიოს კონსერვის დამატება ჩაშუშულის ან მაკარონის სოუსის მოცულობას გაზრდის, ამასთანავე, გაზრდის ბოჭკოებისა და ცილის რაოდენობას. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი უკვე მომზადებულია, შეგიძლიათ დაამატოთ სალათაშიც. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ჯერ ის უნდა გარეცხოთ.
დაკონსერვებული ვერსიებისგან განსხვავებით, მშრალი ლობიო, მუხუდო და ოსპი (ყველა მათგანი ბოჭკოს და ცილის შესანიშნავი წყაროა) — გაცილებით უკეთესი კვებითი ღირებულებისაა და დიდხანსაც ძლებს. თუმცა, მათ მოსამზადებლად ძალიან დიდი დროა საჭირო.
გამომშრალი ხილი ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული ხილის ყოველდღიურ ალტერნატივად რეკომენდებული არ არის. იმიტომ, რომ გამოშრობისას მათში მაღლა იწევს შაქრის კონცენტრაცია. თუმცა, შეგიძლიათ ხანდახან ისიამოვნოთ სნექის სახით.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.