არსებობს კანის მოვლის მხოლოდ ოთხი ინგრედიენტი, რომელთა ეფექტიანობაც მეცნიერულად დამტკიცებულია — #1tvმეცნიერება
არსებობს კანის მოვლის მხოლოდ ოთხი ინგრედიენტი, რომელთა ეფექტიანობაც მეცნიერულად დამტკიცებულია — #1tvმეცნიერება

თუ გსურთ გქონდეთ კაშკაშა, მკვრივი, ფაფუკი ან გლუვი კანი, არსებობს თვალის კრემი, კისრის კრემი, ტუჩის კრემი, სახის კრემი, შრატი, ლოსიონი, კაფსულები და ეს ყველაფერი დღის ან ღამის გამოყენებისთვის. თუმცა, რომელი უნდა აირჩიოთ? რეტინოლის თუ ცერამიდის შემცველი? მწვანე ჩაის ექსტრაქტით, ზღვის კოლაგენით ან პენტაპეპტიდებით გამდიდრებული? პროდუქტების არჩევანი, ინგრედიენტები და დოზირება უბრალოდ თავგზას აგიბნევთ.

ერთი რამ, რაზეც მრავალი დერმატოლოგი თანხმდება, არის ის, რომ შეინარჩუნეთ სიმარტივე.

„თუ ბევრი დრო არ გაქვთ, კანის გამწმენდი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალება დაფარავს კანის ყოველდღიური მოთხოვნილებების დაახლოებით 90 პროცენტს“, — ამბობს კანის მოვლის ქიმიკოსი ვიქტორია ფუ.

მიუხედავად იმისა, რომ კანის დღეში ორჯერ გაწმენდა კარგი იდეაა, ამის საღამოს გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ასე იცილებთ დაგროვებულ ოფლს, ზეთს, დამაბინძურებლებს, მზისგან დამცავ კრემს.

„ამ ნივთიერებების დაშლა კანში იწვევს სტრესით რეაგირებას და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოიცილოთ. ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი კანის უჯრედები მუდმივად ახლით ნაცვლდება, თორემ სხვაგვარად გექნებოდათ ალაგ-ალაგ ქერცლიანი, მკვდარი კანის მონაკვეთები“, — ამბობს დერმატოლოგი ემა კრეითორნი.

მისი თქმით, სულაც არაა საჭირო ძვირად ღირებული გამწმენდები, ამ საქმეს მშვენივრად ასრულებს საპნისგან თავისუფალი სინთეტიკური საშუალება, მაგალითად, რბილი გამწმენდი კრემი.

გამწმენდები და დამატენიანებლები

გაწმენდის შემდეგ, ადამიანთა უმეტესობას სურს, რომ კანის დამცავი ბარიერი დამატენიანებლის წასმით აღიდგინოს. კარგი დამატენიანებელი უნდა შეიცავდეს სამ კომპონენტს: დამარბილებელს რბილი კანისთვის, დამატენიანებელს წყლის შესაწოვად და დამხშობს ტენის შესანარჩუნებლად. ბრენდების უმეტესობა ინგრედიენტთა სიაში ამ ინფორმაციას არ უთითებს, მაგრამ არის ვებგვერდები, მაგალითად, incidecoder.com, სადაც შეგიძლიათ ეს შეამოწმოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი გავრცელებული ინგრედიენტი, რომელიც ამავე მიზანს ასრულებს: გლიცერინი და ჰიალურონის მჟავა დამატენიანებლებია, ცერამიდები და პარაფინი დამარბილებელი, ვაზელინი და ზეთების უმეტესობა კი დამხშობი. კანის დაბერების შესანელებლად და ჰიპერპიგმენტაციის რისკის შესამცირებლად (როდესაც კანის ზოგიერთი მონაკვეთი მუქდება), ასევე უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი.

ამ საბაზისო საშუალებების გარდა, არსებობს აქტიური ინგრედიენტები კანის სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის, სიმშრალის, არათანაბარი ტექსტურის და დაბერების ნიშნების.

რთულია იმის დადგენა, მართლაც ასრულებს თუ არა ამ ფუნქციებს ეს ინგრედიენტები.

„ყოველ წელს ბაზარზე სულ მცირე სამი ახალი „სასწაული“ ჩნდება“, — ამბობს ფუს კოლეგა ქიმიკოსი გლორია ვუ.

თუმცა, თავიანთ წიგნში „კანის მოვლა გაშიფრულია“, ისინი ფოკუსირდებიან „დიდ ოთხეულზე“ — ინგრედიენტებზე, რომელთა საბაზრო პრეტენზიებს უძლიერესი მტკიცებულებები უმაგრებს ზურგს. ეს ოთხეულია რეტინოიდები, ვიტამინი C, ნიაცინამიდი და ალფა-ჰიდროქსიმჟავები (AHA).

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, დროებით ატენიანებს და აგლუვებს კანს, „დიდი ოთხეულის“ ინგრედიენტებს შეიძლება ჯანმრთელობის უფრო გრძელვადიანი სარგებელი ჰქონდეს.

„მაგალითად, რეტინოიდები ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას და ხელს უწყობს უჯრედულ განახლებას, რაც აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას; ვიტამინი C კანს ოქსიდაციური დაზიანებისგან იცავს, რასაც ძირითადად განაპირობებს გარემოებითი სტრეს-ფაქტორები, მაგალითად, ულტრაიისფერი გამოსხივება და დაბინძურება, შესაბამისად, მხარს უჭერს კანის გრძელვადიან ჯანმრთელობას და ამცირებს სამომავლო დაზიანებას“, — ამბობს ანჯალი მაჰტო, ავტორი წიგნისა „კანის მოვლის ბიბლია“.

ვიტამინის ვარიანტები

რეტინოიდები შეიცავს A ვიტამინის ფორმას, სახელად ტრეტინოინი, რომელიც რეცეპტულად გასაცემი მედიკამენტია. ის ერთადერთი კოსმეტიკური ინგრედიენტია, რომლის შემთხვევაშიც, მტკიცებები ნაოჭების, სიყვითლისა და ჰიპერპიგმენტაციის შემცირების შესახებ — მხარდაჭერილია რანდომიზებული კლინიკური ცდებით მიღებული მტკიცებულებებით. სწორედ ესაა სამედიცინო საშუალების ოქროს სტანდარტი და არა ლაბორატორიული კვლევები ან პატარა, სუსტად კონტროლირებადი ცდები. თუმცა, ტრეტინოინის 3-6-თვიანი რეგულარული მოხმარებაა საჭირო, რათა იმოქმედოს და ამავე დროს შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა და გაღიზიანება; ამიტომ, ის ყველასათვის გამოსადეგი არაა. უფრო მსუბუქ ალტერნატივებს შორისაა რეტინალი და რეტინოლი, რომლებიც კანში რეტინოლის მჟავად გარდაიქმნებიან და ნაკლებ გაღიზიანებასაც იწვევენ.

ვარიანტები აქვს C ვიტამინსაც, მაგრამ კლინიკური ცდების უმეტესობა სწავლობდა სტანდარტულ ფორმას L-ასკორბინის მჟავას. ის არა მხოლოდ ანეიტრალებს საზიანო თავისუფალ რადიკალ მოლეკულებს, მათ შორის ROS-ებს, არამედ ასევე ამცირებს არათანაბარ პიგმენტაციას, აკაშკაშებს კანს. L-ასკორბინის მჟავა არასტაბილურია წყალში, სინათლეზე და ჰაერში და ამიტომ, მისი შემცველი პროდუქტები უნდა შეინახოთ ბნელ კარადაში და არ უნდა შეინახოთ ზედმეტად დიდხანს. ამას გარდა, ის შეიძლება გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს მგრძნობიარე კანისთვის და ამ შემთხვევაში, უკეთესი ვარიანტი შეიძლება იყოს ნატრიუმის ასკორბილის ფოსფატი ან ასკორბილის გლუკოზიდი.

რაც შეეხება ნიაცინამიდს. C ვიტამინის მსგავსად, აქვს გამაკაშკაშებელი თვისებები და ხელს უწყობს ცხიმის წარმოების რეგულირებას. ასევე ეხმარება კანის, როგორც ბარიერად მოქმედების უნარის გაძლიერებას, ამცირებს ანთებას და დროთა განმავლობაში აუმჯობესებს კანის თავდაცვას. თუმცა, ამ ბენეფიტების მტკიცებულებები უფრო სუსტია, ვიდრე C ვიტამინისა და რეტინოლის მჟავის შემთხვევაში.

ფუს და ვუს „დიდ ოთხეულში“ ინგრედიენტთა ბოლო კლასი არის ალფა-ჰიდროქსიმჟავები (AHA). ეს მჟავები კანის ჯანმრთელობას აუცილებლად არ აუმჯობესებენ, მაგრამ ზრდიან კანის განახლების და გამოცვლის მაჩვენებელს, რითაც უმჯობესდება მისი იერსახე.

„მაჩვენებელი, რომლითაც მკვდარი უჯრედები ცვივა, ასაკთან ერთად ნელდება და როდესაც AHA-ები კლინიკურად დატესტეს მაღალ დონეზე, აღმოჩნდა, რომ ისინი ამცირებენ წვრილი ხაზების და პიგმენტაციის იერსახეს“, — ამბობს ვუ.

მოქმედებს თუ არა კოლაგენის კრემები

მრავალი პროდუქტი ასევე შეიცავს კოლაგენს, მაგრამ როცა მათ კანზე ისვამთ, ის ძირითადად მეორე დამატენიანებელ აგენტად მოქმედებს და არა ამ სტრუქტურული ცილის დონის მომმატებლად.

„ის დამატენიანებელია, ამიტომ, კანს ტენს უნარჩუნებს. თუმცა, კოლაგენი ნამდვილად დიდი მოლეკულაა და უმეტეს შემთხვევაში, რეალურად ისე ვერ ავსებს თქვენს კოლაგენს, როგორც ეს ეტიკეტზეა მითითებული“, — ამბობს ვუ.

რაც არ უნდა მაცდუნებელი იყოს ერთი ისეთი პროდუქტის პოვნა, რომელიც მრავალ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, არაკეთილგონივრულია.

„ყოველ ამ მოლეკულას თავისი უცნაურობა აქვს და ყველა მათგანის ერთად ფორმულირების მცდელობა ზოგიერთი მათგანისთვის სულაც არ იქნებოდა იდეალური. მაგალითად, ასკორბინის მჟავას ძალიან დაბალი pH აქვს, რეტინოლს კი არც ისე დაბალი“, — აღნიშნავს ფუ.

ასაკის საწინააღმდეგო კრემების უმეტესობას ეტიკეტზე მითითებული არ აქვს შემავალ აქტიურ ნივთიერებათა რაოდენობა, რაც ართულებს მათი სავარაუდო ეფექტიანობის შეფასებას. მაჰტოს რჩევაა, დილით გამოვიყენოთ რბილი გამწმენდი და მზისგან დამცავი კრემი (რომელიც დამატენიანებლის როლსაც ასრულებს), საღამოთი კი მაკიაჟის მოსაშორებელი, გამწმენდი და დამატენიანებელი.

თუ აქტიურ ნივთიერებებთან ექსპერიმენტი გსურთ, ის შრატის გამოყენებას გვირჩევს, რადგან შრატები უფრო კონცენტრირებულია და კანში კრემებზე უკეთესად აღწევენ, მაგრამ აუცილებელია, ერთ ჯერზე გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი და ყურადღება მიაქციოთ კანის რეაქციას.

დერმატოლოგი, ბრიტანეთის კანის ფონდის წარმომადგენელი ემა უედვორთი აცხადებს, რომ შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო დღისა და ღამისთვის ცალ-ცალკე პროდუქტების ყიდვა, იმ პირობით, თუკი თქვენს დილის რუტინაში ჩართულია მზისგან დამცავი.

„მზისგან დამცავსა და აქტიურ ინგრედიენტებს ყოველთვის ცალ-ცალკე ვიყენებ. ამიტომ, დილით და საღამოთი ვიყენებ ერთსა და იმავე დამატენიანებელს, უბრალოდ, სხვადასხვა დამხმარე პროდუქტებით“, — ამბობს უედვორთი.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.