ნეპტუნი #კოსმოსი

ნეპტუნი მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა. ეს გახლავთ მუქი ლურჯი ფერის უზარმაზარი, შორეული პლანეტა. ნეპტუნზე მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი, სწრაფი ქარები ქრის.

მზის გარშემო ნეპტუნი საშუალოდ 4,5 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.

ნეპტუნი თითქმის იგივე ზომისაა, როგორიც მისი შიდა მეზობელი, ურანი. მისი დიამეტრი დაახლოებით 50 000 კილომეტრია, რაც დედამიწის დიამეტრს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.

მიეკუთვნება პლანეტის ტიპს, რომელსაც გაზის გიგანტს უწოდებენ, ანუ შედგება გაზებისგან, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან. მცირე ოდენობით არის აირი, სახელად მეთანიც, რომელიც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს მყარი ზედაპირი არ აქვს. მეცნიერთა აზრით, ნეპტუნის სიღრმეში ცხელი, სქელი სითხეები იმალება.

ნეპტუნს გარს აკრავს ვიწრო რგოლები. სიდიდითა და სილამაზით ისინი სატურნის რგოლებთან ახლოსაც ვერ მივა და ძირითადად მტვრისგან შედგება.

ნეპტუნი მზის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს. ერთი სრული გარშემოვლისთვის დედამიწის 165 წელი სჭირდება, ანუ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი წელიწადი.

სამაგიეროდ, ნეპტუნი ძალიან სწრაფად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. ერთ სრულ შემობრუნებას სულ რაღაც 16 საათს ანდომებს.

ნეპტუნს სულ მცირე 14 ბუნებრივი თანამგზავრი აქვს. მისი უდიდესი მთვარე, სახელად ტრიტონი, თითქმის დედამიწის მთვარის ხელაა. მეცნიერთა აზრით, ტრიტონი ერთ დროს შეიძლება ცალკე პლანეტა იყო, მაგრამ ნეპტუნმა საკუთარი გრავიტაციით ჩაიჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი უზარმაზარი პლანეტაა, დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით მაინც არ ჩანს. ის 1846 წელს ტელესკოპით აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან გოტფრიდ გალემ. ნეპტუნს ამ დრომდე მხოლოდ ერთი ხომალდი ესტუმრა. 1989 წელს მას გადაუფრინა ნასას უპილოტო ხომალდმა ვოიაჯერ-2-მა.

დატოვე კომენტარი