ბუნებრივი თანამგზავრი #კოსმოსი

ბუნებრივი თანამგზავრი არის ციური სხეული, რომელიც გარს უვლის სხვა სხეულს, მაგალითად, პლანეტას. ამჟამად მზის სისტემაში 205 დადასტურებული ბუნებრივი თანამგზავრია.

უახლესი მონაცემებით, მზის სისტემაში ყველაზე მეტი, 82 ბუნებრივი თანამგზავრი სატურნს აქვს; შემდეგ ადგილზე მოდის იუპიტერი, რომელსაც 79 თანამგზავრი აქვს. ურანის გარშემო 27 ასეთი ობიექტი მოძრაობს, ნეპტუნის გარშემო კი 14. მთელ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრია იუპიტერის მთვარე განიმედე. მისი დიამეტრი 5268 კილომეტრია და ზოგადად, მზის სისტემის მეცხრე ყველაზე დიდი ობიექტია.

ვენერას და მერკურის ბუნებრივი თანამგზავრები არ აქვთ, მარსის გარშემო კი ორი ციცქნა სხეული — ფობოსი და დეიმოსი მოძრაობს.

რაც შეეხება ჩვენს დედამიწას, მას მხოლოდ ერთი, საკმაოდ მოზრდილი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს — ჩვენი მთვარე.

მზის სისტემის გაზის გიგანტი პლანეტების, იუპიტერისა და სატურნის ზოგიერთი მთვარე ზედაპირქვეშ უზარმაზარ გლობალურ ოკეანეს მალავს. იუპიტერის თანამგზავრ განიმედეზე წყლის ყველაზე დიდი მარაგია მთელ მზის სისტემაში; იქ დედამიწაზე გაცილებით ბევრი წყალია, როგორც ყინულის, ისე ზედაპირქვეშა თხევადი ოკეანის სახით. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ამ ოკეანეებში შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოარჩევენ იუპიტერის თანამგზავრ ევროპას, სატურნის თანამგზავრებს — ენცელადს და ტიტანს.

დიდი ალბათობით, ბუნებრივი თანამგზავრები აქვთ მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს, ანუ გეზოპლანეტებს. ამ დროისათვის აღმოჩენილია რამდენიმე ასეთი სავარაუდო ობიექტი, თუმცა, მათი არსებობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის.