ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა — #1tvმეცნიერება
ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა — #1tvმეცნიერება

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზის დისკო მთვარემ 4 წუთისა და 48 წამის განმავლობაში სრულად გადაფარა. ეს მოვლენა კონტინენტზე 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავიდა და გაიარა მექსიკა, აშშ-ის 13 შტატი და კანადის ნაწილი.

მზის დაბნელება ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

დაბნელებას მზისმთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.

მთვარის დაბნელების შემთხვევაში, შუაში დედამიწა ექცევა და მისი ჩრდილი მთვარეს ეცემა.

მზის დაბნელების შემთხვევაში, შუაში მთვარეა და მისი ჩრდილი დედამიწას ეცემა.

მზის სრული დაბნელებისას, ხილული ხდება მზის გვირგვინი, იგივე კორონა, რაც მეცნიერებს ჩვენი დედავარსკვლავის ამ რეგიონის უკეთესად შესწავლის საუკეთესო შანსს აძლევს.

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც მზის სრული დაბნელება ხდება. მიზეზი ის არის, რომ მზე და მთვარე ჩვენი პლანეტიდან ისე არიან დაშორებული, რომ ცაში ზუსტად ერთი ზომის ჩანან.

ამ ორ სხეულს შორის ზომების პროპორცია თითქმის ზუსტად იგივეა, როგორიც დედამიწიდან მათი დაშორების პროპორცია.

მთვარის დიამეტრი 3,475 კილომეტრია, მზის კი დაახლოებით 1,4 მილიონი კილომეტრი, ანუ მთვარისაზე დაახლოებით 400-ჯერ მეტი.

მთვარე დედამიწას გარს უვლის 383 500 კილომეტრის მანძილიდან. დედამიწა მზის გარშემო მისგან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს, ანუ 400-ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე მთვარე დედამიწის გარშემო.

რა თქმა უნდა, ეს ზუსტად იგივე არ არის და თანაც, რადგან დედამიწის ორბიტა მზის გარშემო და მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოდნავ ოვალურია, ხილული ზომები ცვალებადია, მაგრამ საკმარისია, რათა წარმოიქმნას შთამბეჭდავი სრული დაბნელება, რომელიც ხანდახან ხდება დედამიწაზე.

მზის სისტემაში ასეთი შემთხვევითი განლაგება სხვაგან არსად არის და თანაც, ეს მხოლოდ დროებითია. ერთ დროს მთვარე დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყო — ის ჩვენს პლანეტას თანდათან შორდება. საკმაოდ იღბლიანები ვართ, რომ ვცხოვრობთ ზუსტად იმ ეპოქაში, როცა ეს ფენომენი ხდება, შორეულ მომავალში, როცა მთვარე ჩვენგან უფრო შორს იქნება, მზის სრული დაბნელება ვეღარ მოხდება.