მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი #კოსმოსი

მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი არის ვარსკვლავი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ციკლის სტაბილურ ნაწილში იმყოფება. ისინი სამყაროში ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავებია. ჩვენი დედავარსკვლავი, ჩვენი მზეც მთავარი მიმდევრობის ფაზაშია. ამჟამად ის ამ ეტაპის შუაგულში იმყოფება და თანდათან, 5 მილიარდი წლის შემდეგ, წითელი გიგანტი გახდება და მთავარი მიმდევრობის ფაზას დატოვებს.

მთავარი მიმდევრობის ყველა ვარსკვლავი წონასწორობაშია. ანუ, ბირთვული სინთეზის შედეგად წარმოქმნილი გარეთ მიმართული წნევა აბალანსებს ვარსკვლავის წიაღისკენ მიმართულ გრავიტაციას. მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის წნევა და ტემპერატურა მისი ცენტრისკენ იზრდება. ამ ფაზაში ვარსკვლავის ყოფნის დრო დამოკიდებულია მის მასაზე. მასიური ვარსკვლავები პატარა, დაბალმასიან ვარსკვლავებზე ცოტახანს ცოცხლობენ. საკუთარ ბირთვულ საწვავს ისინი გაცილებით სწრაფად წვავენ. შესაბამისად, მათი მთავარი მიმდევრობის ფაზაც გაცილებით ხანმოკლეა.

მთავარი მიმდევრობის ეტაპი მაშინ დგება, როდესაც ვარსკვლავური ნისლეული გრავიტაციის გამო კოლაფსირდება. ამ დრიოს იზრდება მისი შინაგანი ტემპერატურა. როდესაც ახლად დაბადებული ასეთი პროტოვარსკვლავის ბირთვი გარკვეულ ტემპერატურას მიაღწევს, იწყება ბირთვული სინთეზი. ბირთვული სინთეზი არის ბირთვული რეაქცია, რომელიც ენერგიას პატარა, მსუბუქი ატომბირთვების უფრო დიდ, მძიმე ატომბირთვებად სინთეზის შედეგად გამოყოფს.

მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. ზოგიერთ მათგანს მცირე ოდენობით მძიმე ელემენტებიც აქვს, მაგალითად, ნახშირბადი და ჟანგბადი.