NASA-ს ხომალდმა მთვარის ორბიტაზე მოძრავი კორეული თანამგზავრი გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს ხომალდმა მთვარის ორბიტაზე მოძრავი კორეული თანამგზავრი გადაიღო — #1tvმეცნიერება

2009 წელს, NASA-მ ხომალდი Lunar Reconnaissance Orbiter-ი (LRO) გაუშვა. მისია დღემდე გრძელდება და მისი მიზანია მთვარის ზედაპირის დეტალური რუკის შექმნა, დაშვების პოტენციური ადგილებისა და რესურსების გამოვლენა, ლავის მილების მსგავსი საინტერესო წარმონაქმნების პოვნა.

მისია წარმატებით გრძელდება და უკვე შექმნილი აქვს მთვარის ზედაპირის 98,2 პროცენტის რუკა, რომელსაც მხოლოდ პოლარული, ღრმად დაჩრდილული რეგიონები აკლია.

თუმცა, LRO-ს მისიის ნიჭი ამჯერად სულ სხვა მიზეზის გამო წარმოჩინდა — ხომალდმა მთვარის გარშემო მოძრავ სხვა თანამგზავრს გადაუღო ფოტოები.

2022 წლის აგვისტოში, სამხრეთ კორეამ მთვარის ორბიტაზე ხომალდი, სახელად „დანური“ გაუშვა. ეს ამ ქვეყნის პირველი მთვარის ორბიტერია და მისი მიზანია ტექნოლოგიების დატესტვა, მათ შორის, კოსმოსური ინტერნეტის და მთვარის ზედაპირის ტოპოგრაფიული რუკის შექმნა.

ეს რუკა კორეას სამომავლო დაშვების ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება; ასევე უნდა იპოვოს ისეთი რესურსები, როგორიც არის ურანი, ჰელიუმ-3, სილიციუმი, ალუმინი და წყლის ყინული. დანური მთელი რიგი ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი, მათ შორის სპქეტრომეტრით, მაგნიტომეტრითა და სხვადასხვა სახის კამერით. მნიშვნელოვანია, რომ მას ასევე აქვს კამერა, რომლითაც იმ დაჩრდილულ პოლარულ რეგიონებს დაინახავს, რომელთაც NASA-ს LRO ვერ ხედავს.

კორეის აეროკოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის (KARI) ამ მისიაში წვლილი NASA-საც მიუძღვის. სწორედ მან შექმნა ინსტრუმენტი Shadowcam-ი, რომელიც მთვარის დაჩრდილულ პოლარულ რეგიონებს იღებს.

ერთგვარი პატივისცემის ნიშნად, LRO- დანურის ფოტოები გადაუღო, როცა ამ უკანასკნელმა მის ქვეშ გაიარა.

5-6 მარტს, თანამგზავრთა ამ წყვილმა ერთმანეთს 11 500 კმ/სთ სიჩქარით გაუარა. სამი ორბიტის დროს, LRO ისეთ პოზიციაში იყო, რომ მის ქვეშ მიმავალი დანურის გადაღება შეეძლო. ყოველი ორბიტის დროს სხვადასხვა იყო ამ ორს შორის ვერტიკალური დაშორება.

პირველ ფოტოზე, LRO დანურისგან 5 კმ-ით მაღლაა. მის გადასაღებად, ჩვეული კუთხიდან 43 გრადუსით დაბლა დაიწია.

დანური

მეორე ფოტოზე, ხომალდებს შორის მანძილი მხოლოდ 34 კმ-ია.

მესამე და საბოლოო ორბიტაზე, ორ ხომალდს შორის მანძილი 8 კმ იყო. ამ დროს, LRO 60-გრადუსიანი კუთხით დაიხარა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ეს ორი ხომალდი ერთმანეთის წინაშე „პოზიორობით“ გაერთო. 2023 წლის აპრილში, სურათები პირიქით, დანურიმ გადაუღო LRO-ს. იმ მომენტში, კორეული ხომალდი ამერიკულის თავზე 18 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა და ფოტო ინსტრუმენტ ShadowCam-ით გადაუღო.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.