გარდაიცვალა ჰიგსის ბოზონის თეორიის ავტორი, ფიზიკოსი პიტერ ჰიგსი — #1tvმეცნიერება
გარდაიცვალა ჰიგსის ბოზონის თეორიის ავტორი, ფიზიკოსი პიტერ ჰიგსი — #1tvმეცნიერება

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი ფიზიკოსი პიტერ ჰიგსი, რომელსაც ნობელის პრემია აქვს მიღებული მასის მიმცემი ნაწილაკის, ე. წ. ჰიგსის ბოზონის თეორიის შემუშავებისთვის.

„ის მშვიდად, საკუთარ სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, — წერს განცხადებაში ედინბურგის უნივერსიტეტი, რომლის პროფესორიც იყო თითქმის 50 წლის განმავლობაში.

ჰიგსმა შეიმუშავა ინოვაციური თეორია იმის შესახებ, თუ როგორ აქვს სამყაროს მასა, რითაც ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხი ამოხსნა და სახელმძღვანელოებში ადგილი ალბერტ აინშტაინისა და მაქს პლანკის გვერდით დაიკავა.

1964 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი მასის მიმცემი ნაწილაკის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით ჰიგსის ბოზონი, მედიაში კი „ღვთიური ნაწილაკი“ უწოდეს; 2013 წელს, ბელგიელ ფიზიკოს ფრანსუა ენგლერთან ერთად, ამ ნაშრომისთვის მან ფიზიკაში ნობელის პრემია მიიღო.

პრემია წინა წელს ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერში ჩატარებულ ექსპერიმენტებს მოჰყვა, რომლებმაც მისი თეორია საბოლოოდ, ფორმულირებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ დაადასტურა.

„პიტერ ჰიგსი გამორჩეული პიროვნება იყო, ნამდვილად დაჯილდოებული მეცნიერი, რომლის ხედვამ და წარმოსახვამ სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა გაამდიდრა. მისმა მოწინავე ნაშრომებმა ათასობით მეცნიერს მისცა მოტივაცია, მისი მემკვიდრეობა კი კიდევ მრავალ თაობას შთააგონებს“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი პიტერ მეტისონი.

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო სატელევიზიო გადაცემების წამყვანი ბრაიან კოქსი ამბობს, რომ ჰიგსის სახელი იქამდე იქნება უკვდავყოფილი, ვიდრე ფიზიკას ვიკვლევთ.

პიტერ ჰიგსი 1929 წელს ნიუკასლში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა ლონდონის კინგსის კოლეჯი.

1954 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი და PhD. სულ მალე გახდა ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მიღებული აქვს არაერთი აკადემიური ჯილო.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.