იუპიტერი #კოსმოსი

იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. ის უფრო დიდია, ვიდრე სისტემის ყველა პლანეტა ერთად აღებული. მზისგან დაშორების მიხედვით მეხუთე პლანეტაა. იუპიტერი მზის გარშემო საშუალოდ 778 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.

იუპიტერი იმდენად დიდია, რომ მასში ათასზე მეტი დედამიწა ჩაეტეოდა. მისი დიამეტრი 143 ათასი კილომეტრია.

იუპიტერი მიეკუთვნება პლანეტის სახეს, რომელსაც გაზის გიგანტს უწოდებენ. შედგება თითქმის მთლიანად აირებისგან, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან. პლანეტას მყარი ზედაპირი არ აქვს. იუპიტერის ფოტოებზე სინამდვილეში მისი ღრუბლების ფენები მოჩანს და არა ზედაპირი.

იუპიტერის ღრუბლები ფერადი ლაქების, კაშკაშა და მუქი ზოლების სახით მოჩანს, რაც პლანეტის ამინდის მახასიათებლებზე მიუთითებს. ერთ-ერთი ასეთი ლაქა წარმოადგენს უზარმაზარ შტორმს, რომელსაც დიდ წითელ ლაქას უწოდებენ. ამ შტორმის დიამეტრი დედამიწისაზე ორჯერ და მეტჯერ დიდია და უკვე ასწლეულებია მძვინვარებს.

იუპიტერის სიღრმეში ცხელი, თხევადი ზონაა. პლანეტის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 25 ათას გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.

იუპიტერს გარს აკრავს რგოლების სისტემა, რომელიც ციცქნა ქვებისა და მტვრისგან შედგება, ისინი გაცილებით პატარა და მკრთალია, ვიდრე სატურნის რგოლები.

იუპიტერი მზის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს. ერთი შემოვლისთვის დაახლოებით 12 წელიწადი სჭირდება, ანუ მისი ერთი წელი დედამიწის 12 წელს უდრის.

საკუთარი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას იუპიტერი 12 საათს ანდომებს; სწორედ ამდენ ხანს გრძელდება მისი დღეც.

ამ დროის მონაცემებით, იუპიტერს 79 ბუნებრივი თანამგზავრი აქვს. მათი უმეტესობა ძალიან პატარაა, მაგრამ ოთხი თანამგზავრი საკმაოდ მოზრდილია; ესენი გახლავთ იო, ევროპა, კალისტო და განიმედე. განიმედე უფრო დიდია, ვიდრე პლანეტა მერკური. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ევროპა, განიმედე და კალისტო დაფარულია წყლის ყინულის სქელი ფენებით, რომელთა ქვეშაც თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანეებია. ევროპას ზედაპირიდან წყლის გეიზერებიც იფრქვევა. მეცნიერთა აზრით, მის ზედაპირქვეშა ოკეანეში შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს.

პირველი უპილოტო ხომალდი, სახელად პიონერ 10, იუპიტერისკენ 1970-იან წლებში გაუშვეს. 1980-იან წლებში იუპიტერს გადაუფრინეს ნასას ხომალდებმა, ვოიაჯერ ერთმა და ვოიაჯერ ორმაც. 1995 წელს იუპიტერს მიაღწია ნასას ხომალდმა, სახელად გალილეომ. 2016 წლის ივლისში იუპიტერის ორბიტაზე გავიდა ნასას ხომალდი ჯუნო, რომელიც დღემდე მუშაობს და აქტიურად სწავლობს მზის სისტემის უდიდეს პლანეტას.