სატურნი #კოსმოსი

სატურნი მზის სისტემის მეორე უდიდესი პლანეტაა, იუპიტერის შემდეგ. ცნობილია თავის ულამაზესი რგოლებით. ის მზიდან დაშორების მიხედვით მეექვსე პლანეტაა. მზის გარშემო საშუალოდ 1,4 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.

სატურნი უზარმაზარია. მისი დიამეტრი დაახლოებით 120 600 კილომეტრია. ეს მაჩვენებელი ცხრაჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს. თუმცა, ზომასთან შედარებით, სატურნი საკმაოდ მსუბუქია. წყალში მოთავსება რომ იყოს შესაძლებელი, ის იტივტივებდა.

იუპიტერის მსგავსად, სატურნი მიეკუთვნება პლანეტის ტიპს, რომელსაც გაზის გიგანტს უწოდებენ. შედგება გაზებისგან, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან. ის, რაც ფოტოებზე მყარ ზედაპირს ჰგავს, სინამდვილეში ღრუბლების ფენებია. სატურნის გაზების უზარმაზარი ფენების სიღრმეში შედარებით პატარა, ცხელი, თხევადი ბირთვი იმალება. ცენტრში პლანეტას სავარაუდოდ ცხელი, კლდოვანი ბირთვი აქვს.

სატურნს გარს აკრავს ძალიან თხელი რგოლების სისტემა. ეს რგოლები პლანეტიდან ათასობით კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. ისინი ძირითადად წყლის ყინულისა და მტვრისგან შედგება.

მზის გარშემო ერთ შემოვლას სატურნი დედამიწის 29 წელს ანდომებს, ანუ, სწორედ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი წელიწადი.

სატურნი საკმაოდ სწრაფად ბრუნავს თავის ცენტრის გარშემო. ერთი შემობრუნებისთვის პლანეტას 11 საათზე ნაკლები სჭირდება, ანუ ამდენ ხანს გრძელდება მისი ერთი დღე.

სატურნს მზის სისტემაში ყველაზე ბევრი, 82 ბუნებრივი თანამგზავრი აქვს. მათგან გამოყოფენ რვა მოზრდილ, ძირითად თანამგზავრს, რომელთა შორის უდიდესია ტიტანი. ტიტანს საკმაოდ სქელი ატმოსფერო აქვს და ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც სქელი ატმოსფერო და ღრუბლები აქვს. ტიტანის ზედაპირზე უხვად არის თხევადი ნახშირწყალბადების ტბები, ციდან კი ამ ნივთიერებების წვიმაც მოდის.

სატურნის კიდევ ერთი საინტერესო თანამგზავრია ენცელადი, რომელიც ყინულის სქელი ფენით არის დაფარული. ამ ყინულების ქვეშ თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანეა, რომელშიც მეცნიერთა აზრით, შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოც იყოს.

1970-იანი წლების ბოლოს, პირველად ისტორიაში, სატურნს გადაუფრინეს ამერიკულმა უპილოტო ხომალდებმა — პიონერ 11-მა, ვოიაჯერ-1-მა და ვოიაჯერ-2-მა.

2004 წელს სატურნის ორბიტაზე გავიდა ნასას ხომალდი, სახელად კასინი. პლანეტის თანამგზავრ ტიტანზე მან ევროპის მიერ გატანებული ხომალდი, სახელად ჰიუგენსი ჩაუშვა. ჰიუგენსი პირველი ხომალდი იყო, რომელიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარდა, სხვა რომელიმე პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე დაჯდა. კასინის მისია 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა. ნასამ ხომალდი ისე დააპროგრამა, რომ ის პირდაპირ სატურნის ატმოსფეროში ჩაშვებულიყო და იქ განადგურებულიყო. ხომალდი მალევე დაიწვა, მაგრამ უკანასკნელ წუთებამდე აგზავნიდა მონაცემებს სატურნის ატმოსფეროს შესახებ.