აღმოაჩინეს ვეფხვის ბეწვი, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
აღმოაჩინეს ვეფხვის ბეწვი, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

სუმატრის ვეფხვის სავალალო მდგომარეობის შესახებ მთელ მსოფლიოშია ცნობილი. კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი ეს ვეფხვი ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებზე შემორჩენილი ვეფხვის ერთადერთი სახეობაა.

ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა.

უკვე ათწლეულებია, მეცნიერებს საერთოდ აღარ უნახავთ სუმატრის ვეფხვის ნათესავი, იავის ვეფხვი, არც მისი რაიმე ნიშანი. ეს ვეფხვი ერთ დროს ბინადრობდა ინდონეზიის ყველაზე ხალხმრავალ კუნძულზე. ულმობელი ნადირობისა და ჰაბიტატის დაკარგვის შემდეგ, 2008 წელს, იავის ვეფხვი გადაშენებულად გამოცხადდა.

თუმცა, ამბავი აქ არ სრულდება. 2019 წელს, გადაშენებულად გამოცხადებიდან ათი წლის შემდეგ, როცა მეცნიერებს იმედი გადაეწურათ, ვეფხვის ბეწვი იპოვეს.

18 აგვისტოს, ადგილობრივმა კონსერვაციონისტმა რიპი იანურ ფაიარმა განაცხადა, რომ დასავლეთ იავის ერთ-ერთი სოფლის გარეთ ვეფხვი დაინახა. ამის შესახებ მან მკვლევარ კალიფ რაკსესევუს აცნობა, რომელიც აღნიშნულ სოფელში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად გაემართა.

წყვილმა მიაგნო ნაფეხურებსა და ბრჭყალებით ნაკაწრებს, რომლებიც შეიძლება ვეფხვის მიერ ყოფილიყო დატოვებული. ღობეზე, რომელიც სოფლის გზას პლანტაციისგან ყოფს, ერთ ბეწვსაც მიაგნეს.

2022 წლის მარტში, აღმოჩენა გენეტიკური ანალიზისთვის გადაუგზავნეს ინდონეზიის ბიოლოგიური კვლევების ცენტრს.

შედეგები შეადარეს სუმატრის ვეფხვს და ასევე იავის ვეფხვის 1930 სამუზეუმო ეგზემპლარს. ეს ორი ვეფხვი ერთ ქვესახეობად მიიჩნევა (Panthera tigris sondaica).

ბეწვი სუმატრის ვეფხვის გენეტიკას 97 პროცენტით დაემთხვა. გენეტიკური მანძილი მასა და მუზეუმში დაცულ იავის ვეფხვის ნიმუშს შორის 0,3 პროცენტი იყო.

„ყოვლისმომცველი mtDNA ანალიზების საფუძველზე ვასკვნით, რომ სამხრეთ სუკაბუმში აღმოჩენილი ბეწვის ნიმუში იავის ვეფხვს ეკუთვნის და ის იმავე ჯგუფში თავსდება, რომელსაც 1930 წელს დაჭერილი იავის ვეფხვის სამუზეუმო ნიმუში. კიდევ არსებობს თუ არა ველურ ბუნებაში იავის ვეფხვი, შემდეგი გენეტიკური ანალიზებით უნდა დადასტურდეს“, — წერენ მკვლევრები.

თუ ამ ვეფხვის პოპულაცია მართლაც არსებობს, არცერთ ვარიანტში ის დიდი არ იქნება და საჭირო იქნება დაცვა.

საუკუნეების წინ, იავის ვეფხვი ფართოდ იყო გავრცელებული იავის ტყეებსა და ბამბუკის ტევრებში. თუმცა, დღეს იავა მსოფლიოში ყველაზე მეტად დასახლებული კუნძულია, სადაც თავს იყრის ინდონეზიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ადამიანთა საჭიროებების გამო, ამ ვეფხვის გავრცელების არეალი ძირითადად განადგურდა, ძირითადად სოფლის მეურნეობისა და მშენებლობებისათვის.

რადგან ფერმებმა ტყეების ადგილი დაიკავა და ვეფხვის ბუნებრივი მსხვერპლიც შემცირდა, მტაცებელი შინაურ საქონელზე გადაერთო, რის გამოც, მასზე ფერმერები ათწლეულების განმავლობაში ნადირობდნენ.

1970-იანი წლებისთვის, კუნძულ იავის ველური ბუნების ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში დაახლოებით 12 იავის ვეფხვიღა იყო შემორჩენილი. მომდევნო წლებში მათი უმეტესობა გაუჩინარდა.

მას შემდეგ, იავის მოსახლეობა იშვიათად იუწყებოდა ვეფხვის ან მისი ნაკვალევის ნახვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, ზოგიერთი ადგილობრივი ეჭვობდა, რომ მათი საქონელი ვეფხვმა დაგლიჯა.

დასავლეთ იავაზე ვეფხვის ბეწვის აღმოჩენა რაღაც იმედს აჩენს, მაგრამ არც თუ ისე დიდ იმედს ამ ცხოველის მომავლისთვის.

იავაზე ჰაბიტატის განადგურება სწრაფად გრძელდება. ამ დროისათვის, მისი დაბლობის ტყეების მხოლოდ ორ პროცენტზე ნაკლებია შემორჩენილი და ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ მთელი მისი ბიომრავალფეროვნება მალე გაქრება. იავის ლეოპარდი, რომელიც ხშირად ვეფხვში ეშლებათ, ადგილობრივებს მომაკვდავი ტყის უკანასკნელ მცველად მიაჩნიათ.

ვეფხვები იავაზე შეიძლება ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი, მაგრამ ამ სახეობის აღორძინებას ნამდვილად დიდი საკონსერვაციო ძალისხმევა დასჭირდება.

კვლევა ჟურნალ Oryx-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.