სოლომონის კუნძულებზე დააფიქსირეს გიგანტური მღრღნელი, რომლის არსებობაც მხოლოდ ლეგენდებით ვიცოდით — #1tvმეცნიერება
სოლომონის კუნძულებზე დააფიქსირეს გიგანტური მღრღნელი, რომლის არსებობაც მხოლოდ ლეგენდებით ვიცოდით — #1tvმეცნიერება

რომ არა სოლომონის კუნძულების ტყის მცველები, მეცნიერებს შეიძლება ის ვერც ვერასოდეს ენახათ: უჩვეულო ზომის მღრღნელი, რომელიც ხეებზე ბინადრობს და უზარმაზარი, ბასრი კბილებით ქოქოსის კაკლებს შეექცევა.

ზომით დაახლოებით ახალშობილ ბავშვს უტოლდება და ერთ კილოგრამამდე იწონის; წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და იშვიათ მღრღნელს. როგორც ჩანს, მხოლოდ სიბნელეში მოძრაობს.

ამ არსებას კუნძულ ლუპა-ვანგუნუს ადგილობრივი ხალხი ვიკას (Uromys vika) ეძახის; მიუხედავად უჩვეულოდ დიდი ზომისა, წლებია, მეცნიერებს მის შესახებ ადგილობრივი ზაირას საზოგადოებისგან მხოლოდ ამბები ესმოდათ.

როგორც იქნა, მეცნიერებმა ღამის ამ არსებას 95 ფოტო გადაუღეს.

„ვანგუნუს გიგანტური ვირთხისთვის პირველი ფოტოების გადაღება უკიდურესად კარგი ამბავია, რადგან ამ სახეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. სურათებზე ჩანს ზაირას ტყეების ბინადარი ვანგუნუს გიგანტური ვირთხა. ეს მიწა ამ სახეობის გავრცელების უკანასკნელი რეგიონია“, — ამბობს მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარი ტირონ ლავერი.

ვანგუნუს ვირთხა

კუნძულ ვანგუნუს ზაირას ტყეში, ამ არსების ძებნა წლებია მომდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ. მეცნიერებმა მხოლოდ ინვაზიური შავი ვირთხები იპოვეს.

2017 წელს, როდესაც ხე-ტყის გადამამუშავებელმა კომპანიამ ტყეში დიდი ხე მოჭრა, უცნაური არსების სხეული შენიშნეს, რომელიც ხის დაცემის შედეგად გაჭყლეტილიყო.

აღმოჩნდა, რომ ეს ლეგენდარული ვიკა გახლდათ. მისი არსებობა სამეცნიერო საზოგადოებისთვის სწორედ მაშინ დადასტურდა პირველად. ის სოლომონის კუნძულებზე ბოლო 80 წელიწადში აღწერილი პირველი მღრღნელის სახეობა იყო.

სტრატეგიულ ადგილებში დაყენებულ ფოტოხაფანგებს კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა, რათა ვიკა გადაეღო — ეს ვიკას ერთადერთი სურათი იყო. მღრღნელი ტყეში, მიწაზე დაიარებოდა.

ლავერიმ და მისმა ჯგუფმა ამ არსებათა იდენტიფიცირებისთვის ადგილობრივი დოკოსოს, სუგილისა და ტოვოამაის ტომების სიღრმისეული ცოდნა გამოიყენა. ეს ტომები კუნძულ ლუპა-ვანგუნუს ტყეების ტრადიციული მცველები არიან.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ვიდეოში სულ მცირე ოთხი ინდივიდია აღბეჭდილი, მათ შორის, ერთი მამრი და ორი მდედრი.

უცნობია, სულ რამდენი ინდივიდი ბინადრობს კუნძულზე, მაგრამ ეს სახეობა კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფად მიიჩნევა.

„კუნძულ ვანგუნუს უკანასკნელი ტყეები საფრთხეშია; ზაირას საზოგადოება მის დასაცავად უკვე 16 წელია, იბრძვის. გაცემულია ხე-ტყის გაჩეხის ნებართვები და თუ ასე გაგრძელდა, ეს გიგანტური ვირთხები გარდაუვლად გადაშენდებიან“, — ამბობს ლავერი.

ვიკა სწორედ იმ ხეებზე ბინადრობს, რომლებსაც კომერციული კომპანიები ჩეხენ. მიუხედავად ამისა, 2022 წლის ნოემბერში, სოლომონის კუნძულების მთავრობამ დოკოსოს ტომების მიწაზე ტყის ჩეხის ნებართვა გასცა.

ტომის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. საბოლოო გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს როგორც ვიკას, ისე ამ მიწის ფლორისა და ფაუნის სხვა მრავალი წარმომადგენლის ბედზე.

კვლევა Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.